ამბროსი ხელაია

29 მარტი/20 ოქტომბერი. წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)

წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ. 1896 წელს დაქვრივდა.

მისი მეუღლე კესარია მერჩულე, მშობიარობას გადაყვა, მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებიც გვერდიდან არ მოუშორებია; თან ჰყავდა ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც კი. ასეთი მზრუნველი მამა იყო და შემდგომ… ასეთივე პატრიარქი.

1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა.

არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდად იღვაწა ჭელიშის მონასტრის აღორძინებისთვის. აქ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში „ჭელიშის ოთხთავის“ სახელით ცნობილი. აი, ერთი იმდროინდელი ჩანაწერი: „მამა ამბროსი – სულ წელიწადი არ არის, რაც აქ წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღვთისა და კაცის მოყვარე ადამიანისთვის ეს დროც საკმაო ყოფილა, რომ წრფელი გულით შეეყვარებინა ხალხს. „ღვთის ენა-პირი ასხიაო“, – ამბობდნენ იქაურები. „ჯერ მაგისთანა არავინ მოსულა და არც მაგ დალოცვილისთანა ქადაგება გაგვიგონიაო“.

1904 წელს არქმიანდრიტი ამბროსი თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამისთვის  1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს – ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს.

გადის წლები და ყოველი მისი თხოვნა დაბრუნებაზე უპასუხოდ რჩება. ამასობაში საქართველოში ვრცელდება ხმები, რომ ამბროსი ხელაია მატერიალურად კარგად არის უზრუნველყოფილი და უბრალოდ არ უნდა დაბრუნება. ამაზე გულისტკივილით წერს თავის წერილში: „ჩემი ექსორიანი“: „ზოგიერთნი მთვლიან მე ბედნიერად, რომ მოვშორდი საქართველოს და ვითომ მატერიალურად კარგად მოვეწყვე. ამ წერილის დამწერთ ალბათ ჯერ არ გამოუცდიათ მარტოობა სულისა, – არ გამოუცდიათ ის სიმწვავე, რასაც განიცდის სამშობლოდან გადახვეწილი, თუ კი გადაგვარების გზაზე არ არის დამდგარი და გული შესტკივა სამშობლოს მდგომარეობაზე“.

1917 წელს წმიდანი საქართველოში ბრუნდება. მას ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხებენ. 1921 წლის 14 ოქტომბერს მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

საქართველოს გასაბჭოებიდან რამდენიმე თვეა გასული. ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის გამო იგი აგზავნის დოკუმენტებს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში – უშედეგოდ. 1922 წელს აგზავნის მოწოდებას გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე. „ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას“, – ამბობს კათოლიკოსი მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვს.

კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიური აღდგენის საშუალებით გამოიძებნა. სინამდვილეში ის მიზნად ისახავდა, დაებრუნებინა ნედლეულით მდიდარი რუსეთი საერთაშორისო ბაზარზე, ასევე საბჭოთა რუსეთის მთავრობისთვის მოეთხოვა მეფის რუსეთის ვალები. ამიტომ საქართველოს გამო ისინი რუსეთს არ დაუპირისპირდნენ. პატრიარქის მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა. გაძლიერდა მისი დევნა.

კათოლიკოს-პატრიარქსა და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრს აპატიმრებენ. ბრალდება ოთხია: კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, ეკლესია-მონასტრებში დაცული საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის (რომელიც დღევანდელი მთავრობის სასახლის ტერიტორიაზე იყო) კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წამომადგენლის გამოუცხადებლობა.

გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს სასამართლო სხდომების ოქმებიდან:

თავმჯდომარე: მემორანდუმში ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს და ურიგებენ სხვა ერებს. დამისახელეთ, რა წაართვეს ხალხს და ვის რა გადასცეს!

ამბროსი: არამც თუ მიწა-წყალი, ხალხიც გადაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როცა მოიტანთ საქართველოს რუქას. თუ ასეთი გზით დამტკიცება და სასამართლოს შეხედულებით საჭირო არ არის – მაშინ გავჩუმდები.

პროკურორი ოკუჯავა: დამისახელეთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

ამბროსი: ინტერვენციით.

პროკურორი მაჭავარიანი: რელიგიურია, თუ როგორი თქვენ მიერ გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი?

ამბროსი: რელიგიური. და თუ პოლიტიკური მიმართულება მიიღო, ეს გამოწვეულია არსებული მდგომარეობით.

პროკურორი მაჭავარიანი: ტერიტორიის საკითხის შესახებ პოლიტიკურია თუ რელიგიური?

ამბროსი: პოლიტიკურიც და რელიგიურიც, რადგან ტერიტორიის დაკარგვა დაკარგვაა ეკლესიისათვის.

პარალელურად გაზეთებში თითქმის ყოველდღე შუქდება სასამართლო პროცესი სათაურით „კათალიკოს ამბროსის და მისი „ძმების“ (ბრჭყალებში) გასამართლება“. სადაც არაერთხელაა აღნიშნული: „ბრალდებულთა შემოყვანის დროს დარბაზში გაისმის ხმები: „ძირს ამბროსი“, „ძირს კონტრრევოლუცია“, „ზიზღი ამბროსის“.

სხდომები წყდება, რადგან მუშა-მოსამსახურეები იყრიან თავს გარეთ და გაიძახიან: მოგვეცით, ჩვენ გავასამართლებთ მუშათა კლასის მოღალატეებსო. იწერება კადნიერი ლექსები, სტატიები. მაგ. „ბრალდებულნი თავს დამნაშავედ არ ცნობას, ტყუილს, ინსინუაციებს, ისინი ხომ მოვაჭრენი არიან სიმართლით, და სინდისით“. როდესაც პატრიარქი ტოვებს სასამართლო შენობას, საგანგებოდ მოწვეული კომკავშირელები მას კვერცხებს ესვრიან.

და ყოველივე ამის შემდეგ კათალიკოსი ამბობს საბოლოო სიტყვას სასამართლოზე, სადაც ნიშანწყალიც არ ჩანს ნანახი უმადურობისა. პირიქით, ესაა სიტყვები ერის პატრიარქისა, რომელიც სიკვდილის საშიშროების წინაშეც იბრძვის, ზრუნავს და უყვარს:

„ნუთუ ჩემი გამოსვლის წინააღმდეგი იქნება ქართველი ერის მშრომელთა უმრავლესობა, რომლის ინტერესებისათვის მინდოდა შემეწირა ჩემი თავი და ჩემი პირადი ინტერესები და კიდევაც შევწირე. არა, არ დავიჯერებ…“ და კვლავ: „გლეხობა, რომლის წინაპრების სისხლით მორწყული და ძვლებით გაპოხიერებულია სამშობლოს ველ-მინდვრები, ეს გლეხობა, მწამს, მუდამ იქნება თავისი სამშობლოს მოსიყვარულე და მისი თავისუფლების იდეის დამცველს არასოდეს არ შეიძულებს და არც გადაეკიდება“.

აი, კიდევ რამდენიმე ამონარიდი მისი საბოლოო სიტყვიდან ძირითად ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც ეკლესიური აზროვნების ერთგვარ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს: „ჩვენ, ღვთისმსახურნი, ქრისტიანულ სწავლა-მოძღვრების მიხედვით, ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ „ხელმწიფებასა მას უმთავრესსა“ (ლაპარაკია მთავრობაზე), რადგან ხელმწიფებასა შინა მყოფნი „მსახურნი ღმრთისანი არიან“, მათთვის უნდა ვილოცოთ და მათთვის არ ვსთქვათ ბოროტი, მაგრამ ბოროტისა არა თქმა იმას არ ნიშნავს, რომ მათ მოქმედებას კრიტიკის თვალით არ შევხედოთ, მათი შეცდომები არ აღვნიშნოთ… თუ ვხედავდი ეროვნული მოსპობის საშიშროებას, მოვალე ვიყავი ხმა ამომეღო“.

საეკლესიო განძის დამალვის ბრალდებაზე წერს: „მე ვმსახურებდი სოხუმში და ნივთების დამალვა მოხდა უჩემოდ… მაგრამ მართლაც რომ ვყოფილიყავი დამალვის მონაწილე, მაშინაც ვერ ჩავთვლიდი ჩემს თავს დამნაშავედ, ვინაიდან სამღვდელოება მოვალე იყო, ეზრუნა ეკლესიის ქონების დაცვისათვის და უხსოვარი დროიდან არეულობის და მტრების შემოსევის დროს მიმართავდნენ ამ საშუალებას“.

„თქვენი წინადადება (ლაპარაკია ეკლესიის კომკავშირისთვის გადაცემაზე) ჩვენთვის მიუღებელი იყო, ვინაითგან ამის მიღებით ჩვენ გავხდებოდით ღვთის დადგენილებისა და სარწმუნოების მოღალატენი. ეს არის და ეს“.

დაბოლოს: „როგორც ჩვენ წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში.

ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, – იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი – იყოს ნება ღვთისა! – და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: „ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა“ (ლუკ. 23, 28).

არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის განაჩენი ითვალიწინებს სიკვდილით დასჯას, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო უსჯიან თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.

ციხეში ყოფნისას მის შვილებს რამდენჯერმე მიეცათ მამის მონახულების საშუალება. ისინი იგონებდნენ, რომ კათოლიკოსი ხვდებოდა მათ ყოველთვის მხნედ და მშვიდად, თითქოს არაფერი აწუხებდა. თუ რამდენად მძიმე იყო პატიმრობის პერიოდი, იქიდანაც ჩანს, რომ მას მოსთხოვეს, თავისი ნებით გადამდგარიყო პატრიარქობიდან, რაზედ უარი თქვა. ამის შემდეგ მის ფიზიკურ უძლურებაზე ლაპარაკი, ალბათ, არ ღირს.

1924 წლის ბოლოს გამოცემული ამინისტიით კათოლიკოსს სასჯელს უხსნიან.

როგორც მისი შვილიშვილი, ქალბატონი ანა კლდიაშვილი მოგვითხრობს, ერთ დღეს ბებიამისს (კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსის ქალიშვილს) მეზობელმა ბიჭმა ამბავი მოუტანა, კათოლიკოსი მეტეხის ხიდზე გადმოდისო, ეს ამბავი ისე სწრაფად მოედო ქალაქს, რომ როცა კათოლიკოსი სიონში მივიდა, ტაძარი უკვე მრევლით სავსე დახვდა. შევიდა თუ არა სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო. მაშინ აღმოხდა თურმე სიხარულით „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებს“.

შემორჩენილია ქადაგებები, რომლებიც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ წარმოთქვა. თავის პირველ ქადაგებაში ორი წლის განშორების შემდეგ მან მადლობა გადაუხადა მრევლს იმ თანაგრძნობისათვის, რასაც გრძნობდა მათგან ამ მძიმე პერიოდში და თქვა: „ეს იყო შედეგი არა ჩემი ღირსებისა, არამედ იმისა, რომ თქვენ გიყვართ დედა ეკლესია და აფასებთ იმ ხარისხს, რომლის სატარებლად აირჩიეთ ჩემი უღირსება… რწმენის საქმეებში არ ემსგავსეთ ლერწამს, რომელიც მუდამ ქანაობს და გადაიხრება  იქითკენ, საითკენაც ქრის ქარი, არამედ ხართ მტკიცენი და ურყევნი. ეს არის ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო“. მისი მამობრივი ზრუნვა მრევლზე განსაკუთრებული ძალით ჩანს ამავე ქადაგებაში. ის ამბობს, რომ სანამ თავის მოვალეობას შეუდგება, სურს გაეცნოს, რა მდგომარეობაა ჩვენს ეკლესიაში. ალბათ გაგიკვირდებათ, ხომ ისედაც ცნობილია, რომ ეკლესია-მონასტრები დაქცეულია და გაპარტახებულიო. მაგრამ, ეკლესიაში გულისხმობდა თვითონ მათ და მათ გულებს. როგორც შემდეგ ამბობს, ეს ეკლესია მას ახლა უფრო მშვენიერი ეჩვენა, ვიდრე მანამდე.

კათოლიკოსი ამბროსი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.

1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.

სულ რამდენიმე ნივთი გადარჩა წმიდა პატრიარქის ცხოვრებიდან (მისი სოხუმის სახლი ამ რამდენიმე წლის წინ დაიბომბა და დაინგრა); ესენია: ჭიქები, ციხეში ნაჩუქარი წიგნის საჭრელი დანა, რამდენიმე ფოტოსურათი.

არის კიდევ სასამართლოზე წაკითხული საბოლოო სიტყვის ხელნაწერი, არაჩვეულებრივი ქადაგებები და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნაშრომები, რომელთა დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელია.

მაგრამ არსებობს ყოველივე ამაზე ბევრად უფრო ძვირფასი. ეს არის სული ადამიანისა, რომელმაც დაიმკვიდრა ადგილი მასთან, ვისთანაც იყო ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც. ერთხელ უთქვამს: „მორწმუნე გული ყოლველთვის გრძნობს ქრისტეს სიახლოვეს და მას ატარებს თავის არსებაში“. ერთი სიტყვით, არსებობს სული ღვთისმოყვარე პატრიარქისა – ახალი წმიდანისა წმიდანთა დასში.

მარინე ხოსიტაშვილი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 12 (166), 2002 წ.