Categories
წმინდანთა ცხოვრება

25 დეკემბერი. წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი (დაახ. 348)

ტროპარი

პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი შენ მბრძოლად ძლიერად, საკვირველთმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ მამაო ჩუენო, მკუდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხმა-გიყო შენ, რამეთუ გველი ოქროდ შესცვალე, და ლოცვათა შენთა ანგელოზნი გაქუნდეს თანაშემწედ და თანამწირველად შენ, ყოვლადსამღდელოო; დიდებაი, რომელმან გადიდა შენ, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა!

კონდაკი

სურვილითა ქრისტესითა იღუაწე, ყოვლადსამღდელოო, გონებაი ფრთოვან-ჰყავ და ბრწყინვალებითა საღმრთოითა ხილულისა საქმითა უხილავნი საქმენი ჰპოვენ, ღმრთივსულიერო, რამეთუ მსხვერპლ შეწირულ ღმრთისა იქმენ და კადნიერად მეოხ ხარ ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა სპირიდონი III საუკუნის ბოლოს დაიბადა კუნძულ კვიპროსზე. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ. სპირიდონი მწყემსი იყო და ცოლ-შვილი ჰყავდა. იგი წმიდა და ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა – იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას 306-337 წ.წ.) სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მას ეპისკოპოსობაშიც არ შეუცვლია ცხოვრების წესი, ძველებურად მწყემსავდა პირუტყვს და კვლავ მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვები დაიჭირა, რაც მოსახლეობას შიმშილობას უქადდა. წმიდა სპირიდონმა, წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად, ლოცვით მოიყვანა წვიმა, რომელიც შემდგომ მხოლოდ მისი ლოცვითვე შეწყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერის ცოდვის გამო კვლავ შიმშილობა ჩამოვარდა, რამაც პურის ვაჭრების სიხარული გამოიწვია, რადგან მათ პურის მაღალ ფასებში გაყიდვა შეეძლოთ.

იმ დროს ტრიმიფუნტში ერთი ძალზე ძუნწი პურით მოვაჭრე ცხოვრობდა, რომელმაც სხვა ქვეყნებში დიდძალი პური შეიძინა, გემებით მშობლიურ ქალაქში ჩამოიტანა, ბეღლებში შეინახა და პურის კიდევ უფრო გაძვირებას დაელოდა. მან პურის გაყიდვა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.

ამ დროს მასთან ერთი ღარიბი კაცი მივიდა პურის სათხოვნელად, რათა ის და მისი ცოლ-შვილი შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ხარბი ვაჭარი კი უფულოდ არაფერს იძლეოდა. ღარიბმა წმიდა სპირიდონს მიმართა. ეპისკოპოსმა იგი დაამშვიდა და უთხრა: ნუ ტირი, სახლში წადი, სულიწმიდამ მაუწყა, რომ ის ვაჭარი მალე თვითონ მოგადგება პურის სათხოვნელადო. მართლაც, იმავე ღამეს საშინელი წვიმა წამოვიდა, ნიაღვარმა ბეღლებიდან პური ქალაქის ქუჩებში გაიტანა და იქ ღარიბმა ხალხმა მისი შეგროვება დაიწყო. პურის ვაჭარი კი თავისი სახლეულით ქუჩაში დარბოდა და ხალხს ევედრებოდა, დახმარებოდნენ, რათა ღატაკად არ ქცეულიყო. ბოლოს იგი იმ ღარიბ კაცსაც მიადგა, რომელსაც დახმარების ხელი არ გაუწოდა და პური სთხოვა. თუმცა ამ შემთხვევამ ჭკუა ვერ ასწავლა – მას სხვა ბეღლებიც ჰქონდა.

ერთხელ მასთან ერთი მიწათმოქმედი მივიდა პურის სასესხებლად იმ პირობით, რომ მოსავლის აღების დროს ჩაასესხებდა. ვაჭარმა ფული მოსთხოვა. მიწათმოქმედი ატირებული მიადგა წმიდა სპირიდონს, რომელმაც იგი დაამშვიდა და სახლში გაგზავნა. მეორე დილას კი მთელი ზოდი ოქრო თავად მიუტანა და უთხრა: „წაუღე ეს ოქრო ვაჭარს და გამოართვი იმდენი პური, რამდენიც გსურს, ხოლო რაცა მოსავალს აიღებ, პური ჩაასესხე და ოქრო უკან მოიტანეო“. როდესაც მიწათმოქმედმა მას ოქრო დაუბრუნა, წმიდა სპირიდონმა მიუგო: „წავიდეთ, ძმაო, და ეს ოქრო კვლავ მას დავუბრუნოთ, ვინ იგი გვიბოძა“. ისინი ბაღში შევიდნენ. წმიდანმა ოქრო მიწაზე დადო და ილოცა: „უფალო ჩემო, იესო ქრისტე, რომელმან ყოველივე შენი ნებით ქმენ, რომელმან ფარაონის თვალწინ მოსეს კვერთხი გველად აქციე, ინებე, რათა ეს ოქრო ისევ იმ ცხოველად იქცეს, რომელიც შენ ოქროდ გარდაჰქმენ“. ამ სიტყვებზე ზოდი შეინძრა და გველად იქცა, რომელიც სწრაფად გასრიალდა. ამის შემხედვარე მიწათმოქმედმა კანკალი დაიწყო, მიწაზე დაეცა და იძახდა: მე ამ სასწაულის ხილვის ღირსი არა ვარო.

ერთხელ წმიდანთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მკლავებზე მკვდარი ჩვილი ესვენა და შემწეობა სთხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა.

ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთ მეგობარს უსამართლოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად მან ქრისტეს სახელით შეაჩერა კალაპოტიდან გამოვარდნილი მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაულის შესახებ, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარი გაათავისუფლა.

წმიდანის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაცაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როდესაც წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, მას და დიაკონს დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისა თანა.“ შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალე!“ ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა.

წმიდა სპირიდონს ადამიანთა ცოდვების ხილვაც შეეძლო. ერთხელ მან უარი უთხრა ცოდვილ ქალს, რომელსაც სურდა, მისთვის, როგორც სტუმრისათვის, ფეხები დაებანა. და შემდეგ, როდესაც სიყვარულით ამხილა იგი, დედაკაცმა მოინანია ცოდვები და წყლის ნაცვლად ცრემლით დაბანა ფეხები წმიდა მღვდელმთავარს.

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი – ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერელი – სტუმართმოყვარეობით მას პატრიარქ აბრაამს ადარებს. სოზომენი კი თავის საეკლესიო ისტორიაში წერს: დიდი მარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა წმიდა სპირიდონის სახლს მწირი მოადგა. მეუფემ ასულს მიმართა: „სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე“. მარხვის გამო საკვები მომარაგებული არ იყო, რადგან მღვდელმთავარი საზრდელს მხოლოდ გარკვეულ დღეებში იღებდა, ამიტომაც ქალიშვილმა მიუგო, არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მიუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძებზე უარი თქვა; მასპინძელმა მიუგო: „მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: „რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის“ (ტიტე 1, 15).

წმიდა სპირიდონს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისათვის დაერიგებინა, ნაწილი კი სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ ხელს გაიშვერდა ხოლმე ბეღელისაკენ, საიდანაც ვისაც რამდენი უნდოდა, იმდენს იღებდა, ხოლო შემდეგ ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე აბრუნებდა.

ერთხელ ქურდებმა წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განიზრახეს, მაგრამ უჩინარმა ძალამ ისინი იქვე შებოჭა. დილით მეუფე ფარასთან მივიდა, გაკოჭილი ავაზაკები იხილა, ლოცვის ძალით გაათავისუფლა ისინი და დიდხანს შეაგონებდა, დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით ეშოვნათ. ბოლოს უძილო ღამისათვის ორივეს თითო ცხვარი აჩუქა.

წმიდა სპირიდონი მონაწილე იყო 325 წელს ნიკეაში გამართული პირველი მსოფლიო კრებისა, რომელზეც არიოზის ცრუსწავლება დაიგმო. კრების დაწყებამდე ეპისკოპოსები ხშირად იკრიბებოდნენ და არიოზს მწვალებლობის დაგმობისკენ მოუწოდებდნენ ხოლმე; მათ შორის იყო ერთი ფილოსოფოსი, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. მასთან პაექრობაში წმიდა სპირიდონიც ჩაერთო, რომლის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახვა კაცობრივი ამაობრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე. „მისმინე, ფილოსოფოსო, – მიუგო წმიდა სპირიდონმა, – რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისაგან შექმნა ცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა ჩვენი ხსნისათვის და შემდეგ აღდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა კაცთა მთელი მოდგმა; გვწამს, რომ იგი ერთარსი და თანასწორია მამისა“. ამ სიტყვების შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობარს უთხრა: „ვიდრე არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლურ იქმნა, რადგან ადამიანს არ ძალუძს წინ აღუდგეს ღმერთს. თუ რომელიმე თქვენგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი პირითაც თვით უფალი მეტყველებდა“.

კრების მსვლელობისას წმიდა სპირიდონმა უფრო დიდი სასწაული მოახდინა. იმისათვის, რომ თვალნათლივ, მაგალითის სახით ეჩვენებინა მოწინააღმგებისათვის (არიანელთათვის), თუ როგორაა ყოვლადწმიდა სამება ერთიც და სამიც, ანუ სამპიროვანი და ერთარსი, ნეტარმა მღვდელმთავარმა აიღო აგური, ხელი მოუჭირა და ყველამ დაინახა, როგორ ავარდა აგურიდან მაღლა ცეცხლი, ხოლო წყალი ქვემოთ ჩამოიღვარა, აგური კი უცვლელი დარჩა. „აქ სამი სტიქიაა (ცეცხლი, წყალი და თიხა), აგური კი ერთია; ასევე ყოვლადწმიდა სამებაც – სამი პირი და ერთი ბუნება, – განუცხადა მოწინააღმდეგეებს სპირიდონმა.

კრების დამთავრებისთანავე, სხვა მღვდელმთავრების მსგავსად, წმიდა სპირიდონმაც საკუთარ ქალაქს მიაშურა. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მისი ქალიშვილი ირინე, რომელმაც თავისი სიყმაწვილე უბიწო და ღვთივსათნო ცხოვრებაში გაატარა. ირინეს დაკრძალვამდე წმიდა სპირიდონთან ერთი დედაკაცი მივიდა და შესჩივლა: თქვენს ასულს ოქროს სამკაული ჩავაბარე შესანახად და ახლა მას ვიღა დამიბრუნებსო. მეუფემ მთელ სახლში ეძება სამკაული, მაგრამ ვერსად მიაგნო. მაშინ იგი მივიდა განსვენებულთან და უთხრა: „შვილო, ირინე, სად არის ამ დედაკაცის მიერ მობარებული სამკაული?“ ქალიშვილი თითქოს ძილიდან გამოერკვაო, ალაპარაკდა და დაასახელა ის ადგილი, სადაც სამკაული ინახებოდა. შემდეგ წმიდა სპირიდონმა მიუგო: „ახლა კი იძინე, შვილო, ვიდრე უფალი მეორედ მოსვლის ჟამს არ გამოგაღვიძებს“. ამის მხილველნი განცვიფრდნენ, წმიდა სპირიდონმა კი სამკაული მოძებნა და დედაკაცს გადასცა.

იმპერატორ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძე, კონსტანცი ავიდა (337-361 წ.წ.). ერთხელ ანტიოქიაში ყოფნისას იგი მძიმე სენმა შეიპყრო. ექიმებმა ვერაფერი იღონეს მეფის განსაკურნებლად, რის გამოც მან ისინი დაითხოვა და საშველად უფალს მიმართა. ღამით მან სიზმარში ანგელოზი იხილა, რომელმაც მღვდელმთავართა მთელი გუნდი წარუდგინა, შემდეგ ორ მათგანზე მიუთითა და უთხრა, რომ მისი განკურნება მხოლოდ მათ შეეძლოთ. მათგან ერთ-ერთი ჯერ ეპისკოპოსი არც იყო. მეფემ ახლომახლო ოლქების ყველა ეპისკოპოსი შეაკრებინა, მაგრამ მათ შორის ხილვისას ანგელოზის მიერ დასახელებულნი არ იყვნენ. ისინი არც ხელმეორე შეკრებაზე ჩანდნენ. მაშინ იმპერატორმა მთელი იმპერიის ეპისკოპოსთა შეკრება ითხოვა. როცა ტრიმიფუნტში მეფის ბრძანებამ ჩააღწია, წმიდა სპირიდონს უფლისაგან უკვე ყოველივე ნაუწყები ჰქონდა. მან წაიყვანა თავისი მოწაფე ტრიფილი (შემდგომში ლევკუსიის ეპისკოპოსი, ხსენება 13 ივნისს) და ანტიოქიაში ჩავიდა. სპირიდონს ფინიკის კვერთხი ეჭირა და იმდენად უბრალოდ ეცვა, რომ სასახლის კარისკაცმა იგი შენობაში არ შეუშვა, მეტიც, ხელიც კი გაარტყა. წმიდანი მაცხოვრის შეგონების მიხედვით მოიქცა და მეორე ლოყაც მიუშვირა. კარისკაცი მიხვდა, რომ მის წინაშე ეპისკოპოსი იდგა, შეიგნო საკუთარი შეცოდებაც და შენდობა ითხოვა.

მეფემ შესვლისთანავე იცნო ხილვაში ნანახი ეპისკოპოსი და მისი მოწაფე. მიუახლოვდა, დაუჩოქა და ტირილით სთხოვა კურნება. მღვდელმთავარმა თავზე ხელი შეახო თუ არა, კონსტანცი მეყსეულად განიკურნა. იმპერატორის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მთელი დღე მან წმიდა სპირიდონთან გაატარა, რომლისაგან მრავალი საჭირო დარიგება მიიღო – როგორც მონარქმა და როგორც უბრალო მოკვდავმა. ამასთან, წმიდანმა შეაგონა მეფე, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო არაფერი ჩაედინა (ცნობილია, რომ კონსტანცი მანამდე არიანელებს თანაუგრძნობდა) . იმპერატორს სურდა, უხვად დაეჯილდოვებინა წმიდა სპირიდონი, მაგრამ მან მიუგო: „არ ეგების სიყვარულის საზღაური სიძულვილით იქნას გადახდილი, რამეთუ ის, რაც მე მოვიმოქმედე, სიყვარულია, ხოლო ოქრო კი ყოველგვარი სიავისა და სიძულვილის წყაროა“.

მხოლოდ მეფის უკიდურესი დაჟინების შემდეგ დათანხმდა წმიდა მამა ოქროს აღებას, მაგრამ ის მაშინვე უპოვართ დაურიგა. წმიდა სპირიდონის დარიგების თანახმად, იმპერატორმა მღვდლები, დიაკვნები და სხვა საეკლესიო მსახურები გადასახადებისაგან გაათავისუფლა.

წმიდა მღვდელმთავარი ზოგჯერ სიმკაცრესაც იჩენდა. განსაკუთრებით ამპარტავნებისა და ცუდმედიდების მიმართ. ერთხელ იგი ქალაქ ერითრას ტაძარში შევიდა და იქ მყოფ ერთ-ერთ დიაკონს მოკლე ლოცვის აღსრულება სთხოვა. მკის ჟამი იყო და ძალზე ცხელოდა. გარდა ამისა, მეუფე მგზავრობით იყო დაღლილი, დიაკონმა კი საკუთარი ხმისა და გალობის უნარის წარმოჩინების მიზნით განგებ გააგრძელა ლოცვა. მაშინ წმიდა სპირიდონმა მკაცრად შეხედა დიაკონს და უბრძანა, დადუმებულიყო. დიაკონი იმავე წუთს დამუნჯდა. ყველას შიშის ზარი დაეცა. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო და ყველა სასწაულის სანახავად გამოეშურა. დიაკონი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა სპირიდონს და ხელებით ანიშნა, მისთვის მეტყველების უნარი დაებრუნებინა. იგივეს ევედრებოდნენ წმიდა მღვდელმთავარს დიაკვნის ახლობლები და მეგობრებიც. ბოლოს მეუფემ დიაკონს დაუბრუნა მეტყველება, მაგრამ იგი სამუდამოდ ენაბრგვილი დარჩა და ხმაც დაუსუსტდა, რათა შემდგომში კვლავ არ ეამპარტავნა თავისი ნიჭით.

ალექსანდრიის პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრება მოიწვია, რათა ერთობლივი ლოცვით დაემხოთ ქალაქში ჯერ კიდევ მრავლად არსებული წარმართული კერპები. მღვდელმთავართა ლოცვით მართლაც ყველა კერპი დაინგრა, გარდა ერთისა, რომელიც წარმართთა შორის განსაკუთრებით პატივდებული იყო. პატრიარქი ბევრს ლოცულობდა და უფალს კერპის შემუსვრას სთხოვდა. ერთ ღამესაც მას ხილვა ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, რომ სპირიდონ ტრიმიფუნტელი უნდა მოეწვია. როდესაც წმიდა სპირიდონს ამის თაობაზე აცნობეს, იგი გემით გაემგზავრა ალექსანდრიისაკენ. როგორც კი ხომალდიდან გადმოვიდა და მიწას ფეხი დაადგა, კერპი მაშინვე დაინგრა. როდესაც ამის შესახებ პატრიარქს შეატყობინეს, მან წამოიძახა: „მეგობრებო, სპირიდონ ტრიმიფუნტელი გვიახლოვდება“.

მთელი ქალაქი სიხარულით შეეგება წმიდა საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეს წმიდა სპირიდონი სამკალად წავიდა. პაპანაქება სიცხეში მკის დროს ყველამ დაინახა, როგორ დაეშვა ზეციდან ცვრის ღრუბელი და წმიდანს თავზე დაადგა. შემდგომ მას თმის ნაწილი გაუყვითლდა, ნაწილი გაუშავდა და ნაწილი გაუთეთრდა. მეუფემ თავზე ხელი გადაისვა, უკანასკნელად დამოძღვრა იქ მყოფნი და უთხრა, რომ დადგა მისი სულისა და სხეულის გაყრის დრო. წმიდა სპირიდონი ლოცვით აღესრულა. იგი ტრიმიფუნტის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დაკრძალეს. აქ წმიდანის ნეშტი VII საუკუნემდე განისვენებდა. შემდეგ იგი არაბების თავდასხმის გამო კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, რომლის დაცემის შემდგომ, 1453 წლის 29 მაისს მღვდელმა გიორგი კალოხერეტმა წმიდანის ნეშტი ჯერ სერბიაში წააბრძანა, ხოლო იქიდან 1460 წელს კუნძულ კორფუზე წაასვენა, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში. წმიდანის მარჯვენა ხელი რომშია დაცული.

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა

თბილისი, 2004 წელი

 

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა საკვირველთმოქმედისა მამისა ჩუენისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისა

Categories
წმინდანთა ცხოვრება

24 დეკემბერი. ხსენება ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა

ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია. არავინ იცის, რამდენმა მოიბანა მიწიერი მწიკვლი ქრისტესთვის თავდადებით უსჯულოებთან ბრძოლისას, რამდენმა განიწმიდა სული მონასტრის ცივ კელიებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭედდნენ საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს.

„რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი“, – სარწმუნოებრივ-ეროვნული თვითშეგნებით ბრძანა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელმა თავის დროზე.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაჲთგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ – მოწამე არს ჭეშმარიტება“, – ვკითხულობთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში და ეს იყო ყოველი ქართველის ცხოვრების ქვაკუთხედი.

შეუძლებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიიდან ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ამაღლებულ ქრისტიანთა ჩამოთვლა, და, მით უმეტეს, შეუძლებელია მათი ღვაწლის აღწერა: „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები, ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები“ (აკ. წერეთელი). სწორედ ამ შეუძლებლობის გამო წერია დღევანდელი დღის მოსახსენებელში, რომ „საქართველოში წამებულთა მამათა და დედათა შორის უნდა ვიგულისხმოთ“ და ყველასათვის ცნობილ წმიდათა სახელებს გარდა, ქართული ანბანის მიხედვით ჩამოთვლილია მამათა და დედათა სამასამდე ქართული წარმოშობის სახელი:

– აბელი, აბესალომ, აბუსერ, ავაგი, ავგაროზი, ავთანდილი, ალმასხანი, ამირანი, ამირანდო, ანდუყაფარი, არჯევანი, ასლანი, ასპანი, აფრასიონი, აღბულა, ბაადური, ბადრი, ბაბილა, ბაკური, ბარათა, ბახვა, ბახუტა, ბებური, ბეგლარი, ბედიანი, ბეკო, ბეჟანი, ბერი, ბექა, ქეშქენი, ბეცია, ბირთველი, ბიჭია, ბოცო, გაგა, გარსევანი, გახა, გელა, გემელი, გივი, გოდერძი, გოსტაბაში, გოჩა, გოჯასპირი, გუგუნა, გულბაათი, გურასპი, გურგენი, დარისპანი, დარჩია, დემური, დიასამი, დოლენჯი, დურმიშხანი, ედიშერი, ევდომოსი, ეზრა, ელგუჯა, ერეკლე, ვამეყი, ვამეხი, ვაჟა, ვარაზა, ვარაზვაჩე, ვარამი, ვარდენი ან ვარდანი, ვაჩე, ვახუშტი, ვირშელი, ზაალი, ზაზა, ზაუტა, ზებედე, ზურაბი, თადია, თათე, თარხანი, თაყა, თეიმურაზი, თენგიზი, თორღვა, იაგორი, იაკინთე, იასე, იმედა, იოთამი, იორამი, კახაბერი, კვირია, კიკოლა, ლაშა, ლევანი, ლიპარიტი, ლომინი, ლუხუმი, მალხაზი, მამამზე, მამისა, მამისთვალი, მამუკა, მანუჩარი, მაყა, მახარე, მერაბი, მინდია, მირმანოზი, მურმანი, მურზაყანი, ნავროზი, ნარიმანი, ნინია, ნოდარი, ნოშრევანი, ნუგზარი, ოთარი, ომანი, ონისიმე, ოსე, ოტია, ოქროპირი, პაატა, პაპალა, პაპუნა, რამაზი, რამინი, რატი, როინი, რომანი, როსები, როსტვანი, როსტომი, სავამი, სავლე, სარგისი, სარდიონი, სარიდანი, საურმაგი, სესე, სეხნია, სიაოში, სიდამონი, სულა, სულმამა, სულხანი, სუმბატი, ტარიელი, ტეტია, უფლისა, უშანგი, ფარემუზა, ფარნაოზი, ფარსადანი, ფეშანგი, ფირანი, ფიროზი, ფოცხვერი, ფრიდონი, ქავთარი, ქართლოსი, ქვაბული, ქველი, ქობული, ქუცნა, ღვთისავარი, ღუღუნი, ყარამანი, ყაფლანი, ყაყიტა, ყვარყვარე, შაბურ, შადიმანი, შამადავლე, შანშე, შერმაზანი, შერგილი, შერმადინი, შიაოში, შოთა, შოშიტა, ცისკარა, ცოტნე, წათე, ხარება, ხახუტა, ხოსიტა, ჭოლა, ჯაბა, ჯავახი.

– აგრაფინა, ანუკა, ასკილა, ასმათი, ასპიროზი, ბორენა, გვანცა, გუგულა, გულვარდისა, გულისა, გულნაზი, გულნარა, გულქანა, გულჯავარი, დარეჯანი, დესპინე, ესმა, ვარსკვლავისა, ზეინაბი, თათია, თამთა, თეონა, თინათინი, თმაგიშერა, თუთა, თუთია, კესარია, კრავაი, ლამაზა, ლამარა, ლელა, ლერწმისა, მაგდანი, მაია, მაკა, მანანა, მარგალიტა, მარეხი, მზეთვალა, მზექალა, მზეხა, მზისთანადარი, მნათობი, მნათობისა, მონავარდისა, ნადია, ნარგიზი, ნესტანი, პირიმთვარისა, პირიმზე, როდამი, რუსუდანი, საგდუხტა, ტერეზია, უმანკო, ფატმანი, ფაქიზო, ფაცია, ქაბატო, ქალია, ქურციკი, ცაცო, ცისკარა, ციცინო, ხათუთა, ხვარამზე, ხვაშაქი, ხორეშანი.

ქართველ ქრისტიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ დღეს მოხსენებულ წმიდათა სახელებს ატარებს და მათგან ითხოვს მეოხებას.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

„საქართველოს ეკლესიის კალენდარი“, 2004 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

19 დეკემბერი. წმიდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი და საკვირველთმოქმედი (335).

ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მირონთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახარებაჲ აღასრულე და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან; ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

 

წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მაშინ ეს მხარე რომის იმპერიის კუთვნილება იყო. მძიმე დევნას განიცდიდა ქრისტეს მებრძოლი, ახლადდაარსებული ეკლესია. რომის იმპერატორმა ვალერიანმა, წარმართული ღმერთების ერთგულმა თაყვანისმცემელმა, მთელს იმპერიაში გასცა განკარგულება, რომ ედევნათ ქრისტიანები. დევნას განიცდიდნენ არა მარტო ღვთისმსახურნი, ერის ხალხიც. მათ თავიანთ მწყემსმთავრებთან ერთად აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. სწორედ ამ დროს დაიბადა წმინდა ნიკოლოზი.

მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი.

სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი დამოუკიდებლად იდგა ემბაზში რამდენიმე საათის განმავლობაში.

დედის რძეს კი ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს მიირთმევდა. სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, ტაძარში სიარული და დიდ დროს უთმობდა გულმოდგინე ლოცვებს. მშობლებიც უწყობდნენ ხელს ბიჭს ასეთი ხასიათის ჩამოყალიბებაში. ისინი არა მარტო სახლში, გზაშიც კი არ წყვეტდნენ ნიკოლოზის ქრისტიანულ აღზრდას და მათი სწავლება ისე მტკიცედ გაუჯდა ბავშვს, რომ ბავშვობიდანვე შეიყვარა გლახაკები. არასდროს ისე არ ჩაუვლიდა, სანუგეშო სიტყვა რომ არ ეთქვა და მოწყალება არ მიეცა მათთვის.

ყრმობისას მხოლოდ სახარებისადმი ლტოლვას ამჟღავნებდა, არ ერეოდა ამხანაგთა უაზრო საუბრებსა და გართობებში, სახეზეც კი არ უყურებდა მათ. ამის შემხედვარე ბიძამ, პათარას ეპისკოპოსმა, დაარწმუნა მშობლები, მიეცათ შვილი ღვთის სამსახურში და მათი ნებართვით აიყვანა იგი მღვდლის ხარისხში.

მისი ხელდასხმისას ეპისკოპოსმა ასე მიმართა ხალხს:

– მე ვხედავ ახალ ამომავალ მზეს დედამიწაზე, ტკბილ მანუგეშებელს მწუხარეთა და ტანჯულთათვის. ბედნიერია ის სამწყსო, რომელსაც იგი დამწყემსავს. იგი განამტკიცებს მათ რწმენაში, ასწავლის სათნო და ღვთისმოშიშ ცხოვრებას, იქნება ყველა გაჭირვებულის შემწე.

და მართლაც წმინდა ნიკოლოზმა მთელი თავისი ცხოვრებით აღასრულა ბიძის ეს წინასწარმეტყველური სიტყვები. მას არასდროს შეუწყვეტია ტანჯულთა შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა განმტკიცება, სათნო საქმეების კეთება. მღვდელთმთავრობისას კი უფრო მკაცრ მოსაგრეობას ეწეოდა, იყო განუწყვეტლივ მღვიძარებაში, მკაცრ მარხვასა და ლოცვაში, სულ უფრო მაღლა და მაღლა იწევდა სრულყოფილების საფეხურებზე, სულ უფრო უახლოვდებოდა უსხეულო მდგომარეობას.

ხელდასმიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ ბიძამისი იერუსალიმში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად და თავის ძმისშვილს დაავალა ეპარქიის გამგეობა. წმინდა ნიკოლოზი ამას მთელი პასუხისმგებლობით შეუდგა. ამასობაში მისი მშობლები გარდაიცვალნენ და მას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს. წმინდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მრავალ ადამიანს შეეწია. ყოველივე ამას აკეთებდა უჩუმრად, სხვებისაგან დამალულად.

ერთხელაც ერთმა თვალსაჩინო გვარის წარმომადგენელმა მთელი თავისი ქონება უბედურ გარემოებათა გამო დაკარგა და სიღატაკეში ჩავარდა. მას სამი ქალიშვილი ჰყავდა, სილამაზით გამორჩეულნი. მან გადაწყვიტა ქალიშვილების უბიწოება ლუკმა-პურის საშოვნელად გამოეყენებინა და უკვე მზადაც იყო ამის გასაკეთებლად, რომ შუაღამისას წმინდა ნიკოლოზმა ფანჯრიდან ოქროთი სავსე ქისა შეუგდო.

დილით კაცმა რომ სასთუმალთან ოქროთი სავსე ქისა იპოვა, ტირილი დაიწყო, ღმერთს მადლობა შესწირა, საქმეები გამოასწორა და უფროსი ქალიშვილიც კარგად გამზითვებული გაათხოვა. ეს რომ წმინდა ნიკოლოზმა შეიტყო, გახარებულმა გადაწყვიტა მეორე ქალიშვილის ბედიც ასე მოეწყო. ისევ უჩუმრად შეუგდო კაცს ფანჯრიდან ოქროთი სავსე ქისა.

დილით მოხუცმა ქისა რომ დაინახა, მუხლებზე დაემხო და ღმერთს შეჰღაღადა:

– ღმერთო, რომელმაც საკუთარი სისხლით გამოგვისყიდე, ახლა ჩემი ქალიშვილებიც შეიწყალე, მაჩვენე ის მიწიერი ანგელოზი, რომელმაც გვიხსნა ცოდვისაგან, ცუდი განზრახვისაგან.

მამამ მეორე ქალიშვილიც კარგად გაათხოვა. მერე კი მღვიძარებაში ატარებდა ღამეებს, რადგან გრძნობდა, არც მესამე ქალიშვილს დააკლებდა უცნობი მფარველი თავის წყალობას. ერთ ღამესაც, როცა ნიკოლოზმა კვლავ გააღო ფანჯარა და ქისა შეაგდო ოთახში, მოხუცი გაეკიდა, იცნო ნიკოლოზი, დაემხო მის ფეხებთან და ცრემლებით მმადლობდა. წმინდა ნიკოლოზმა წამოაყენა და მოხუცი და სთხოვა არავისთვის ეთქვა ეს ამბავი.

ამასობაში ბიძამისი დაბრუნდა. წმინდა ნიკოლოზმა ჩააბარა მას ეკლესია, თვითონ კი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების თაყვანსაცემად. გემი ეგვიპტის ნაპირებს რომ მიუახლოვდა, ნიკოლოზმა აუწყა თანამგზავრებს ქარიშხლის მოახლოება. მართლაც მალე დაუბერა ძლიერმა ქარმა, ზღვა აღელდა, ცა ტყვიისფერი ღრუბლებით დაიფარა და ამოვარდა ძლიერი ქარიშხალი. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო გემის დაღუპვა. ყველა წმინდა ნიკოლოზს ევედრებოდა შველას. მაშინ დაემხო წმინდანი მუხლებზე და იწყო გულმოდგინე ვედრება. ქარი უეცრად ჩადგა, ცა განათდა და ზღვაც დაწყნარდა. ყველა განაცვიფრა ნიკოლოზის საკვირველთმოქმედმა ძალამ. მერე ყველამ ერთად მადლობა შესწირა ღმერთს.

ამ დროს მგზავრი, რომელიც შიშისაგან ანძაზე ასულიყო, ჩამოვარდა და ძირს დაენარცხა, მაგრამ წმინდა ნიკოლოზის ლოცვებით ისე აღსდგა, არანაირი ტკივილი არ უგრძვნია.

პალესტინაში წმინდა ნიკოლოზმა მოიარა ყველა წმინდა ადგილი, თაყვანი სცა უფლის საფლავს, გულმხურვალედ ილოცა გოლგოთაზე, უფლის ჯვარცმის ადგილზე. არსებობს გადმოცემა, რომ იერუსალიმის ტაძრის კარები ნიკოლოზის მიახლოებისას თავისთავად გაიღო და იგი დაუბრკოლებლივ შევიდა მასში.

დიდხანს დაჰყო ნიკოლოზმა იერუსალიმში, აღარც აპირებდა პათარაში დარბუნებას, უდაბნოში ფიქრობდა განმარტოებას, მაგრამ ღვთის ნება სულ სხვა იყო და იგიც იძულებული გახდა ეზრუნა სამშობლოში დაბრუნებაზე. შეუთანხმდა კიდევაც ერთი გემის მეზღვაურებს, რომ წაეყვანათ ლუკიაში, მაგრამ მეზღვაურებმა მოატყუეს, ისარგებლეს ზურგის ქარით და გემი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანეს. ამაოდ ემუდარებოდა მათ წმინდანი შეესრულებინათ თავიანთი დაპირება, მაგრამ მათ ყურიც არ ათხოვეს. მაშინ იწყო ნიკოლოზმა ლოცვა. უფალმა ისმინა მისი, ამოვარდა ძლიერი ქარი, შემოატრიალა გემი და ლუკიის ნაპირისკენ გააქანა. დაბნეულ და შეშინებულ მეზღვაურებს სათნო და უბოროტო ნიკოლოზმა არაფერი დაუშავა, საყვედურიც კი არ დასცდენია და მშვიდობიანად გაისტუმრა ისინი.

წმინდა ნიკოლოზი მთელის სულითა და გულით ილტვოდა განმარტოებისაკენ. სამშობლოში ჩასვლის შემდეგაც არ დაბრუნებულა იგი პათარაში. ბიძამისისი დაარსებულ სიონის მონასტერს მიაშურა და ამ სავანეში აპირებდა ლოცვებში გაეტარებინა ცხოვრების დარჩენილი დღეები. სიონის ბერებმა სიხარულით და სიყვარულით მიიღეს სათნო საქმეებით ცნობილი მღვდელი, მაგრამ ღმერთი სულ სხვა რამისთვის ამზადებდა თავის რჩეულს. მას არ სურდა ასეთი მნათობი ვიწრო სენაკში რომ გამოკეტილიყო. ერთ ღამესაც, როცა წმინდა ნიკოლოზი ლოცვაზე იდგა, ესმა ხმა:

– თუ გინდა ჩემგან გვირგვინის მიღება, იღვაწე ადამიანთა ეკლესიური განათლებისათვის.

დააფიქრა ღვთის რჩეული ამ სიტყვებმა. მალე ისევ მოესმა ხმა:

– მონაზვნური განმარტოება, ის გზა არ არის, რომლითაც უნდა მემსახურო. წადი ხალხთან, ადიდე მათში ჩემი სახელი და ამრავლე ქრისტეს საუფლოს წევრთა რიცხვი.

მაშინ გადაწყვიტა ნიკოლოზმა ლუკიის მთავარ ქალაქში, მირონში, მისთვის უცხო ადგილზე წასვლა, რათა იქ ესწავლებინა ხალხისთვის უფლის გზა.

ასე ამზადებდა უფალი თავის რჩეულის გზას უმაღლესი მსახურებისათვის. სწორედ მისი მირონში ჩასვლისას გარდაიცვალა ამ ქალაქის მთავარეპისკოპოსი. ღამით შეიკრიბნენ მღვდელმთავრები ახალი ეპისკოპოსის ასარჩევად. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მათ ლოცვით მიმართეს ღმერთს და შესთხოვეს, გამოეგზავნა მათთვის ღირსეული ადამიანი. ღმერთმაც ისმინა მათი და ერთმა უხუცესმა ეპისკოპოსმა იხილა უჩვეულო ნათლის გარემოსილი კაცი, რომელმაც ამცნო, რომ დამდგარიყო ეკლესიის კართან ღამით და დალოდებოდა პირველ მომსვლელს:

– ვინც პირველი შემოვა ეკლესიაში, – უთხრა ღვთისმოსავმა ეპისკოპოსს, – ის იქნება ღვთის რჩეული. მისი სახელია ნიკოლოზი.

უხუცესმა ეპისკოპოსმა თავისი ხილვა ამცნო სხვებს, დადგა ეკლესიის კართან, სხვები კი ეკლესიაში ელოდნენ ღვთის რჩეულის გამოჩენას. ამ დროს ნიკოლოზმა ჩვეულებისამებრ ღამე ლოცვაში გაატარა და გამთენიისას გაეშურა ეკლესიისაკენ. კართან იგი დადარაჯებულმა ეპისკოპოსმა შეაჩერა და სახელი ჰკითხა. მან მშვიდად ამცნო თავისი სახელი. მაშინ ეპისკოპოსმა შეიყვანა იგი ტაძარში და განუცხადა ღვთის ნება. ეს ამბავი სწრფად მოედო მთელს ქალაქს. ტაძარი გაივსო ხალხით. წმინდანი ჯერ უარზე იყო, მაგრამ მერე დასთმო, რადგან ჯერ კიდევ ტაძარში მისვლამდე იხილა, როგორ უწვდიდა ღვთისმშობელი ომოფორს. მიხვდა, ეს მართლაც უფლის ნება რომ იყო და დასთმო. მაშინ უხუცესმა ეპისკოპოსმა ასე მიმართა ხალხს:

– მიიღეთ მწყემსი, რომელიც გამოირჩია სული წმიდამ და რომელსაც უფალმა უბრძანა ჩვენი სულების მართვა.

ხალხი გახარებული მმადლობდა უფალს, მღვდელმთავრებმა აიყვანეს ნიკოლოზი ეპისკოპოსის ხარისხში.

– ეპისკოპოსმა ცხოვრება სხვაგვარად უნდა წარმართოს. სხვებისათვის უნდა ვიცხოვრო, ჩემთვის კი არა, – ეუბნებოდა თავს და იხსენებდა პავლე მოციქულის სიტყვებს ტიმოთესადმი:

– იყავ ნიმუში ერთგულთათვის სწავლაში, ცხოვრებაში და რწმენაში.

მან შეიცვალა ცხოვრების წესი, გახსნა კარი ყველასთვის და სამაგალითო და მისაბაძი გახდა სამწყსოსათვის თავისი სათნო, ღვთისნიერი ცხოვრებით, გულითადი სიყვარულით ადამიანებისადმი. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, მორჩილი სულით, ყოველგვარი ქედმაღლობა და სიამაყე მისთვის უცხო იყო. ატარებდა სადა ტანსაცმელს, საკვებს მცირედს იღებდა, იკვებებოდა საღამოობით, მხოლოდ ერთხელ, ყველას სიყვარულით ხვდებოდა, ყურადღებით უსმენდა, ხალისით ეხმარებოდა, ანუგეშებდა, დაჩაგრულებს, ქვრივებსა და ობლებს ექომაგებოდა და ეხმარებოდა.

ამასობაში დაიწყო ქრისტიანთა დევნა.

მეოთხე საუკუნის დასაწყისში, ქრისტეს შობიდან 303 წელს, რომის იმპერატორებმა დიოკლეტიანემ და ვალერიმ ბრძანება გასცეს, დაენგრიათ ქრისტიანული ტაძრები, დაეწვათ წიგნები და ქრისტიანთათვის ჩამოერთმიათ სამოქალაქო უფლებანი და თანამდებობანი. ამით კი ეიძულებინათ ისინი, უარეყოთ ქრისტე. ურჩები უნდა დაესაჯათ. დევნა იწყეს დედაქალაქში – ნიკომიდიაში. სწორედ აქ დაწვეს აღდგომის დღეს 20000 ქრისტიანი, თვითონ ტაძარი კი დაანგრიეს. შემდეგ დევნამ გადაინაცვლა რომის იმპერიის სხვა ოლქებში, პროვინციებში. ასე იქცა მთელი მსოფლიო სასაკლაოდ. ყველა ქალაქში იწყეს მოსახლეობის აღწერა და ამ სიის მიხედვით ყველას აიძულებდნენ მსხვერპლი შეეწირათ წარმართთა ღმერთებისათვის. შეუძლებელი იყო გაქცევა. ასე ხმარობდნენ ყოველგვარ ღონეს ქრისტეს რწმენის აღმოსაფხვრელად. ზოგს შოლტებით სცემდნენ, ზოგსაც თავქვე ჰკიდებდნენ, ზოგს გახურებულ ტყვიას ასხამდნენ და ა.შ. დასახიჩრებულ ქრისტიანებს კურნავდნენ და მერე განკურნებულებს კვლავ აწამებდნენ. ასე უნდოდათ აეცილებინათ მათთვის მოწამის გვირგვინი და ეიძულებინათ უარეყოთ ქრისტე.

„მე თვით ვიყავი იმის მოწმე, – წერს ევსევი ჟამთააღმწერელი, – რკინა რომ ბლაგვდებოდა და ტყდებოდა, დაღლილი ჯალათები ცვლიდნენ ერთმანეთს, და მე ვხედავდი ქრისტეს აღმსარებლობის ნამდვილ ღვთიურ ძალას და მხნეობის საოცარ აღმაფერნას. გამოუტანდნენ განაჩენს ერთს და მაშინვე მის ადგილს იკავებდნენ სხვები, აღიარებდნენ ქრისტეს და სულაც არ ფიქრობდნენ იმ სატანჯველზე, რაც მათ ამისთვის ელოდათ“.

სწორედ ამ დროს აძლიერებდა წმინდა ნიკოლოზი თავის სამწყსოს. იგი მფარველი ანგელოზივით ეცხდებოდა ყველა დევნილს, თავისი სათნო სიტყვითა და ნუგეშით ამხნევებდა ყველას. ამისთვის იგი შეიპყრეს და სხვებთან ერთად დილეგში ჩააგდეს. იგი მხნედ იტანდა შიმშილს, წყურვილს, ტანჯვას. საპყრობილეშიც ქადაგებდა ღვთის სიტყვას, გასცემდა მოწყალებას. ანუგეშებდა იქ მყოფთ თავისი საუბრებით, ამტკიცებდა მათ, ასე, რომ საპყრობილეც საქადაგებელ ადგილად აქცია. 8 წელი გრძელდებოდა ასე. დევნა დროდადრო ნელდებოდა, მაგრამ ქრისტეს მდევნელნი ქრისტიანებს რომ აღმოაჩენდნენ, მათი სიძულვილი კვლავ იღვიძებდა და დევნა ძლიერდებოდა.

გავიდა დრო და მდგომარეობა გამოკეთდა. კონსტანტინე დიდმა, რომელიც დიოკლიტიანეს შემდეგ გახდა იმპერატორი, ქრისტიანთა მფარველობა იწყო და თვითონაც ქრისტიანი გახდა. ამის მიზეზი კი იყო ნიშანი ციდან, როცა მან მეტად სახიფათო ბრძოლაში ჩაბმის წინ იხილა, თუ როგორ გამოიხატა ცაზე ცეცხლოვანი ჯვარი და მის ზემოთ წარწერა: „ამით სძლიე“.

მოუხმო ჯარში მყოფ ქრისტიანებს და გამოიკითხა ამ ნიშნის შესახებ.

– ჯვარი უკვდავების და სიკვდილზე გამარჯვების ნიშანია და მას ეს სიმბოლო ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა, იესო ქრისტემ მიანიჭა თავისი აღდგომით. – უთხრეს ქრისტიანებმა. – ეს ხილვა კი ნიშნავს ამ ბრძოლაში შენს გამარჯვებასო.

და მართლაც, მიუხედავად მტრის უპირატესობისა, კონსტანტინემ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. მაშინ მან თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს და იწყო წმიდა წერილის შესწავლა. ხოლო როცა იმპერატორი გახდა, თავის ქვეშევრდომებს უბოძა სარწმუნოების სრული თავისუფლება და აკრძალა ქრისტიანთა დევნა. ამითაც არ შემოიფარგლა. გასცა ბრძანება, ქალაქის მმართველთათვისაც რომ ესწავლებინათ ქრისტიანული რწმენის სიწმინდე და ძალა, წარმართობის ამაოება.

– გევედრები შენ, დიდო ღმერთო,- წერს ის ამ განკარგულებაში, – იყავ მოწყალე და კეთილგანწყობილი შენი ხალხისადმი და ჩემი, შენი მსახურის, მეშვეობით მიმადლე კურნება ყოველ ადამიანს.

„მაშინ, – ამბობს ევსევი ჟამთააღმწერელი, – თითქოს ღამის წყვდიადიდან გამობრწყინდა ნათელი. ყველა ქალაქში აშენდა ეკლესიები, განახლდა ქრისტიანთა შეკრებები და ხალხმა ღვთისმსახურებაზე იწყო დენა; რწმენით მძლეველი, ნაგვემი ადამიანები ბრუნდებოდნენ თავიანთ სახლებში მხნედ და მხიარულად, გამოითქმელი სიხარულით აღსავსენი“.

იკრიბებოდნენ ეპისკოპოსებიც, რომ განეხილათ საეკლესიო საქმეები. ამ კრებებს არც თუ იშვიათად თვით კონსტანტინე იმპერატორიც ესწრებოდა და სიამოვნებით აკეთებდა ყველაფერს, რაც კი ქრისტიანებს სჭირდებოდათ, ეხმარებოდა მათ შენებაში. ასე აშენდა ძალიან მოკლე ხანში ბრწყინვალე ტაძრები. საპყრობილიდან გაათავისუფლეს წმინდა ნიკოლოზი. იგი დაუბრუნდა საეპისკოპოსო მსახურებას და უკვე თავისუფლად განაგრძობდა ზრუნვას თავისი სამწყსოსათვის.

ქრისტიანულ ეკლესიას ახასიათებს განუწყვეტელი ბრძოლა ხილულ და უხილავ ძალებთან. ამიტომაც ეწოდება მას მებრძოლი ეკლესია. შეწყდა თუ არა ქრისტიანთა დევნა წარმართებისაგან, მაშინვე თავი წამოყვეს შინაურმა მტრებმა, დაიწყო უთანხმოება შიგნიდან, გამოჩნდა სხვადასხვა ცრუსწავლება და ერესი. ალექსანდრიელმა მღვდელმსახურმა არიოზმა იწყო ცრუსწავლება იესო ქრისტეზე, უარყოფდა მის ღვთაებრიობას და მის ერთარსებობას მამა ღმერთთან. არიოზი ჭკუით გამორჩეული ადამიანი იყო, ნაკითხი და მკაცრი ცხოვრების მიმდევარი, რის გამოც მისმა სწავლებამ ბევრის ყურადღება მიიქცია. ერთხელაც, როცა მან თავისი მოსაზრებანი გაანდო ალექსანდრიის ეპისკოპოსს ალექსანდრეს, მან ამხილა იგი ცდომილებაში, ხშირად უხმობდა თავისთან და ცდილობდა დაენახებინა, როგორ ცდებოდა. მაგრამ არიოზი არ ეთანხმებოდა, პირიქით, ცდილობდა, ალექსანდრე გამოეყვანა ერეტიკოსად და გულმოდგინედ განაგრძობდა თავისი სწავლების გავრცელებას ქრისტიანებში. პოულობდა კიდევაც მრავალ მიმდევარს. თავდაპირველად ამ კამათში მხოლოდ სასულიერო პირები მონაწილეობდნენ, მერე კი ხალხმაც იწყო მასში ჩაბმა. ყველგან გაისმოდა კამათი ქრისტეს ღვთაებრიობასა და მარადისობაზე. ბევრი ეპისკოპოსიც ეთანხმებოდა არიოზს. ბოროტება ძლიერდებოდა, ერესი სულ უფრო და უფრო ვრცელდებოდა. იმპერატორი კონსტანტინე ძალიან დააღონა ამ უთანხმოებამ. თავდაპირველად მან წერილობით გააფრთხილა ეპისკოპოსი ალექსანდრე და მღვდელი არიოზი, რომ თავი დაენებებინათ შუღლის გაღვივებისათვის და შეეწყვიტათ კამათი. მაგრამ ვნებათა ღელვა ქრისტიანებში სულ უფრო ღვივდებოდა. აუცილებელი გახდა, ეპისკოპოსებს ჩამოეყალიბებინათ სარწმუნოების ისეთი სიმბოლო, როგორიც დატოვეს მაცხოვარმა და მოციქულებმა და ასე გადაეწყვიტათ, ეთანხმებოდა თუ არა მას ახალი სწავლება. იმპერატორმა მოიწვია ყველა ეპისკოპოსი I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ნიკეაში, 325 წელს.

დათქმული დროისათვის ყველა ქვეყნიდან ნიკეაში ჩამოვიდნენ ეპისკოპოსები. ჩამოვიდა წმინდა ნიკოლოზიც. იმპერატორიც დაესწრო ამ კრებას. კრება შედგა სამეფო სასახლის ერთ-ერთ დარბაზში. კრებაზე დამსწრეთა რიცხვი 2000-ზე მეტი იყო. მათგან ეპისკოპოსთა რიცხვს 318 შედაგენდა. მაშ შორის იყვნენ: ოსია კორდუბელი, ევსტათი ანტიოქელი, მაკარი იერუსალიმელი, სპირიდონ ტრიმიფუნტელი და სხვები. კრების სხდომამ 2 თვემდე გასტანა. ეპისკოპოსთა სკამები დარბაზის გარშემო დადგეს. შუაში კი იდო წმიდა წერილი, როგორც ჭეშმარიტების უტყუარი მოწმობა. მისთვის უნდა შეესაბამებინათ კრების გადაწყვეტილება. კრებას იმპერატორი თავმჯდომარეობდა. მან ეპისკოპოსებს მიმართა სიტყვით და გამოხატა თავისი სიხარული მათი ასეთი მრავალრიცხოვნების გამო. შემდეგ იწყეს არიოზის წინადადების განხილვა. არიოზი ჯიუტად იცავდა თავის შეხედულებებს, მას მხარს რამდენიმე ეპისკოპოსიც უჭერდა. არიოზი ისეთი კადნიერებით გამოირჩეოდა თავის მტკიცებებში, რომ ნიკოლოზმა, რომელიც თვითონაც ღებულობდა ამ კამათში მონაწილეობას, ვერ მოითმინა და ყველას თანდასწრებით მას სილა გააწნა. ეკლესიის მამებს ეს საქციელი შეუფერებლად მოეჩვენათ და ნიკოლოზს მთავარეპისკოპოსის ხარისხის შესამოსელი გახადეს. მაგრამ მალე იხილეს, როგორ გადასცა ნიკოლოზს თვითონ უფალმა სახარება, ღვთისმშობელმა კი – ომოფორი. ამ ხილვის შემდეგ მათ დაუბრუნეს ნიკოლოზს ძველი წოდება და პატივი მიაგეს. ხანგრძლივი, მძაფრი კამათის შემდეგ, მართლმადიდებლებმა წერილობით ჩამოაყალიბეს სწავლების არსი ეკლესიაზე და წმიდა სამებაზე. მაშინ შეადგინეს ჩვენთვის ყველასათვის ცნობილი სიმბოლო სარწმუნოებისა – მრწამსი. ასე წარმოაჩინეს განსხვავება მართლმადიდებლობასა და ერეტიკოსობას შორის. დაგმეს არიოზის ცრუსწავლება, იგი კი თავის მომხრეებთან ერთად განკვეთეს.

ნიკეიდან დაბრუნებულმა ნიკოლოზმა უპირველეს ყოვლისა ქრისტიანებსაც დაანახა ჭეშმარიტება, გზააბნეულები კი შთააგონა დადგომოდნენ სწორ გზას. შეუგნებელ და გაავებულ ქრისტიანებს იგი თავიდან იშორებდა, რადგან იცოდა, რომ უვარგის სარეველებს კეთილი თესლის მოშთობა შეეძლოთ.

ნიკოლოზი თავის სამწყსოს არა მარტო სულიერად ეხმარებოდა, არამედ ცდილობდა გასაჭირშიც დახმარებოდა მათ.

ერთხელაც მოუსავლიანობამ იჩინა თავი და დაიწყო საშინელი შიმშილობა. ამ დროს ერთი მდიდარი კაცი ერთ-ერთ იტალიურ ნავსადგომში გემზე პურს ატვირთინებდა. მას ძილში გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი, მისცა სამი ოქროს მონეტა, უბრძანა გაეცურა ლუკიის ნაპირებისაკენ და იქ გაეყიდა ხორბალი. გაღვიძებულმა ვაჭარმა ხელში ის სამი მონეტა რომ აღმოაჩინა, იჩქარა ლუკიის ნაპირებისაკენ გამგზავრება, იქ გაყიდა პური ქალაქსა და მის შემოგარენში არსებული სოფლის მაცხოვრებლებზე. არც თავისი ჩამოსვლის მიზეზი დაუფარავს.

დაახლოებით ამ დროისათვის ატყდა ჯანყი ფრიგიაში. ამბოხების ჩასახშობად იმპერატორმა იქ გემით გაგზავნა სამი სარდალი. გზად ამ სარდლებს ქარიშხალი დაატყდათ თავს. მათ ღუზა ჩაუშვეს მირონთან ახლოს და იქ ელოდნენ ქარიშხლის ჩადგომას. შეიტყო თუ არა ნიკოლოზმა ამბოხების შესახებ, ამ სარდლებთან ერთად გაეშურა და შეარიგა მტრები. ჯერ კიდევ ფრიგიაში შეიტყო, როგორ ისარგებლა ქალაქის მმართველმა და სრულიად უსაფუძვლოდ როგორ გამოუტანა სამ კაცს სიკვდილის განაჩენი.

– მთელი ქალაქი წუხს მათ გამო და მოუთმენლად ელის შენს დაბრუნებასო. – შესჩივლეს მას.

ნიკოლოზმაც არ დააყოვნა. თან იახლა ის სამი სარდალი და ქალაქში რომ დაბრუნდა, ნახა რომ სიკვდილმისჯილები უკვე დასასჯელადაც მიეყვანათ. ის-ის იყო ერთისთვის ჯალათს უნდა მოეჭრა თავი, რომ გაიპო ხალხის ბრბო და მღვდელმთავარმა გამოსტაცა ჯალათს ხელიდან ხმალი.

შემდეგ ღვთის სათნო ნიკოლოზმა თვითონ გაათავისუფლა ბორკილებისაგან სიკვდილმისჯილები. ვერავინ გაბედა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ყველამ იგრძნო, რომ ეს უფლის ნებით ხდებოდა. მაშინ ქალაქის უფროსმა იწყო მის წინაშე თავის მართლება, მაგრამ წმინდანმა მხოლოდ მას შემდეგ შეუნდო, როცა წრფელად აღიარა თავისი შეცოდება და მოინანია.

სარდლები განაცვიფრა ნიკოლოზის ძალმოსილებამ. სულ მალე კი თავიანთ თავზეც გამოსცადეს მისი საკვირველთმოქმედი ძალა. ფრიგიაში ჯანყის ასე წარმატების ჩახშობის შემდეგ, მათ მეფისგან დიდი მოწყალება და პატივისცემა მოიპოვეს. ამან გამოიწვია სხვებში შური და იწყეს ცილისწამება მათზე. გუბერნატორს ჩააგონეს, რომ ისინი მის წინააღმდეგ ამხედრებდნენ ჯარს. მაშინ გუბერნატორმა ისინი დილეგში ჩააყრევინა და სიკვდილი მიუსაჯა. როცა სარდლებს ამის შესახებ ციხის დარაჯმა ამცნო, ერთ მათგანს გაახსენდა წმიდა ნიკოლოზი, რომელმაც უდანაშაულონი სიკვდილისაგან იხსნა და მათ ერთად იწყეს ლოცვა:

– წმინდაო ნიკოლოზ, რომელმაც იხსენი სიკვდილისაგან სამი მონა, შეგვიწყალენ ჩვენც, რადგან ადამიანთა შორის არა გვყავს შემწე, ისწრაფე ჩვენს სახსნელად და დაგვიფარე უსამართლო მსჯავრისაგან.

უფალმაც ისმინა მათი და იმავე ღამეს გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი იმპერატორს სიზმრად:

– გაათავისუფლე სარდლები. მათ ცილი დასწამეს და უდანაშაულოდ ეწამებიან. ხოლო თუ არ გაათავისუფლებ, იცოდე თვითონვე დაისჯები.

– კი მაგრამ ვინა ხარ შენ ასე რომ მემუქრები? – გაოცებულმა ჰკითხა იმპერატორმა.

და იყო პასუხი:

– მე ნიკოლოზი ვარ, მირონის მთავარეპისკოპოსი.

იმავე ღამეს ასეთივე სიზმარი იხილა კონსტანტინეპოლის გუნერნატორმა. დამფრთხალი დილითვე გამოცხადდა იმპერატორთან და უამბო თავისი სიზმარი. მაშინ გაოცებულმა იმპერატორმა მოაყვანინა მსჯავრდებულები და ჰკითხა:

– კი მაგრამ რა ჯადოებით მოახერხეთ ასეთი სიზმარი რომ დამსიზმრებოდა და ვინ არის ის მოხუცი, მე რომ დამემუქრა?

სამივენი გაოგნებულნი მისჩერებოდნენ იმპერატორს. ბოლოს ერთმა გაბედა და უთხრა:

– ხელმწიფევ! ჩვენ არავითარი ჯადოსთვის არ მიგვიმართავს. მხოლოდ ვლოცულობდით. არასდროს გვიფიქრია შენი ღალატი. ბავშვობიდანვე ჩვენ მეფის თაყვანისმცემლები ვართ. მთელი ცხოვრება ერთგულად გემსახურეთ. ახლაც არ ვიცით, რითი დავიმსახურეთ რისხვა.

ამ დროს სამივემ დაინახა წმინდა ნიკოლოზი, რომელიც მეფის გვერდით იჯდა და გახარებულებმა ხმამაღლა იწყეს მისი მოხმობა.

მაშინ იკითხა მეფემ:

– ვინ არის ეს ნიკოლოზი, ასე რომ უხმობთ?

და მათ უამბეს, როგორ იხსნა ნიკოლოზმა მათი თანდასწრებით სამი მოქალაქე სიკვდილისაგან.

განცვიფრებულმა იმპერატორმა მაშინვე გაათავისუფლა სარდლები სიტყვებით:

– მე კი არ გაჩუქეთ სიცოცხლე, არამედ ღვთის სათნო მსახურმა – ნიკოლოზმა. წადით მასთან, მადლობა მოახსენეთ გადარჩენისათვის და უთხარით, არ გამიბრაზდეს, რადგან მისი ნება შევასრულე.

შემდეგ გაატანა მათ საჩუქრები მირონ-ლუკიის ეკლესიისათვის: ოქროთი გაწყობილი სახარება, ოქროს საცეცხლური ძვირფასი ქვებით გამშვენებული და ორი ოქროს სასანთლე.

სარდლები მაშინვე გაეშურნენ მირონში და თვალცრემლიანნი მადლობდნენ მღვდელმთავარ ნიკოლოზს, რომელმაც იხსნა ისინი და დაუბრუნა პატივი და თავისუფლება. მირონში მისულებმა გადასცეს მას მეფის საჩუქრები, გასცეს უხვი მოწყალება გლახაკებზეც და მშვიდობიანად დაბრუნდნენ სამშობლოში.

ერთხელაც წმინდა ნიკოლოზმა ეგვიპტის სანაპიროსკენ მიმავალი გემი იხსნა, რომელსაც საშინელი ქარიშხალი დაატყდა. ქარმა გადაამტვრია გემის ანძები, დახია აფრები. ადამიანები სასოწარკვეთილნი იყვნენ. იწყეს წმინდა ნიკოლოზისადმი ლოცვა. და აი, გამოეცხადათ იგი მათ:

– ნუ გეშინიათ, მე თქვენთანა ვარ! – ამ სიტყვებით წმინდა ნიკოლოზი დადგა გემის საჭესთან. უცებ ქარიშხალი ჩადგა. ყველამ მშვიდობით მიაღწია ნაპირს. გემიდან გადმოსულები მაშინვე ეკლესიისკენ გაეშურნენ, მადლობა რომ შეეწირათ წმინდა ნიკოლოზისათვის. სწორედ ამ დროს მიდიოდა მღვდელმთავარი ტაძრისკენ. მეზღვაურები თვალცრემლიანნი დაემხნენ მის წინ. უთხრა მათ ნიკოლოზმა:

– მე კი არა, ღმერთს უნდა უმადლოდეთ გადარჩენას.

მერე კი ზოგ მათგანს ურჩია დაბრუნებოდნენ ცხოვრების სწორ გზას, რადგან იგრძნო მათი უკეთურებანი. ურჩია, არ განერისხებინათ ღმერთი, რომელმაც ასეთი მოწყალება გამოიჩინა მათზე.

კარგა ხანს იცხოვრა მღვდელმთავარმა თავის სამწყსოსთან ერთად. დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. ჩაგრულნი მასში პოულობდნენ მსწრაფლშემწეს და მცველს, უბედურნი – მწყალობელს და ნუგეშინისმცემელს; მასთან მოსაუბრენი რწმენაში მტკიცდებოდნენ, წარმართნი სამუდამოდ უარყოფდნენ წარმართობას და ქრისტეს რწმენის მიმდევრები და აღმსარებლები ხდებოდნენ.

წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული (85 წლისა) გარდაიცვალა. მის დაკრძალვას მრავალი ადამიანი დაესწრო. მისი სხეული საზეიმოდ დაკრძალეს ქალაქის საკათედრო ტაძარში. მისი უხრწნელი ნაწილები მაშინვე გამოსცემდნენ კეთილსურნელებას და მირონს. მისი შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ. მრავალი საოცრებანი ხდებოდა მის კუბოსთან. ამის შესახებ ამბები სწრაფად გავრცელდა მთელს ქვეყანაში და იწყო დენა მლოცველთა ტალღამ ტაძრისაკენ.

წმიდა სასწაულთმოქმედი სიკვდილის შემდეგაც არ სტოვებს თავის სამწყსოს, დღესაც მფარველობს მწუხარეთ და ტანჯულთ, განსაცდელში მყოფთ, მძიმე სნეულთათვისაც კვლავ წარმოადგენს კურნების უშრეტ წყაროს. სიკვდილის შემდეგ მამა ღმერთმა მეტი სასწაულთმოქმედების ნიჭი უბოძა. მისი ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ დასაწყისი იყო იმ მრავალრიცხოვანი საოცრებებისა, იმ სიკეთისა და სათნოებებისა, რომელთა კეთებასაც იგი დღესაც განაგრძობს.

1086 წელს თურქებმა ააოხრეს ბერძნული ქალაქები და სოფლები, დაესხნენ ლუკიის მხარეს და სხვა ქალაქების მსგავსად მირონიც გაძარცვეს. ნაწილი მისი მაცხოვრებლებისა დახოცეს, ნაწილი ტყვედ წაიყვანეს. ის ეკლესიაც გაიძარცვა, სადაც წმინდა ნიკოლოზის სათნო ნაწილები იყო დასვენებული. ჟამთააღმწერელი თეოფანეს მიხედვით, ერთმა თურქმა ჰუმეიდმა გადაწყვიტა წმინდანის აკლდამის გატეხვა, მაგრამ მხოლოს წმინდანის გვერდზე არსებული სამარხის გატეხვა შესძლო. როგორც კი წმინდანის ლუსკუმისკენ გაეშურა, ატყდა ჭექა-ქუხილი და დაილეწა გემები. ჰუმეიდი შიშისაგან იქაურობას გაეცალა.

გამოეცხადათ ქრისტიანებს წმინდა ნიკოლოზი და უთხრა:

– გადაიტანეთ ჩემი ნაწილები ქალაქ ბარში, რადგან ღმერთს არ სურს მათი ამ ქალაქში დატოვება.

ბარელებმა დიდად გაიხარეს ამ ამბით. დაუყოვნებლივ აღჭურვეს სამი გემი, რითაც მღდველმსახურნი გაემგზავრნენ მირონში მორწმუნეებთან ერთად. ლუსკუმის გახსნისას ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა. ჩაასხეს ისინი ჭურჭლებში, დაასვენეს გემზე წმიდა ნაწილები და ბარში გამოემგზავრნენ. ეს მოხდა 1087 წლის 9 მაისს. წმიდა ნაწილები წმინდა იოანე წინამორბედის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს. მაშინვე იწყო სასწაულების მოხდენა. ბევრი კოჭლი, ბრმა და ხეიბარი განიკურნა მათთან შეხებით. ასეთი სასწაულებით გაოცებულმა ბარელებმა იწყეს ღვთის სათნო ნიკოლოზის ნაწილებისთვის ძვირფასეულობის შეწირვა და ჩაუყარეს საფუძველი ახალ დიდ ეკლესიას წმინდანის სახელზე. სამი წელი შენდებოდა ეკლესია, შემდეგ გააკეთეს ახალი ლუსკუმა, შეამკეს, გაამშვენეს ძვირფასი თვლებით, გადმოასვენეს იგი ახალ ტაძარში საკურთხევლის მხარეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი წმინდა ტრაპეზის ქვეშ დაასვენეს. მირონით სავსე ძველი ლუსკუმა ცხედრის მცირე ნაწილით ტაძრის შუაგულში დაასვენეს მლოცველთა თავყანსაცემად. ორივე ეს გადმოსვენება 9 მაისს მოხდა.

წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და იგიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ.

„კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელმთავარი ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.

მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს: 6 დეკემბერს, როცა იგი გარდაიცვალა და 9 მაისს, როცა მირონიდან ბარში გადაასვენეს მისი წმინდა ნაწილები (ორივე თარიღი მოცემულია ძველი სტილით).

წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ტრაპეზთან დღესაც არის ვერცხლით მოჭედილი ლუსკუმა, რომლის საფეხურები მოფენილია სწორი და სუფთა მარმარილოს ფილებით; თავსახურზე კი ვერცხლის 50-მდე კანდელია განლაგებული. ტრაპეზს გარშემო მარმარილოს მოაჯირი აქვს შემოვლებული. მოაჯირს იქით დევს მირონით სავსე თასი, რომელიც გადმოედინება წმიდა ნიკოლოზის ნაწილებიდან. მასთან დროდადრო მიდის მღვდელმსახური და აქ მოსულ ადამიანებს ჯვრისებურად სცხებს შუბლზე ამ კეთილსურნელოვან მირონს. იქვე მოთავსებულია წმინდა ნიკოლოზის მშრალი ნაწილები, რომელთა შეხებაც ხარიხის იქიდან შეუძლიათ მლოცველებს.

„ნიკოლოზ სასწაულმოქმედი“, ნეკრესის ეპარქია, 2001

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა ნიკოლოზისა მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა

Categories
წმინდანთა ცხოვრება

18 დეკემბერი. ხსენება ღირსისა საბა განწმედილისა

ტროპარი: მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგვიფარენ განსაცდელთაგან.

სხვა ტროპარი: ცრემლთა მდინარითა უდაბნოი უქმი მოიმუშაკე, და სიყრმით სულისათ სულ თქმათა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო საბა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: სიყრმითგან მსხვერპლად ღმრთისა უბიწოდ შეწირულ იქმენ და კეთილითა მოქალაქობითა ნეტარებაჲ მოიგე, უწინარეს შობისაცა სარწმუნოდ ღმრთისად გამოსჩნდი ღირსთა ყოველთა განმაშუენებელ, ნეტარო საბა, რამეთუ უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ, ღირსო, რომლისათჳსცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადპატიოსანო.

 

 

ღირსი საბა განწმედილი V საუკუნეში დაიბადა კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების, იოანესა და სოფიას ოჯახში. წმიდანის მამა მხედართმთავარი იყო. ერთხელ იგი სამსახურის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნეს და მეუღლეც თან წაიყვანა. ხუთი წლის ძე ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად.
გავიდა ხანი. წმიდანის სანათესაოში მისი მამის ქონების გამო შფოთი და მტრობა ჩამოვარდა, სიყრმიდანვე უფლისგან შეყვარებულმა საბამ კი ყოველივე ამაოდ შერაცხა და მახლობლად მდებარე ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. ამ დროს იგი რვა წლისა იყო. ნათესავები ბევრს ეცადნენ, საერო ცხოვრებისკენ მოებრუნებინათ ყრმა, მაგრამ ამაოდ.

გულისხმიერმა ყრმამ სწრაფად შეისწავლა წმიდა წერილი „და ყოველი წესი მონაზონებისაჲ“, ჩვიდმეტი წლისა ბერად შედგა, „სული თჳსი დაიმდაბლა მარხვითა. ჴორცნი შრომითა დააჭნვნა“, ყველა მოწესეს გარდაემატა სიმდაბლით, მორჩილებითა და ღვთისმსახურებით. წმიდა ცხოვრებისთვის საბას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა.

ფლაბიანოსის მონასტერში გატარებული ათი წლის შემდეგ საბა იერუსალიმში გაემგზავრა, აქედან კი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) ლავრას მიაშურა. ღირსმა ექვთიმემ წმიდანს ამბა თეოქტისტეს სავანეში წასვლა ურჩია. უფლის რჩეულმა მდაბლად მიუგო: „ვითარცა მიბრძანო, ეგრეცა ვყო“.

წმიდა საბა ოცდაათი წლის ასაკამდე ამ მონასტერში იმყოფებოდა მორჩილად, წინამძღვრის – თეოქტისტეს გარდაცვალების შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე იგი არაფერს ჭამდა. გამუდმებით ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს. რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო ხუთი წელი.

ღირსი ექვთიმე ყურადღებით ადევნებდა თვალს ახალგაზრდა ბერის მოღვაწეობას. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ კი (+473), წმიდა საბა ნეტარი გერასიმეს (+475; ხს. 4 მარტს) სავანის სიახლოვეს დამკვიდრდა და „გამობრწყინდა, ვითარცა მთიები, იორდანისა უდაბნოსა“.

ერთხელ უფლის ბრწყინვალე ანგელოზი წარდგა ნეტარი საბას წინაშე და უბრძანა, სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრებულიყო. მოსაგრე დამორჩილდა ზეციურ კურთხევას. საბას ახალი სენაკი ძნელად მისასვლელი იყო: იგი საბლით ადიოდა და ჩამოდიოდა. თანდათან წმიდანის ირგვლივ მოწაფეები მომრავლდნენ. ჯერ მცირე ეკვდერი ააგეს, შემდეგ კი ცეცხლოვანი სვეტით უფლისგან სასწაულებრივ მინიშნებულ მღვიმეში მცირე ტაძარიც მოაწყვეს; აშენდა სენაკებიც. ასე წარმოიშვა დიდი ლავრა. საბამ ამ სავანისთვის შექმნა პირველი წეს-განგება, „იერუსალიმის“ სახელით ცნობილი, რომელიც შემდეგ პალესტინის ყველა სავანემ მიიღო.
წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, მაგრამ უფლის ნება სხვაგვარი იყო: მთავარეპისკოპოსმა თითქოს რაღაც სხვა გარეშე მიზეზით იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად დაასხა ხელი.

ექვთიმე დიდის მიბაძვით წმიდა საბაც დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა ხოლმე. ერთხელ მან მკვდარ ზღვაში მცირე კუნძულს მოჰკრა თვალი და გადაწყვიტა, აქ გაეტარებინა მარხვის დღეები, მაგრამ, როგორც კი მისკენ გაიწია, ეშმაკის მანქანებით, „შთავარდა. ადგილსა ერთსა მის ზღჳსასა, ბნელსა და ცეცხლსა, და გამოჴდა მიერ ალი და შეწუა პირი და წუერი“ და რამდენიმე დღე უგონოდ ეგდო, შემდეგ უფალი შეეწია და განაძლიერა, მაგრამ მოტრუსული წვერი ამის შემდეგ არ წამოზრდია – უწვეროდ დარჩა. „ქუეყანისა ანგელოზი. და ზეცისა კაცი, ბრძენი და სარწმუნო მოძღუარი“, წმიდა საბა დაუცხრომელი მოღვაწე იყო. მან „უდაბნოჲ ქალაქ ყო მონაზონთა სიმრავლითა“: გარდა დიდი ლავრისა, კიდევ ექვსი სავანე დააარსა.

უფლის რჩეული ახოვნად იბრძოდა მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმიდის დასაცავად. ასე მაგალითად, მწვალებელმა სევერუსმა დიდი კადნიერება ჰპოვა უსჯულო მეფის, ანასტასის წინაშე და ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ეს რომ წმიდა საბამ გაიგო, იერუსალიმში ჩავიდა უდაბნოში მოღვაწე ბერების თანხლებით და საჯაროდ შეაჩვენა სევერუსი და მისი მწვალებლური მოძღვრება: „შე-მცა-ჩუენებულ არს სევერი და რომელნი მას ეზიარებიან!“

ანასტასიმ მხედართა რაზმი გაგზავნა იერუსალიმში, იქაური მართლმადიდებელი მღვდელმთავარი ელია გადააყენა და მის ნაცვლად მწვალებლობისკენ მიდრეკილი იოანე დაადგინა. საბა და სხვა მეუდაბნოე მამები კვლავ შეიკრიბნენ იერუსალიმში და ისევ საჯაროდ შეაჩვენეს ერეტიკოსები. ანასტასიმ გადაწყვიტა, ქალაქიდან გაესხა მართლმადიდებლობის მოსარჩლე მამები, მაგრამ „ყოველნი მონაზონნი უდაბნოჲსანი“ აღსდგნენ წინამძღვრების დასაცავად და უღმრთო ხელისუფალი აიძულეს, რისხვა დაეცხრო.

ნეტარი საბა მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ახოვანი მოსაგრე გამოცდილი მოძღვარიც იყო. ერთხელ იგი ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად იერიქონიდან იორდანისკენ მიდიოდა, როცა მათ ერისაგანნი, და მათ შორის ერთი მშვენიერი ქალი შემოხვდათ. წმიდანმა მოწაფის გამოცდა მოისურვა და უთხრა: „ვითარ შუენიერ არს ქალი ესე, რომელ გარე-წარგუჴდა, და არს იგი ერთთუალი“. მოწაფემ მიუგო: „არა, მამაო, ორნივე თუალნი ასხენ“. ბერმა გაიმეორა: „სცეთ, შვილო, ერთთუალი არს“, მოწაფემ კი თავისი დაიჟინა: „არა ერთთუალი არს, არამედ დიდად ხოლო თუალითა შუენიერ არს“. მაშინ საბამ თქვა: „და სადა წერილ არს, რაჲთა შენ თუალნი მიადგნე მას და წამითა შენითა იხილო იგი? რამეთუ, ვითარცა ცეცხლი შემწუველი, ეგრე არს“. თვალდაუჭერლობისთვის ნეტარმა დასაჯა მოწაფე, სენაკიდან გააძევა და მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნა, რაც მან გულწრფელი სინანულით აღვსილმა, „თავი თჳსი დიდად დაიტანჯა“.

წმიდა საბა მკაცრი მმარხველი იყო: მთელი მარხვის მანძილზე პურს არ ღებულობდა, მოუძლურება კი ოდნავადაც არ ეტყობოდა; „შურებინ სიცხესა მრავალგზის და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა შჳდეულთა მარხვით აღასრულებდა“, მაგრამ თუ სტუმარი მოვიდოდა და გაიხსნილებდნენ, „დღესა ორჯერ ჭამის და განძღის და გარდაერიის, და სიყვარულითა სტომაქსა არა ევნის“. ერთხელ, იოანე მთავარეპისკოპოსთან სტუმრობის დროს, საბა თურმე, ჩვეულებისამებრ, წრფელი გულით ღებულობდა ყველაფერს, რასაც აწვდიდნენ, და „ღმრთისა მიერ არარას განიკითხავდა“. მაშინ თეოდოსი დიდი იოანესა და მის ძმას, ასკალონის ეპისკოპოს ანტონის სიყვარულით გახუმრებია: „თქუენ ორთავე, რომელთა შემდგომად ღმრთისა თავადი პალესტინა გამოჰზარდეთ ჟამსა სიყმილისასა, მიკჳრს თუ ეგე გან-ვითარ-აძღოთ საჭმლითა“. პასუხად მთავარეპისკოპოსს უთქვამს: „შემინდვეთ, მამანო, რამეთუ ჩუენ ვერცა შიმშილსა დაუთმობთ, ვერცა სიმაძღრესა, ხოლო ამას ღმრთისა კაცსა მოციქულთაჲ იგი აქუს მადლი, იცის დამდაბლებაჲცა და აღმაღლებაჲცა. იცის მაძღრობაჲ და სიმშილი, გარდამეტებაჲ და ნაკლულევანებაჲ და ყოველივე განძლიერებულ არს ძლიერებითა ქრისტჱსითა“.
უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა გარდამოხდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს. ნეტარ მამას მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, ხშირად ისინიც ღებულობდნენ მისგან კურნებას.

წმიდა საბამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება: დასნეულებულმა, ოთხი დღე „არარაჲსაჲ გემოჲ იხილა, არცა ვის თანა ზრახვიდა“, შაბათ საღამოს კი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და 532 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

 

 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

 

სავედრებელი პარაკლისი ღირსისა მამისა საბა განწმედილისა

Categories
წმინდანთა ცხოვრება

17 დეკემბერი. დიდმოწამე ბარბარე

დიდმოწამე ბარბარე

17 დეკემბერი

 

ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.

სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.

 

უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა.
გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

ცხოვრობდა ბარბარე გოდოლში დამწყვდეული, შვებას ოდენ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. გრძნობდა იგი, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებპდა სიბრძნით, სიკეთით, სათნოებით და სურდა გაეგო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა. გული უკარნახებდა, რომ სამყაროს შემქმნელი უნდა იყოს ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ.

ერთხელ, როდესაც მისი არსება მოიცვა განსაკუთრებით ძლიერმა სურვილმა შემოქმედის ხილვისა, იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და ბარბარემ შესძახა: „არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“.

კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი, რომელიც „შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან“ (საქმე 17, 27) გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული – ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.

მაგრამ დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება; ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან მსურველთაგან ვინმე გულისწორი. ქალწულმა კი მკაცრად მიუგო: „არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“.

ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.

ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა.

ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.

ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი მარმარილოზე და აი, სასწაული! ამოხეთქა იქ წყალმა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა, მრავალი სასწაული მოახდინა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც.

ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებნლებს მოსთხოვა მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან ეშინოდათ დიოსკორესი. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: „რომელი მე გარქუ, ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაჲ ჩემი იგი, და ოდეს გკითხას თქუენ რაჲსათვის განაღეთ მესამე სარკუმელი, მიუგეთ და არქუთ მას: ასულმან შენმან ესრეთ ინება ყოფაჲ სარკუმელთა სამთაჲ“. ამის შემდეგ მშენებნლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სული წმიდით აღვსილმა ქალწულმა თქვა: „მსგავს თქუნდა იყვნენ მოქმედნი თქუენნი და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს თქუენი“.

რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მიზეზი მესამე სარკმლის გაჭრისა. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს.

დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. მანაც მიუგო: „ორნი არიან ერთისა მისგან და მათგან მოველით ცხოვრებასა, წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა“. „გამოგიცხადო შენ, მამაო და გასწაო სამართალი უსამართლოისაგან და გამოგიყვანო შენ ბნელისაგან ნათლად“. …„ მე მნებავს მოქცევაჲ შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ იგი სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან მამაჲ, ძეჲ და სული წმიდაჲ“.

დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილისთვის თავი უნდოდა მოეკვეთა. ბარბარემ მოასწრო გაქცევა, ილიოპოლი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეეფარა. მამამისი ყველგან დაეძებდა. ბოლოს მიადგა იმ მთას, სადაც ბარბარე იმყოფებოდა.

დიოსკორემ თმით ჩამოათრია ქალიშვილი მთიდან, ჩაკეტა სახლში და მცველებიც მიუჩინა, რათა არავინ შესულიყო მასთან. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და ამდენად ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა.

მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, ღმერთს შესთხოვა შეწევნა.

მოიყვანეს ბარბარე მარკიანესთან. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა სცადა ტკბილი სიტყვით მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა.

მიუგო მას ბარბარემ: „არა გიცნობიესა, ჰეი უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ აქვს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედავენ. ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ“.
მარკიანე ამ პასუხმა განარისხა, ბრძანა ქალწულის ცემა ტყავის შოლტებით. ბარბარეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს საპყრობილეში და მცველები დაუყენეს.

შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: „ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასა დღესასწაული შენი, ხოლო შენ შეძრწუნდები უსჯულოისა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ“.

სიხარულით აღივსო წმიდა ბარბარე, ჯანმრთელმა და უვნებელმა ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწული საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მივიდნენ მსახურები მის წამოსაყვანად და ნახეს, რომ ფეხზე დგას იგი და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე“.

მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს.

ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, ქალწულმა შეჰნერწყვა მმართველს და უთხრა: „ჰეი, უსჯულოო ბილწო ეშმაკისაო, აჰა, ხარ შენ ბრმა და ღმერთნი შენნი ბრმა არიან, ვითარცა შენ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ხედვად, არცა შეწევნად მოსავთა მათთა. ვითარ შემძლებელ არიან შეწევნად ჩემდა, რომელნი თავთა თვისთა ვერშემძლებელ არიან შეწევნად, არამედ ქრისტე, რომელი ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა თქუეს წიგნთა და ჯუარითა მისითა ცხოველითა განმაძლიერა მე შენ ზედა“.

მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: „ჩეუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რაჲთა არა არს სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე“.

მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური ცხოვრება საუკუნო.

შემდეგ მარკიანემ ბრძანა ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე ტარება.

ღვთის შეწევნით წმ. ბარბარეს გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა მისი წმიდა სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა.

მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო ქალწულს, შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე, და ამიტომ დიოსკორეს, წმიდა ბარბარეს მამას, უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და თავი მოეკვეთა მისთვის.

წაიყვანა დიოსკორემ თავისი ასული. როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმიდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ სიცილით და კიცხვით მიუგო: „რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაიზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა“. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები.

დაასრულა თუ არა ლოცვა, ზეციდან ხმა გაისმა: „მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“.

ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: „აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰეი, უღმერთოო“.

დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა, ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი.

ასევე დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.

წამებულის წმიდა სხეული ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.

დიდმოწამე ბარბარე ღირსი იქმნა იესო ქრისტეს სასუფევლისა დეკემბრის მეოთხე დღეს (ახალი სტილით 17 დეკემბერს).

დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა – ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.

წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

გაზეთი „მადლი“ №24, 1991 წ.

 

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა დიდისა მოწამისა ბარბარესი

Categories
წმინდანთა ცხოვრება

15 დეკემბერი. წმიდა ისე წილკნელი – ათცამეტ სირიელ მამათაგანი (VI)

ტროპარი:

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ისე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:

ოქროსა სასანთლესა ზედა დაიდგ მამაო, ნათელი ეგე არა ხვიმირსა ქუეშე დაფარული, და განგვანათლენ ჩუენ ელვითა სწავლათათა, ამისთვისცა ეკლესია ორღანოსა მაგას სულისასა ნათელ-ხმოვანსა გაქებს ღირსად, ისე მღუდელმთავარო, ითხოვე ერისათვის მორწმუნისა, ხსნა ფლობისაგან უცხო თესლთასა და მგალობელთათვის შენთა დიდი წყალობაჲ.

VI საუკუნეში საქართველოს სულიერი ცხოვრება გააბრწყინეს ასურეთიდან ჩამოსულმა მამებმა, წმიდა იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა.

წმიდანთა ჩამოსვლა ზეგარდმო ძალით ეუწყა ქართლის კათოლიკოს ევლავიოსს. სიხარულმა დაივანა მორწმუნე ერში, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას კიდევ ერთხელ მოჰხედა უფალმა და თავისი რჩეული შვილები გამოუგზავნა მოძღვრად და განმანათლებლად.

ღირსმა მამებმა ბევრი ეკლესია-მონასტერი დააარსეს საქართველოში და საფუძველი დაუდვეს ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას.

ევლავიოს კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით ღირსი ისე წილკანში მოღვაწეობდა.

წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ უბიწოებით განთქმული და სათნოებათა სისრულეს მოწევნული წმიდა ისე ევლავიოს კათოლიკოსმა იძულებით აკურთხა მღვდელმთავრად. ისეს არ უნდოდა ეპისკოპოსის პატივის მიღება, ცრემლით და ტირილით ითხოვდა განტევებას, მაგრამ კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევას წინ ვერ აღუდგა.

წმიდა მღვდელმთავრის მღვიძარებასა და მარხვას საზომი არ ჰქონდა. მოწყალებითა და კაცთმოყვარეობით, უცხოთშეწყნარებითა და გლახაკთა ხელის აღპყრობით შორს გაითქვა მან სახელი. ღირსი ისე მთელს ეპარქიაში მოგზაურობდა და სახარებას ქადაგებდა. კეთილი მწყემსი და გონიერი მნე ქალაქ-ქალაქ, დაბა-დაბა დადიოდა და ჰყოფდა სასწაულებს, სნეულთ ჰკურნავდა, კეთროვანთ განსწმენდდა, ეშმაკთ განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა, დავრდომილებს ხელის შეხებით აღადგენდა.

ღირსი ისე განსაკუთრებით მთიან ადგილებში დადიოდა, საკერპოებს არღვევდა, კერპებს მუსრავდა და წარმართებს ნათელს სცემდა სამების სახელით.

ერთხელ ნეტარმა იოანე ზედაზნელმა მოუწოდა თავის მოწაფეებს, ისე წილკნელს და შიო მღვიმელს, რათა სათნოებაში გამოეცადა ისინი და ხალხისთვის ქრისტეს ძლიერება ეჩვენებინა.

წმიდა მამამ თავის სულიერ შვილებს უთხრა: „მნებავს თქუენ მიერ სასწაულისა რაისამე ქმნა, რაჲთა მხილველნი მათნი ადიდებდნენ ღმერთსა, რამეთუ ფრიად მოქენე არიან ქართველნი ხილვად თქუნგან სასწაულთა და საკვირველებათა, რაჲთა უმეტესად ჰრწმენეს ჩუენ მიერ ქადაგებული იგი სარწმუნოებაჲ“. ღირსმა მამებმა მორჩილებით მიიღეს ლოცვა-კურთხევა.

წმიდა იოანემ ელია დიაკონს უბრძანა, ჭიქა მიერთმია მისთვის, შემდეგ ეს ჭიქა საკურთხებლად ისეს მიაწოდა, როგორც ეპისკოპოსს და უპირატესს. ისემ პირიქით, მისგან ითხოვა ლოცვა. „მაშინ ნეტარმა ზეაღაპყრა ჭიქა იგი და ყო ლოცვა, დაასრულა და განუტევა იგი. და ჰაერთა შინ დადგა ჭიქა იგი, ვითარცა მყარსა რასმე ზედა“.

შემდეგ წმიდა იოანემ ღირს შიოს უთხრა: „ჯერარს მადლისა მიცემა და საკმევლისა შეწირვა“. წმიდა შიო მივიდა ცეცხლთან, ნაკვერჩხალი აიღო, ხელის გულზე დაიდო და საკმეველი დაასხა. ყველას უკმია, მაგრამ არაფერი დაშავებია.

ამ სასწაულის მხილველნი ღმერთს ადიდებდნენ. წმიდა იოანემ ახლა ღირს ისეს მიმართა: „მამაო მფლობელო, გუნებავს, რათა შენგან კურთხევა მოვიღოთ, რომელ გუაქუნდეს სახსენებელად შენდა“. მორჩილმა მოწაფემ მოძღვრის ურჩობა ვერ გაბედა და მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა. მას უკან გაჰყვნენ წმიდა მამები და უამრავი ხალხი. ღირსმა ისემ ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ  კვერთხი „დასცა წყალთა მას ზედა სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა“. თან ბრძანა: „მდინარეო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა გიბრძანებ ჩემ მიერ კსინვლით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეღა ვიდოდე“. უცებ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ისეს კვერთხს შეუდგა. საითაც წმიდა ისე მიდიოდა, წყალიც იქეთ მიჰყვებოდა, ვიდრე წილკნის საყდრამდე არ მიაღწია. აღმართს მისთვის ხელი არ შეუშლია.

ამ სასწაულის მხილველი მცხეთისა და გარშემო სოფლების მკვიდრნი ადიდებდნენ ქრისტეს სახელს, რომელმაც ასეთი მადლი გარდამოავლინა თავის რჩეულებზე.

სასწაულომოქმედ მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. შეკრიბა მოწაფენი და ეკლესიის მსახურნი, დაარიგა ისინი, დალოცა, ეზიარა და უფალს შეავედრა სული: „უფალო ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“, – ეს იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები.

ღირსი ისე წილკნელის ნეშტი დაკრძალეს იქვე, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.

 

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 49(100), 2000 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

7 დეკემბერი. წმინდა დიდმოწამე ეკატერინე (305-313)

ტროპარი: ტარიგი შენი, იესუ, ეკატერინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი , და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ მარტვილთ მოყვარენო, აწ დაადგინენით, მაქებელთა ყოვლად ბრძნისა ეკატერინესა, რამეთუ ამან სტადიონსა შინა, ქრისტე ქადაგა და გველი დასთრგუნა რიტორთა მეცნიერებისა განმნერწყველმან.

რომის უწმინდური იმპერატორის მაქსიმიანეს დროს ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა სამეფო წარმომავლობის ულამაზესი ქალწული, სახელად ეკატერინე, რომელიც სახელგანთქმული იყო თავისი სიბრძნით. ჯერ კიდევ თვრამეტი წლისამ სრულყოფილეად შეისწავლა ყველა წარმართი მწერლის შემოქმედება, ძველ პოეტთა და ფოლოსოფოსთა – ჰომეროსის, ვირგილიუსის, არისტოტელეს, პლატონისა და სხვათა თხზულებანი. მას შესწავლილი ჰქონდა გამოჩენილ ექიმთა ნაშრომებიც, მაგალითად: ასკლეპიადესი, ჰიპოკრატესი და გალენიოსისა. გარდა ამისა, იცოდა ყოველგვარი ორატორული და დიალექტიკური ხელოვნება, ასევე მრავალი უცხო ენა. ასე რომ, ყველა გაოცებული იყო მისი ცოდნითა და განსწავლულობით. ბევრ მდიდარ და გამოჩენილ ადამიანს სურდა მისი ცოლად შერთვა და ხელის სათხოვნელად დედამისთან მიდიოდა, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, რადგან მაშინ მაქსიმიანეს მიერ მორწმუნეთა სასტიკი დევნა იყო გამოცხადებული. დედა და ნათესავები ხშირად ურჩევდნენ ეკატერინეს, გათხოვილიყო, რათა მისი მამის სამეფო მემკვიდრეობა არ გადასულიყო ვინმე უცხოს ხელში, რათა საბოლოოდ არ დაეკარგათ იგი. მაგრამ ეკატერინეს, როგორც ბრძენ ქალწულს, მტკიცედ გადაეწყვიტა გულში, მთელი ცხოვრება დაეცვა ქალწულობის სიწმინდე. იგი სასტიკი წინააღმდეგი იყო გათხოვებისა, როდესაც ახლობლებმა დაჟინებით დაუწყეს საუბარი ქორწინებაზე, მან უთხრა მათ: თუ გსურთ, რომ გავთხოვდე, მაშინ მომინახეთ ისეთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც იქნება მფლობელი იმ ოთხი ნიჭისა, რომლითაც მე, როგორც მოგეხსენებათ, აღვემატები ყველა სხვა ქალწულს, მაშინ მე მას მეუღლედ ავირჩევ. ხოლო ცოლად გავყვე ვინმე ისეთს, რომელიც რაიმეთი ნაკლები და უარესია ჩემზე, არ მსურს. ამრიგად ყველგან მოძებნეთ ისეთი ახალგაზრდა, რომელიც ჩემი შესაფერისი იქნება გვარიშვილობითაც, სიმდიდრითაც, სილამაზითაც და სიბრძნითაც. ისეთი კაცი, რომელსაც რომელიმე აკლია ამ ოთხთაგან, ჩემი ღირსი არ იქნება.

ეკატერინეს სახლეულობა ხედავდა, რომ ასეთი ახალგაზრდის მოძებნა შეუძლებელი იყო და მას მიანიშნებდნენ, რომ მეფის ძენი და სხვა გამოჩენილი მთხოვნელები შეძლებენ გახდნენ უფრო კეთილშობილნი და მდიდარნი, თუკი მასზე დაქორწინდებიან, მაგრამ სიბრძნითა და სილამაზით ვერავინ შეძლებს მასთან გატოლებას. ეკატერინე კი ეუბნებოდა მათ: მე მინდა მყავდეს ისეთი ქმარი, რომელიც ჩემი თანასწორი იქნება განსწავლულობით.

ხედავდა რა თავისი ქალიშვილის ურყეობას, დედამ გადაწყვიტა, სხვა საშუალებისთვის მიემართა. ის რჩევის საკითხავად წავიდა თავის სულიერ მამასთან, წმიდა და ღვთისმოსავ კაცთან, რომელიც ქალაქის გარეთ ერთ ფარულ ადგილას ცხოვრობდა, თან მასთან ეკატერინე წაიყვანა. ამ მართალმა კაცმა ქალწულის სილამაზე რომ იხილა და მისი ბრძნული საუბარი მოისმინა, განიზრახა ესწავლებინა მისთვის ზეციური მეუფის, ქრისტეს შეცნობა. მე ვიცი, – უთხრა მან, – ერთი მშვენიერი ახალგაზრდა, რომელიც შეუდარებლად აღგემატება შენ ყოველივეში. მისი სილამაზე მზეზე უფრო ნათელია. სიბრძნე მისი მართავს ყველა სულიერ თუ ფიზიკურ ქმნილებას; სიმდიდრე მისი განძისა განფენილია მთელ ქვეყანაზე და არასოდეს მცირდება, პირიქით, გაცემით უფრო და უფრო მრავლდება; ხოლო სიმაღლე მისი წარმოშობისა ენითუთქმელი და მიუწვდომელია. მთელ ქვეყანაზე არავინ არის მისი მსგავსი. ეკატერინემ იფიქრა, რომ იგი რომელიმე მიწიერ თავადზე ელაპარაკებოდა – შეცბა, სახე შეეცვალა და ბერს ჰკითხა:  მართალია ყველაფერი, რასაც ლაპარაკობ? მან მიუგო, რომ ყველაფერი მართალი იყო და თან დაამატა, რომ ის ახალგაზრდა ფლობს კიდევ სხვა უდიდეს სათნოებებს, რომელთა ჩამოთვლა შეუძლებელია. ქალწულმა ჰკითხა:

– ვისი შვილია შენგან შექებული ჭაბუკი?

ბერმა უპასუხა:

– მას არ ჰყავს მამა მიწაზე, არამედ იშვა გამოუთქმელად და ზებუნებრივად პატიოსანი წარმოშობის ერთი წმინდა და უბიწო ქალწულისაგან. იგი ღირსი გახდა ეშვა ასეთი შვილი თავისი უდიდესი სიწმიდისა და უმანკოების გამო; იგი მყოფობს უკვდავად სულითაც და ხორცითაც და ამაღლებულია ცაზე მაღლა, სადაც თაყვანს სცემენ მას ყოველნი წმინდა ანგელოზნი, როგორს დედოფალს ყოველი ქმნილებისას.

ეკატერინემ ჰკითხა:

– შესაძლებელია ნახვა იმ ახალგაზრდისა, რომლის შესახებაც შენ ასეთ მრავალ საოცრებას მაუწყებ?

– თუკი შენ გააკეთებ იმას, რასაც მე გეტყვი, – უპასუხა ბერმა, – მაშინ ღირსი გახდები, იხილო მისი ბრწყინვალე სახე.

ეკატერინემ მიუგო:

– ვხედავ, რომ შენ ხარ კაცი გონიერი და მოძღვარი პატიოსანი, ამიტომ მწამს, რომ სიმართლეს ამბობ. მე მზად ვარ, შევასრულო ყველაფერი, რასაც შენ მიბრძანებ, ოღონდ კი ვიცილო ის, ვისაც შენ ასე განადიდებ.

მაშინ ბერმა მისცა მას ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა ღვთაებრივი ყრმით ხელში.

– აი, სახე ქალწულისა და მისი დედისა, ვის შესახებაც მე მრავალი სასწაული გაუწყე. წაიღე ეს გამოსახულება სახლში, ჩაკეტე შენი ოთახის კარები და მოწიწებით აღავლინე გულმოდგინე ლოცვა ამ ქალწულისადმი, რომელსაც ჰქვია მარიამი; ევედრე მას, რათა ინებოს და გიჩვენოს შენ სახე თავისი ძისა. ვსასოებ, რომ თუ შენ რწმენით ილოცებ მის მიმართ, იგი შეისმენს შენს ვედრებას და ღირსგყოფს, იხილო ის, ვისკენაც მიისწრაფვის შენი გული.

მაშინ ეკატერინემ აიღო წმიდა ხატი, დაბრუნდა სახლში და ღამით განმარტოებულმა თავის ოთახში დაიწყო ლოცვა ისე, როგორც ასწავლა ბერმა. ხანგრძლივი ლოცვის დროს დაღლილობისგან მიეძინა და ჩვენებაში იხილა ზეციური დედოფალი, წმიდა ყრმასთან ერთად იმ სახით, როგორითაც იყო გამოსახული იგი ხატზე, რომელიც გარემოცული იყო კაშკაშა სხივებით. ეკატერინემ ვერ შეძლო შეეხედა მისი სახისთვის, რადგან მან პირი იბრუნა თავისი დედისკენ. ეკატერინე ცდილობდა, შეეხედა და ახლა მეორე მხრიდა მოუარა, მაგრამ ქრისტემ ახლა იქიდან იბრუნდა სახე. ეს განმეორდა სამჯერ, რის შემდეგაც ეკატერინემ გაიგონა, რ ომ ღვთისმშობელმა უთხრა თავის ძეს:

– შეხედე შვილო ჩემო, შენს მხევალს, ეკატერინეს, როგორი კეთილი და ლამაზია.

ღმრთაებრივმა ყრმამ კი უპასუხა:

– არა, ეს ახალგაზრდა ქალწული ძალზე მოღუშულია და ისეთი უშნოა, რომ მე მისი ცქერა არ შემიძლია.

მაშინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა კვლავ მიუგო უფალს:

– განა ეს ქალწული ყველა ფილოსოფოსზე ბრძენი არ არის? განა ის არ აღემატება თავისი გვარიშვილობითა და სიმდიდრით ყველა ქალწულს?

მაგრამ ქრისტემ ამაზე უპასუხა:

– კვლავ გეტყვი, დედაო ჩემო, რომ ეს ქალწული უგუნური, ღარიბი და მდაბალი წარმოშობისაა. და მე მანამდე არ შევხედავ მას, სანამ ის არ შეაქცევს ზურგს თავის უწმინდურობას.

ამაზე უფლის ღმრთივკურთხეულმა დედამ მიუგო მას:

– გევედრები შენ, ჩემო უტკბესო შვილო, ნუ მოიძაგებ შენს ქმნილებას, არამედ გულისხმაუყავ და ასაწავლე რა გააკეთოს, რათა დატკბეს შენი დიდებით და უმზიროს შენს ნათელსა და ნანატრ სახეს, რომლის ხილვაც ყველა ანგელოზს სწადია.

მაშინ ქრისტემ უპასუხა:

– დე წავიდეს იმ ბერთან, რომელმაც მისცა ხატი და შეასრუღოს ის, რასაც უბრძანებს იგი, მაშინ მიხილავს და ჰპოვებს მადლს ჩემს წინაშე.

ეკატერინეს გამოეღვიძა და გაკვირვებული იყო ამ ჩვენებით. როდესაც გათენდა, რამდენიმე მხევალთან ერთად წმიდა ბერის სენაკისკენ გაემართა. მასთან მისული, ფეხებში ჩაუვარდა და ტირილით მოუყვა თავისი ხილვის შესახებ, სთხოვა, ეთქვა, რა უნდა გაეკეთებინა, რათა ეხილა თავის სასურველი სასიძო ქრისტე.

ღირსმა ბერმა დაწვრილებით ასწავლა ყველა საიღუმლო ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოებისა, დაწყებუღი ქვეყნისა და მამამთავარ ადამის შექმნით, დამთავრებული უფალ იესუ ქრისტეს დედამიწაზე მეორედ მოსვლით; ასევე აუწყა მართალთა ენითაუწერელი დიდების შესახებ სამოთხეში და ცოდვილთა დაუსრულებელი ტანჯვის შესახებ გეენიაში. როგორც ბრძენი ქალწული, მოწყურებული ჭეშმარიტებასა და ხსნას, ეკატერინე დაეწაფა ქრისტიანულ სწავლებას, გულით იწამა იესუ ქრისტე და იმავე მოძღვრის მიერ მოინათლა, ამის შემდეგ ბერმა ამცნო, კვლავ ელოცა დიდი მონდომებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე, რათა კიდევ ერთხელ გამოცხადებოდა მას, როგორც პირველ ღამეს.

განიძარცვა ეკატერინემ ძველი კაცი (კოლს. 3,9) და შეიმოსა ახალი სამოსი სულიწმიდით. განახლებული ეკატერინე დაბრუნდა შინ და უჭმელ-უსმელი მთელი ღამე ცხარე ცრემლით ლოცულობდა, სანამ არ მიეძინა. და აი, კვლავ ხედავს ზეციურ დედოფალს ღვთაებრივი ყრმით ხელში. ყრმამ ეკატერინეს მოწყალედ და მშვიდად შეხედა. ღმრთისმშობელმა თავის ძეს ჰკითხა: სასურველია შენთვის, ძეო ჩემო, ეს ქალწული?

მაცხოვარმა უპასუხა: ძალზე სასურველია, რადგან, ახლა ის ლამაზი და დიდებულია, მდიდარი და ბრძენია, მე მიყვარს იგი და ისეთი სასურველია ჩემთვის, რომ მე მინდა, დავწინდო ჩემს უხრწნელ სძლად.

მაშინ ეკატერინე დავარდა მიწაზე და შესძახა: უღირსი ვარ მე, დიდებულო მეუფევ, ვიხილო მეფობა შენი, არამედ ღირს მყავ, ვიყო მხოლოდ მხევალი შენი.

ამ დროს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა ხელი მოჰკიდა ახალგაზრდა ქალწულის მარჯვენა ხელს და თავის ძეს უთხრა: უბოძე, შვილო ჩემო, მას დასაწინდი ბეჭედი, ნიშნად შენი წინდობისა მასზე, შეისძლე რათა ღირს ჰყო დამკვიდრებად სასუფეველსა შენსა.

მაშინ ქრისტე მეუფემ ეკატერინეს უბოძა ძვირფასი ბეჭედი და უთხრა: აი ახლა გირჩევ შენ უხრწნელ და მარადიულ სასძლოდ. მაშ ასე, დაიცავი დიდი გულმოდგინებით ეს კავშირი და არამც და არამც არ აირჩიო არავითარი მიწიერი სასძლო.

ქრისტეს ამ სიტყვების შემდეგ ხილვა შეწყდა. ქალწულს გამოეღვიძა და ცხადად იხილა მარჯვენა ხელზე საკვირველი ბეჭედი. იმწამსვე ისეთი სიხარული იგრძნო, რომ მისი გული მთლიანად ღმრთაებრივი სიყვარულით აღივსო. ის უკვე არავითარ მიწიერზე აღარ ფიქრობდა, არამედ განუწყვეტლივ, დღითა თუ ღამით ფიქრობდა მხოლოდ თავის საყვარელ სასიძოზე, ის ერთი სურდა მხოლოდ, ცხადშიც და ძილშიც ის ახსოვდა.

მალევე მას შემდეგ, რაც ქრისტიანობაზე მოექცა ეკატერინე, ალექსანდრიაში ჩავიდა უსჯულო მაქსიმიანე. მას სურდა, მოეწყო დღესასწაული და ბრძანა, გარშემო ქალაქებიდან და მხარეებიდან შეკრებილიყვნენ მისი ქვეშევრდომნი მსხვერპლის შესაწირად, რათა სახალხოდ გამოეხატათ პატივისცემა კერპისადმი. მსხვერპლის შესაწირად შეიკრიბა უამრავი ადამიანი, ზოგს ხარი მოჰყავდა, ზოგს ცხვარი, ვისაც ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა – ფრინველები. როდესაც დადგა დღე საძაგელი დღესასწაულისა, მეფემ და დიდებულებმა დაკლეს ასი ცხოველი. მთელი ქალაქი მოიცვა დაკლული ცხოველების ყვირილმა და შეწირული ზვარაკების სიმყრალემ. ყველგან საშინელი სივიწროვე და არეულობა იყო, ჰაერი გაჟღენთილი იყო მყრალი კვამლის სუნით. როცა ეს ამბავი ხდებოდა, ღვთისმოსავ და მშვენიერ ეკატერინეს ადამიანთა ასეთმა მომაკვდინებელმა ცდუნებამ სასტიკად ატკინა გული და შეაწუხა. დასევდიანებული ღვთაებრივი შემართებით აღენთო, თან წაიყვანა რამდენიმე მხევალი და წავიდა ტაძარში, სადაც უგუნურებს მიჰყავდათ შესაწირავი მსხვერპლი. როდესაც კარებში შეჩერდა, ყველამ მისკენ მიმართა მზერა, რადგან იგი არაჩვეულებრივი სილამაზით ბრწყინავდა. მან ბრძანა, ეცნობებინათ მეფისთვის, რომ ძალზე მნიშვნელოვანი სიტყვა აქვს სათქმელი მისთვის. მეფემ იხმო იგი. ეკატერინემ მეფეს შესაფერისი პატივი მიაგო და უთხრა: მეფეო, შეიცანი საცდური, რომლითაც დატყვევებული ხარ ეშმაკებისაგან. თქვენ ემსახურებით უგრძნობ და ხრწნად კერპებს. უდიდესი სირცხვილია, იყო იმდენად ბრმა, რომ ეთაყვანებოდე ასეთ საძაგლობას. დაუჯერე თუნდაც შენს ბრძენ დიოდორეს, რომელიც ამბობს, რომ თქვენი ღმერთები ოდესღაც იყვნენ ადამიანები. მაგრამ მათ მიერ სიცოცხლეში ჩადენილი რამდენიმე საქმისთვის ადამიანებმა აუგეს ძეგლები და ქანდაკეგებები. მომავალმა თაობებმა არ იცოდნენ აზრი თავისი წინაპრებისა, რომლებმაც მხოლოდ მოსაგონებლად დაუდგეს მათ ეს ძეგლები და ფიქრობდნენ, რომ თავად ძეგლს შეეფერება კეთილმსახურება და დაუწყეს თაყვანისცემა, როგორც ღმერთებს. გამოჩენილი პლუტარქე უკადრისობდა ამ ღმერთებს და ეზიზღებოდა ისინი. დაუჯერე, მეფეო, ამ შენს მასწავლებლებს და ნუ იქნები მიზეზი ამდენი ადამიანის სულის დაღუპვისა, რისთვისაც თავს დაიტეხ მარადიულ ტანჯვას. შეიცანი ერთი ჭეშმარიტი ღმერთი მარადიული, დაუსაბამო და უკვდავი, რომელმაც უკანასკნელ ჟამს ხორცი შეიმოსა ჩვენივე ხსნისათვის. მას უპყრია მთელი სამყარო, მისით მეფობენ მეფენი და იმართებიან ქვეყნები. მისი ერთი სიტყვით შეიქმნა ყოველივე და იცავს ყველაფერს თავის ყოფიერებაში. ეს ყოვლად ძლიერი და მოწყალე ღმერთი არ მოითხოვს იმგვარ მსხვერპლს, თქვენ რომ სწირავთ, არამედ მოითხოვთ მხოლოდ იმას, რომ დავიცვათ მისი მცნებები მტკიცედ და შეურყევლად.

ამის მოსმენამ ძლიერ განარისხა მეფე, თავიდან მდუმარედ უსმენდა, შემდეგ კი, პასუხი რომ ვერ გასცა, უთხრა: დაგვტოვე ამ დღეებში, რომ მსხვერპლშეწირვა აღვასრულოთ, ხოლო შემდეგ ჩვენ მოვისმენთ შენს საუბარს.

საზიზღარი დღესასწაულის დასრულებისთანავე მეფემ ბრძანა, მოეყვანათ ეკატერინე და უთხრა: გვითხარი, ქალწულო, ვინ ხარ და გაიმეორე ის სიტყვები, რომელსაც ამბობდი ცოტა ხნის წინათ. მე ვარ სამეფო ასული, – უპასუხა წმინდანმა – სახელად მქვია ეკატერინე. უწინ მე დიდი სიყვარულით ვმეცადინეობდი სხვადასხვა მეცნიერებაში: შევისწავლე რიტორთა თხზულებები, ფილოსოფია, გეომეტრია, ახლა ამ ყველაფერს არაფრად ვაგდებ, როგორც ამაოსა და უსარგებლო საქმეს, გავხდი სძალი უფალ ქრისტესი, რომელმაც თავის წინასწარმეტყველ ესაიას პირით თქვა: „წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისხმის-ყოფა გულისხმიერთა დავფარო“ (ეს. 29,14).

მეფე გააოცა მისმა არაჩვეულებრივმა სილამაზემ, საუბარმა და გონიერებამ, მიხვდა, რომ დამარცხდებოდა მასთან პაექრობაში, ამიტომ უთხრა: არ ეკადრება მეფეს ქალთან კამათი. შევკრებ მე ფილოსოფოსებს შენთან სასაუბროდ და შენ მიხვდები არარაობას შენი აზრებისას და ერწმუნები ჩვენს სწავლებას.

ამის შემდეგ მეფემ მცველები დაუყენა წმიდა ქალწულს, თვითონ კი მისდამი დაქვემდებარებულ ყველა ქალაქში წერილები დააგზავნა ბრძენ ფილოსოფოსთა შესაკრებად. შეიკრიბა მახვილი გონებით და მჭევრმეტყველებით გამორჩეული ორმოცდაათამდე ადამიანი. მეფემ მათ ასეთი სიტყვებით მიმართა:  გულმოდგინედ და ყურადღებით მოემზადეთ სახელოვანი პაექრობისთვის ერთ ქალწულთან, ისე, რომ შეძლოთ მისი დამარცხება. არ მოეკიდოთ აგდებულად იმას, რომ საუბარი მოგიწევთ ახალგაზრდა ქალწულთან, არამედ ყველაფერი იღონეთ თქვენი მხრიდან, გამოიჩინეთ დიდი სიბრძნე, თითქოს მამაც ბრძენ ორატორს ერკინებოდეთ, იმიტომ, რომ როგორც მე გამოვცადე, იგი თვით დიდ პლატონსაც აღემატება. თუ გაიმარჯვებთ, დიდ ჯილდოს მიიღებთ, თუ დამარცხდებით, ეს იქნება თქვენთვის სირცხვილი და მოგელით წამებით სიკვდილი.

ამ სიტყვებზე მეფეს ერთმა სახელგანთქმულმა და განსწავლულმა მჭევრმეტყველმა უპასუხა: ნუ შიშობ, მეფეო, ჩვენი მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს არაჩვეულებრივად გონიერი, მაგრამ როგორც ქალი, ის არ შეიძლება ფლობდეს სიბრძნეს სრულყოფილი სისავსით და იყოს სრულიად დახელოვნებული მაღალფარდოვან საუბრებში; ბრძანე, მხოლოდ წარმოდგეს ჩვენს წინაშე და შენ ნახავ, რომ ის როგორც კი დაინახავს ასეთ სიმრავლეს ფილოსოფოსებისას და ორატორებისას, მაშინვე გაწბილდება.

მოისმინა რა ფილოსოფოსის ეს ნატრაბახევი, მეფე დაწყნარდა და გამხიარულდა, იმედოვნებდა, რომ ამპარტავანი სწავლულნი გაიმარჯვებდნენ ღვთაებრივი სიბრძნით სავსე ქალწულზე. მან იმწამსვე ბრძანა მისი მოყვანა. შეიკრიბა აურაცხელი ხალხი წმიდა ეკატერინესა და სწავლულთა მოსასმენად. მაგრამ სანამ წარგზავნილნი მოასწრებდნენ წმიდა ეკატერინესთან მისვლას, მას ზეციდან გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი და უთხრა: ნუ გეშინია, ქალწულო უფლისაო! უფალი შენს სიბრძნეს კიდევ მეტ სიბრძნეს შემატებს და შენ გაიმარჯვებ ორმოცდაათ მჭევრმეტყველთან პაექრობაში. არა მხოლოდ ისინი, არამედ სხვა მრავალნიც ირწმუნებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს შენი ძალით და მიიღებენ მოწამეობრივ გვირგვინს.

ეს თქვა და ანგელოზი გაშორდა.

ამ დროს ეკატერინესთან მივიდნენ მეფის წარგზავნილები, ის ყველას დასანახად მიიყვანეს მეფესთან და ფილოსოფოსებთან, მაშინვე იმ თვითდაჯერებულმა ფილოსოფოსმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტრაბახობდა, ქედმაღლურად მიმართა წმიდა ეკატერინეს.

– ეს შენ ხარ, ასეთი კადნიერებით და უგუნურებით რომ ძრახავ ჩვენს ღმერთებს?

– მე ვარ, – მშვიდად უპასუხა წმიდანმა, – მაგრამ არა კადნიერებით და უგუნურებით, არამედ თავმდაბლობითა და ჭეშმარიტების სიყვარულით ვამბობ, რომ თქვენი ღმერთები არარაობანი არიან.

ფილოსოფსმა მიუგო: უდიდესი პოეტები უწოდებენ მათ მაღალ ღმერთებს, რომელთაგანაც მიგიღია სიბრძნე და გიგემია სიტკბო ნიჭიერებისა, შენ კი როგორ ბედავ, წარმოთქვა მათზე გმობა? მე არა თქვენი ღმერთებისგან, – უპასუხა ეკატერინემ, – არამედ ჩემი ერთი ჭეშმარიტი ღმერთისგან მივიღე სიბრძნე. ის თვით არის სიბრძნე და ცხოვრება. ვისაც ეშინია და იცავს მის ღმრთაებრივ ბრძანებებს, ის არის ჭეშმარიტი ფილოსოფოსი. თქვენი ღმერთების საქმენი კი ღირსია სიცილისა და გაკიცხვისა, სავსეა საცდურებით. მითხარი, შენ დიდ პოეტთაგან ვინ უწოდებს მათ ღმერთებს? ბრძენი ჰომეროსი, – უპასუხა ფილოსოფოსმა, – მიმართავს ლოცვით ზევსს და ამბობს: „სახელოვანი ზევსი, დიდებული ღმერთი და სხვა უკვდავი ღმერთები“. არავინ ძველ ბერძენთაგან არა მარტო არ უწოდებდა და არ იცნობდა მას ღმერთად, არამედ არც კი იცოდნენ მის შესახებ.

წმიდა ეკატერინემ უპასუხა: მაგრამ განა თქვენივე ჰომეროსი სხვა ადგილას შენს დიდ ღმერთ ზევსზე არ ამბობს, რომ ის იყო ცბიერი, ცრუ და მატყუარა და რომ სხვა ღმერთებს – ჰერას, პოსეიდონს და ათინას სურდათ მისი შებოჭვა, მაგრამ მან მოასწრო, გაიქცა და დაიმალა? ამის მსავსი საქციელი, რომელიც აღძრავს სიძულვილს თქვენი ღმერთებისადმი, მრავლად არის აღწერილი თქვენსავე წიგნებში. რადგანაც შენ თქვი, რომ არც ერთი ძველი მასწავლებელთაგანი არ ცნობდა ჯვარცმულს ღმერთად – თუმცა საჭირო არ არის ბევრი გამოკვლევა იმის დასადასტურებლად, რომ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, მიუწვდომელი, ენითგამოუთქმელი შემოქმედი ცისა და მიწის, მზისა და მთვარის და მთელი კაცობრიობისა, მაგრამ უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მე მოვიტან მოწმობას თქვენივე წიგნებიდან. მოისმინე, რას ამბობს თქვენი ბრძენი სიბილა მის ღმრთაებრივ განხორციელებასა და ჯვარცმაზე: „უკანასკნელ ჟამს, მოვა ვინმე ამ მიწაზე, მიიღებს სხეულს გარეშე ცოდვისა. უსაზღვრო ძლევამოსილი ღმრთაებრივობით შემუსრავს ხრწნად, უკურნებელ ვნებებს, შეშურდებათ მისი ურწმუნო ადამიანებს და დაკიდებენ მაღალ ადგილას, როგორც სიკვდილდამსახურებულს“. გაიხსენე ასევე თქვენი ბრძენო აპოლინიოსი, რომელმაც არა თავისი ნებით აღიარა ქრისტე ღმერთად, არამედ იძულებულმა მისი ღმრთაებრივი ძალით: „ერთხელ, – ამბობს ის, – მაიძულა ზეციერმა, მეღიარებინა იგი. ის არის ნათელი სამ-ბრწყინვალე. წამებული ღმერთი, მაგრამ ეწამა არა როგორც ღმერთჲ, არამედ როგორც კაცი, რადგან მასში არის ერთიც და მეორეც: მოკვდა სხეულით, მაგრამ უცხო დარჩა ხრწნილებისათვის. და ეს ადამიანი, რომელამც მტარვალთაგან ყველაფერი დაითმინა – ჯვარცმა, დამცირება, საფლავად დადება – არის ღმერთი“. ეს თქვა აპოლონიუსმა ჭეშმარიტ ღმერთზე, რომელიც ერთარსი და თანადაუსაბამოა მამისა, ის არის საწყისი, საფუძველი და სათავე ყოველივე ქმნილი სიკეთისა; „მან სამყარო არა არსიდან არსობაში მოიყვანა და მართავს მას. მამის ერთარსი ჩვენთვის განკაცდა, იცხოვრა მიწაზე, მოძღვრავდა, ასწავლიდა და კეთილს უყოფდა ადამიანებს. შემდეგ ჩვენ უღირსთათვის მოიკლა, რათა გავეთავისუფლებინეთ ძველი მსჯავრისაგან და მოენიჭებინა უწინდელი ნეტარება. ამგვარად, მან კვლავ გაგვიღო სამოთხის კარი, რომელიც ჩვენვე გადავკეტეთ ცოდვით დაცემით. სამი დღის შემდეგ აღდგა, ამაღლდა ზეცად, საიდანაც გარდამოხდა და სულიწმიდა მოუვლინა თავის მოწაფეებს. ისინი მოეფინენ მთელ ქვეყანაზე და იქადაგეს მისი ღმერთობა, რომლის რწმენაც შენც გმართებს, ფილოსოფოსო, რათა შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც მოწყალებითა და კაცთმოყვარებით მოუწოდებს ყველა ცოდვილს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ-მძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ (მათე 11,28). ამრიგად, დაუჯერე თუნდაც შენს მასწავლებლებს – პლატონს, სიბილას, აპოლონიუსს, რომლებიც სრულიად ცხადად და ნათლად, თუმცა თავისივე ნების წინააღმდეგ, ცნობდნენ ქრისტე ღმერთს.

ეს და კიდევ ბევრი რამ უთხრა ბრძენმა ეკატერინემ და განაცვიფრა ფილოსოფოსი, რომელსაც ისღა დარჩენოდა, გაჩუმებულიყო. რადგან არ შესწევდა ძალა, რომ რაიმე ეთქვა საპასუხოდ. მეფე ხედავდა მის დამარცხებას და ბრძანა, სხვებს დაეწყოთ საუბარი წმიდა ქალწულთან, მაგრამ მათაც უარი თქვეს: ჩვენ არ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ჭეშმარიტებას. რადგან თუ ჩვენ შორის ყველაზე განსწავლული დუმს დამარცხებული, მაშინ ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ?

განრისხებულმა მეფემ ბრძანა, გაეჩაღებინათ ცეცხლი შუა ქალაქში და იქ დაეწვათ ყველა ფილოსოფოსი და მჭევრმეტყველი. მოისმინეს რა მათ მეფის ასეთი განაჩენი, ფეხებში ჩაუცვივდნენ ეკატერინეს და სთხოვეს, ელოცა, ჭეშმარიტი ღმერთის წინაშე, რათა ეპატიებინა მათთვის უცოდინრობით ჩადენილი ცოდვები და ღირსი გაეხადა ნათლობის, მიენიჭებინა მადლი სულისა წმიდისა. წმიდანმა კი აღვსილმა სიხარულით უთხრა მათ: ჭეშმარიტად ნეტარნი და ბედნიერნი ხართ, რადგან დაუტევეთ სიბნელე და შეიცანით ნათელი ჭეშმარიტი, მოიძაგეთ მოკვდავი მიწიერი მეფე და შეუდექით უკვდავ ზეციურ მეფეს. მტკიცე იმედი გქონდეთ მისი მოწყალებისა და გწამდეთ, რომ ცეცხლი, რომლითაც გაშინებენ უწმინდურნი, თქვენთვის იქნება ნათლობის წყალი და კიბე ზეცად აღმყვანებელი. ამ ცეცხლში თქვენ განიწმინდებით სულისა და სხეულის ყოველგვარი ბიწისაგან და დიდებული მეუფის წინაშე წარსდგებით ნათელნი და წმიდანი, როგორც ვარსკვლავები და შეუერთდებით მის ძვირფას მეგობართა წრეს. – ეს თქვა ეკატერინემ და თითოეულ მათგანს ჯვარი გადასახა, ისინიც სიხარულით გაემართნენ სატანჯველისკენ.

ამის შემდეგ წმიდა ეკატერინემ ქრისტიანობაზე მოაქცია დედოფალი ავგუსტა, მთავარსარდალი პორფირი და ორასი მხედარი, ყველა მათგანმა მოწამეობრივად დაასრულა ცხოვრება. ბოლოს კი დადგა მისი ჯერიც. ხანგრძლივი და საშინელი წამებით რომ ვერაფერი მოუხერხეს, მეფემ ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქალწულისთვის. აღსასრულის წინ წმიდა ეკატერინემ შემდეგი ლოცვა წარმოთქვა: უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო! მადლობელი ვარ შენი, რომ მოთმინების ლოდზე დასდევ ფერხნი ჩემნი და წარმართე სვლანი ჩემნი. აწ გამომიწოდე უწმიდესი ხელნი შენნი ოდესღაც ჯვარზე მიმსჭვალული და მიიღე ჩემი სული, მსხვერპლად მოძღვნილი შენი სიყვარულისთვის. გაიხსენე, უფალო, რომ მე ხორცი და სისხლი ვარ და არ დაუშვა, რომ სასტიკმა განმკითხველებმა საშინელ სამსჯავროზე უმეცრებაში ჩადენილი ჩემი ცოდვები წარმოაჩინონ. არამედ განბანე ისინი სისხლით, რომელსაც დავსთხევ შენთვის და ქმენ, რომ ეს სხეული, შენი გულისთვის ტანჯვისგან ნაიარევი და მახვილით განკვეთილი, იყოს უხილავი ჩემი მტრებისა და მდევნელებისაგან. მოხედე, უფალო, შენი სიმაღლიდან დამსწრე ადამიანებს და გაუნათე გონება შენივე შეცნობისათვის, მიუტევე მათ, რომლებიც ჩემი მეოხებით მოუხმობენ შენ წმიდა სახელს და აღავსე სიკეთით, რათა ყველანი უგალობდნენ შენს დიდებას უკუნითი უკუნისამდე. ლოცვის დამთავრებისას წმიდანმა ჯალათს მიმართა, აღესრულებინა განაჩენი.

მაშინ ჯალათმა მოჰკვეთა პატიოსანი თავი ეკატერინეს და ჭრილობიდან სისხლის ნაცვლად რძემ გადმოსჩქეფა. მისი პატიოსანი ნაწილები კი, როგორც იქ მყოფმა მორწმუნეებმა იხილეს, იმწამსვე აიტაცეს წმიდა ანგელოზებმა და გადაიტანეს სინას მთაზე სადიდებლად ქრისტე ღმერთისა, რომელიც თანა მამით და სულიწმიდითურთ ერთ ღვთაებად სუფევს უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

თარგმნა მელანია შანავა-ვეფხვაძემ

სავედრებელი ლოცვა წმინდა ეკატერინეს მიმართ

ჰოი, წმიდაო ეკატერინე, ქალწულო და მოწამეო, ჭეშმარიტო სძალო ქრისტესო! გვედრით შენ, მრჩობლისა მადლისა მეოხებითა, მითვე წინასწარ აღგჭურვა რა სიძემან შენმან, უტკბილესმა იესუმ, ვითარცა მტანჯველის საცთურთა შემარცხვენელმან, სიბრძნითა შენითა ორმეოცდაათი რიტორის მძლეველმა და ზეციური მოძღვრებით მათმა დამრწყულებელმა, ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლისაკენ წარმართე სვლაი მათი, ეგრეცე ჩვენთვის გამოითხოვე ღმრთაებრივი სიბრძნეი ესე, რაითა ჯოჯოხეთის მტანჯველისა ხრიკთა დამარღვეველნი, სოფლიურ და ხორციელ საცდურთა მომძულებელნი, ღირს ვიქმნეთ ღმრთაებრივი დიდებისა და ჩვენი წმიდა, მართლმადიდებელი სარწმუნოების გასავრცელებლად, მის ღირსეულ ჭურჭლად ქცეულნი, ზეციურ კარავსა შინა, შენთანა ვაქებდეთ და ვადიდებდეთ უფალსა და მეუფესა ჩვენსა, იესუ ქრისტეს, უკუნითი უკუნისამე, ამინ!

Categories
წმინდანთა ცხოვრება

23 ნოემბერი. დიდმოწამე გიორგი +303

ხსენება წმიდისა დიდმოწამე გიორგისა +303

ტროპარი

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა, გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა თვისსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი (+303) მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.

   ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

   წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: „მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენს წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის“. – „რა არის ჭეშმარიტება?“ – ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. „თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნილი თქვენ მიერ“, – იყო პასუხი.

კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ მხარდაჭერაც აღუთქვა.

   თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა აღმსარებელმა მტკიცედ მიუგო: „ვერავითარი ამსოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს“. განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით მეომრები შეეცადნენ შუბის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმიდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას ფეხებზე ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს.

   მეორე დღეს ნაწამები წმიდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს: „უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენს მიერ გვემული“, – ასე პასუხობდა იგი დიოკლეტიანეს ყოველ შეკითხვას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმიდანმა ჯერ ხმამაღლა ჰხადა უფალს,: შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, უკვე აღესრულაო, უბრძანა ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან. თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.
მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ მაღლიდან მოისმა ხმა: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!“ ბორბალთან უჩვეული ნათლითმოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: „გიხაროდენ!“ და გაუჩინარდა, წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.

   ამის მხილველმა განცვიფრებულმა მეომრებმა წმიდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს, იმპერატორთან. დიოკლეტიანემ თვალებს არ დაუჯერა, როცა საღ-სალამათი მოწამე იხილა, ვერც მისანმა ათანასემ დამალა გაოცება. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ – ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს სარწმუნოება და იმწამსვე დიოკლეტიანესაგან თავის მოკვეთაც მიესაჯათ. თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულ დიდებულთა ხვედრი, მცველებს სასწრაფოდ, ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში.

   ამის შემდეგ იმპერატორი კიდევ უფრო სასტიკი გახდა. მისი განკარგულებით წმიდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოყარეს და წმიდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით მას წვერწამახული ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპრყობილემდე.

   მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმიდა გიორგის ნახვა, წამებულმა დაუზიანებელი ფეხი უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო. ამის გამო ისე ცემეს ხარის გამხმარი ძარღვებით, რომ წმიდანის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მაგრამ მისი სიმტკიცე მაინც ვერ გასტეხეს. იმპერატორმა დასახმარებლად წარმართ მოგვს ათანასეს უხმო. ათანასემ შეზავებული სითხით სავსე ორი თასი მისცა მოწამეს, პირველს მორჩილი უნდა გაეხადა იგი, მეორეს კი უნდა მოეკლა. მოწამემ მშვიდად შესვა ორივე და კვლავ ადიდა ღმერთი.

    მისნის რჩევით დიოკლეტიანემ წმიდა გიორგის უბრძანა, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრეთით. წმიდანი საფლავთან მიიყვანეს. მან უფალს შეჰღაღადა: „უფალო იესო! წინაშე შენსა წარმომდგართ უჩვენე, რომ ერთი ღმერთი ხარ მთელი ქვეყნისა, რათა გიცნან შენ, ყოვლადძლიერი მეუფე ჩვენი“.

   მიწა იძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. ამ სასწაულის მოწმეებმა ერთხმად ადიდეს ღმერთი, თვით იმ წამსვე აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება, წმიდა გიორგის დაუჩოქა და სთხოვა, ცოდვები მიეტევებინა მისთვის. გამძვინვარებულმა დიოკლეტიანემ სიკვდილით დასაჯა ათანასეც და მკვდრეთით აღმდგარი კაციც, წმიდა გიორგი კი კვლავ საპრყობილეში ჩააგდო, რათა მეორე დღესვე სიკვდილით დაესაჯა იგი, თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს.   იმ ღამეს წმიდა გიორგის თავად მაცხოვარი ეჩვენა. უფალმა გვირგვინით შეუმკო თავი მოწამეს და უთხრა: „ნუ გეშინინ, მხნე იყავ, განძლიერდი. მალე მიხილავ და მიიღებ შენთვის განკუთვნილ ადგილს“.

დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ შესთავაზა წმიდა მოწამეს, თაყვანი ეცა კერპებისთვის. წმიდა გიორგი დათანხმდა მბრძანებელს აპოლონის ბომონში გაყოლაზე, ხოლო როცა გახარებულმა იმპერატორმა პატივით შეიყვანა იგი სამსხვერპლოში, წმიდანი მიუახლოვდა კერპს, ჯვარი გადასახა ყველა კერპი თავისით დაიმსხვრა.

ხალხი აბობოქრდა. ქურუმები წმიდანის მოკვდინებას მოითხოვდნენ. ხმაურზე წმიდა დედოფალი ალექსანდრა მოვიდა. როცა ნახა, რომ წმიდა გიორგი სასიკვდილოდ მიჰყავდათ, თვითონაც აღიარა ქრისტიანობა და დიოკლეტიანესაგან სიკვდილმისჯილი, სიხარულით გაჰყვა გვერდით საყვარელ წმიდანს.

დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არა უწყოდნენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში.

წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

   ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ: 23 აპრილს (6 მაისს) – წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. (ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გადავიდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში. ამის შესახებ იხ. 10 (23) ნოემბრის საკითხავში).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

23 ნოემბერი. ხსენება წმიდისა დიდისა მოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა (303)

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) – ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.

რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე – დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში. ეკლესიის მთელი ისტორია ერთიანი, სისხლით დაწერილი მარტვილოლოგიაა და მისი ყოველი გვერდი სავსეა ქვეყნიერებისათვის ნაცნობ თუ უცნობ მოწამეთა სახელებით, რომელთა შორის გამოირჩევა ღვაწლი და წამება ძლევამოსილი გიორგისა. წმინდა გიორგი დაიბადა III საუკუნის II ნახევარში კაპადოკიაში, მთიან ქვეყანაში, რომელიც ძალიან წააგავს საქართველოს. კაბადოკიაში სახლობდნენ მისი მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. მას მაღალი თანამდებობა ეკავა რომის არმიაში და ერთ-ერთი დევნის დროს მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა, ქალაქ ლიდის მახლობლად, სადაც იგი ღმრთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ღრმა ერთგულება წმ. გიორგის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. გიორგი სრულიად ახალგაზრდა განმწესდა სამხედრო სამსახურში. ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში იგი გამოირჩეოდა, როგორც მამაცი, გამოცდილი მეომარი და მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წ.წ.) ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა იგი დაიახლოვა, შვილივით შეიყვარა და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

თავისი მეფობის პირველ ხანებში დიოკლეტიანე ქრისტიანებს არ სდევნიდა: ნება დართო მათ, აეშენებინათ ეკლესიები და ჩაეტარებინათ ღმრთისმსახურება. ნიკომიდიაში, იმპერატორის რეზიდენციაში, ააგეს უზარმაზარი ქრისტიანული ბაზილიკა, რომელიც ოცი ათას კაცს იტევდა. ხელმწიფის ნათესავთა შორის ბევრი იყო ქრისტიანი. დიოკლეტიანე 15 წელს მყარად იჯდა რომის ტახტზე და მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამხედრო რეფორმები გაატარა. მაგრამ მალე ერთ უბედურებას მეორე მოჰყვა: შიმშილი, ეპიდემიები და აჯანყებები არყევდნენ იმპერიას. ქურუმები შეაგონებდნენ იმპერატორს, რომ ღმერთების მოსამადლიერებლად და ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელი იყო იმპერიაში მყოფი ყველა ქრისტიანის განადგურება. დიოკლეტიანე, ქვეყნის უზენაესი ქურუმი, თავადაც თვლიდა, რომ რომის დიდება განუყრელად იყო დაკავშირებული წარმართულ რელიგიასთან. რომის კეისრებს განსაკუთრებით სძულდათ ქრისტიანები, რადგანაც ისინი მათ, როგორც მიწიერ ღმერთებს, მსხვერპლს არ სწირავდნენ. იმპერატორს ჰყავდა ერთგული მეგობარი მაგნეტიოსი, რომელიც განსაკუთრებულად ემტერებოდა ქრისტეს მიმდევრებს. მეფემ და მაგნეტიოსმა განიზრახეს ქრისტიანების სრული განადგურება და სენატის საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება დევნის დაწყების შესახებ. დარბაზში, თათბირზე გამოვიდა იმპერატორი, რომელმაც თავისი სიტყვა ასე დაასრულა: „ქრისტიანები არ უნდა არსებობდნენ“. იმ ღამესვე დაწვეს ხალხით სავსე დედაქალაქის ეკლესია, ხოლო დიოკლეტიანემ წერილები მისწერა იმპერიის ყველა პროვინციის მმართველს, ერისმთავარსა და მხედართმთავარს, რომ თავიანთ საბრძანებელში თუ არ მოსპობდნენ ყველა ქრისტიანს ცეცხლითა და მახვილით, მათაც ისევე დასჯიდნენ, როგორც ქრისტიანებს. როგორც კი ამ წერილებმა თავის დანიშნულების ადგილებამდე ჩააღწია, დაიწყო ქრისტიანთა სამწყსოების მასობრივი და სასტიკი დევნა. მრავალმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას და უარყო ქრისტე.

და აი მაშინ, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი უკუნეთ ღამეში, გამობრწყინდა ქრისტეს მხნე მხედარი, დიდმოწამე გიორგი, რომელმაც ზეციური საღმრთო სიბრძნით განაქარვა კერპთმსახურების საცთური და თავისი წამების ღვაწლით განანათლა ქრისტიანები. იგი არ შეაძრწუნა არც უსჯულო მეფის სისასტიკემ და არც ქრისტიანებისათვის განმზადებულმა მრავალგვარმა სატანჯველმა, არამედ ყოველგვარი დიდება და პატივი უარყო და უხრწნელი ცხოვრებისათვის განემზადა. მან თავისი ქონება და სიმდიდრე გლახაკებსა და დავრდომილებს განუყო და მათი ლოცვით განძლიერებული, მეფისა და მისი უგუნური თანამზრახველების წინაშე წარსდგა, აღიარა ქრისტე და ამგვარად მიმართა მათ, მეფეო, მე ქრისტიანი ვარ და მინდობილ ვარ ჭეშმარიტ ღმერთსა და ზეციურ მეუფეს, ქრისტეს. და აი, ვდგავარ მე თქვენ წინაშე და მიკვირს თქვენი შეცთომილება, რადგან არ იცით ჭეშმარიტი ღმერთი და დამბადებელი ყოველივესი. ამიტომ გთხოვთ, ნუ სცთებით ეშმაკის საცთურებით, რადგანაც თქვენი ღმერთი, რომელსაც ცა და ქვეყანა არ გაუჩენია, უნდა მოისპოს და გაქრეს. ხოლო – ჩვენ ქრისტიანები – თაყვანს ვსცემთ და გვწამს ერთი ღმერთი, შემოქმედი მამა და ერთი უფალი იესო ქრისტე, მისი მხოლოდშობილი ძე და სული წმინდა, ერთი სამება ღმრთეებით სრული და მეუფებით ერთი. ჩვენ ამქვეყანაზე ვცოცხლობთ მისი პატიოსანი სამსახურით და სიკვდილის შემდეგაც მოველით საუკუნო ცხოვრებას, ხოლო თქვენი კერპთმსახურება სასაცილოა და სიმართლესაც არ შეიცავს, რადგანაც დაგეუფლათ თქვენ ეშმაკი, რათა ყველა, ვისაც იგი გწამთ, წარსაწყმედელში ჩაგყაროთო. როდესაც მოისმინა ღმერთის სადიდებელი ჭეშმარიტი დამოწმება, განრისხებულმა მაგნეტიოსმა ჰკითხა: „ვინ ხარ შენ, ან რას წარმოადგენ, რომ ამდენი გაბედე ჩვენს წინაშე?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „ჩემი პირველი და პატიოსანი სახელი არის ქრისტიანი, ხოლო კაცთა შორის მეწოდება გიორგი“. მაშინ ჯოჯოხეთის ურჩხულმა დიოკლეტიანემ მიმართა მას: „გიორგი, ვიცით ჩვენ შენი სიბრძნე და მამაცობა და პატივცემულიცა ხარ ჩვენგან, მაგრამ თუ არ შესწირავ მსხვერპლს აპოლონსა და სხვა ღმერთებს, უკეთურად და უპატიოდ მოკვდები, ხოლო თუ დაგვემორჩილები, ჩვენი მეგობრობით განიხარებ და მრავალ სიმდიდრესა და სიკეთეს მიემთხვევი, რადგან აწინდელი ამაო კადნიერება არ არის სასურველი შენთვის“. წმ. გიორგიმ მიუგო: „მეფეო, ისმინე ჩემი და ჭეშმარიტი ღმერთი შეიცანი, რათა ღირსი შეიქმნე ცათა სასუფეველისა, ხოლო შენი მიწიერი ხელმწიფება დროებითია. შენი ტკბილი საუბარი ვერ შეარყევს ჩემში ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას, რადგან ჩემთვის ქრისტე ზეციური მეუფეა და ის მომანიჭებს დიდებასა და გამარჯვებას ეშმაკსა და მის მსახურებზე“. მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა მისი ძელზე ჩამოკიდება და ლახვრით დაკოდვა, სანამ მისი ნაწლავები მიწაზე არ დაცვივდებოდა, მაგრამ, როგორც კი მახვილი აძგერეს, ის ასხლეტილი ტყვიასავით იმწამსვე უკუიქცა, ხოლო სანუკვარ სხეულს მხოლოდ სისხლის ცვარი გადმოედინა, წმინდა გიორგიმ კი მადლობა შესწირა ღმერთს. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა მისი საპყრობილეში წაყვანა, ხუნდებით დაბორკვა და მკერდზე ლოდის დადება. როდესაც ოთხმა კაცმა გაჭირვებით აიღო უზარმაზარი ლოდი და გულზე დაადო. სრულიად უვნებელმა გიორგიმ კვლავ სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს.

მეორე დღეს ეშმაკმა დიოკლეტიანესა და მის მომხრეებს მეტი მზაკვრობა ჩაუნერგა გულში. მათ შიშველი გიორგი დააკრეს მბრუნავ ურმის თვალზე, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილები იყო აღმართული, ხოლო როდესაც ძლიერად დაატრიალეს ბორბალი, წმინდანის სხეული ნაკვეთ-ნაკვეთ დაიჭრა, მაგრამ ლოცვითა და ღმრთის სასოებით განმტკიცებული მოწამე მხნედ დაითმენდა საშინელ ტანჯვა-წამებას: პირველად ხმამაღლა მადლობდა უფალს, ხოლო შემდეგ, როგორც მძინარე, დადუმდა და გულში ლოცულობდა. დიოკლეტიანემ და მისმა მეგობრებმა იფიქრეს, მოკვდაო და ხმა აღიმაღლეს: „იხილეთ ყველამ, რამეთუ არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა აპოლონისა და პოსეიდონისა, ზევსისა და ჩვენი სხვა ღმერთებისა, სად არის გიორგის ღმერთი, რატომ არ მოვიდა და დაიხსნა იგი ჩვენი ხელიდან?“ მეფის ბრძანებით მოწამე დაჭრილი და დაკუწული სხეულით დატოვეს ურმის თვალზე და თვითონ სასამხროდ წავიდნენ. იქნებოდა დილის 10 საათი, როდესაც ზეციდან მოისმა საშინელი ოხვრის ხმა, რომელიც ეტყოდა მას: „განმხნევდი, გიორგი, და განძლიერდი, რამეთუ მრავალი მიწამებს შენს გამო“, და როგორც კი მცველებს ეს ხმა მოესმა, შეშინებულები გაიქცნენ. უეცრად გამოჩნდა უფლის ანგელოზი, გიორგი ჩამოიყვანა სატანჯველი ბორბლიდან, სრულიად განკურნა, ეამბორა და უთხრა: „გიხაროდეს გიორგი, განძლიერდი და გწამდეს იესო ქრისტესი, რომელიც მოგანიჭებს მოწამეობის სრულ გვირგვინს“, ხოლო, როდესაც სიტყვა დაასრულა, წმინდა გიორგიმ მადლობა შესწირა უფალს: „აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე“. და კვლავ „სლვანი ჩემნი წარმიმართენ მე სიტყვითა შენითა და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უშჯულოებაი“. ამის შემდეგ ქრისტეს მოწამე მივიდა ბომონში, სადაც მეფე თავისი თანამზრახველებითურთ მსხვერპლსა სწირავდა აპოლონის კერპს და უთხრა მათ: „მიცანით მე და ირწმუნეთ ღმერთი, რომელსაც მე გიქადაგებთ და რომელმაც გამომიხსნა თქვენი ხელიდან და იმ სატანჯველთაგან, რომელიც თქვენ განამზადეთ ჩემს მოსაკლავად და აი თქვენ კი დიდად სცოდავთ, როცა მსხვერპლსა სწირავთ ცრუ ღმერთებს“. გაოცებულმა მეფემ ვერ შეიცნო წმინდანი, რადგან მისი მსგავსი ვინმე ეგონა და სთხოვა, ეთქვა, თუ ვინ იყო. წმინდა გიორგიმ მიუგო: „მე ვარ გიორგი, მონა ქრისტესი, ხოლო თქვენ, რადგანაც მკვდარი გეგონეთ, ნაწილ-ნაწილ დაჭრილი, ბორბალზე მიმატოვეთ. და აი, მე მოვედი, რათა გიჩვენოთ, რომ ჩემს ღმერთს, რომელსაც თქვენ აყვედრეთ, შეუძლია სიკვდილისაგან დახსნა“. ამგვარი დიდი სასწაულის ხილვისა და ჭეშმარიტ სიტყვათა მოსმენის შემდეგ მეფის მხედართმთავრებმა ანატოლიმ და პროტოლეონმა თავიანთი სახლეულობითურთ ირწმუნეს ღმერთი და აღიარეს: „მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ჭეშმარიტი“. როგორც კი ესმა ეს დაწყევლილ მეფეს, ბრძანა მათთვის თავის მოკვეთა, ხოლო ისინი ლოცულობდნენ: „უფალო, ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, შეივედრე ჩვენი სულები მშვიდობით და გვამყოფე შენი მეუფების ნათელში, ხოლო ჩვენი მცირედი აღსარება ჩაგვითვალე შენდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებად და ცოდვების გამოსასყიდად“ და ასეც აღესრულნენ ღმრთის დიდებასა და გალობაში.

როდესაც დედოფალ ალექსანდრას წმინდა გიორგის დიდი და საკვირველი საქმენი ესმა, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, წარსდგა მეფესთან და კადნიერად განუცხადა: „მე ქრისტიანი ვარ და გიორგის ღმერთის მხევალი“. ჰკითხა მას მეფის მეგობარმა მაგნეტიოსმა: „გვითხარი ჩვენ დედოფალო, რისთვის იწამე შენ ქრისტე და უარყავი ღმერთები?“ მაშინ ჭეშმარიტი ღმრთის სარწმუნოებით განმტკიცებულმა დედოფალმა მიუგო მათ: „რადგან ვისურვე წარმატება და დავგმე სულიერი ნაკლულევანება“. მეფე განრისხდა და ბრძანა, რათა წმინდა გიორგი ახლად დამბალ, მხურვალე კირის ორმოში ჩაეგდოთ და მცველები დაეყენებინათ. სამი დღის შემდეგ კი უბრძანა მხედრებს, ამოეკრიფათ მკვდრის ძვლები და მიწაში დაემარხათ. მას ეშინოდა, რომ ქრისტიანებს პატივი არ ეცათ მისი სხეულისთვის, რადგან იცოდა მათი ჩვეულება მოწამეთა განდიდებისა. გაოცებულმა მხედრებმა გიორგი სრულიად უვნებელი იხილეს და იწამეს იესო ქრისტე. ერის დიდმა სიმრავლემ და ასევე იქ მისულმა დედოფალმა ალექსანდრამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ერთხმად ღაღადებდნენ: „დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელიც დაიხსნის თავის მონებს გასაჭირისაგან“. ხოლო მეფემ წინ დაისვა წმინდა გიორგი, შემოიკრიბა ირგვლივ თავისი ოჯახის წევრები და ჰკითხა წმინდანს: „გვითხარი გიორგი, ვინ გაგაცოცხლა შენ?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „მეფეო, კიდეც რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ, მაგრამ მე არ დავფარავ, რომ იესო ქრისტემ, ღმერთის ძემ, დამიცვა მე ყოველგვარი სატანჯველისაგან და იგია ეშმაკის მახისაგან ყველას დამხსნელი, ვინც კი ვედრებით მოუხმობს მის წმინდა სახელს“. მაგრამ გამძვინვარებულმა მეფემ, ჭეშმარიტების სანაცვლოდ, უსამართლობა და ბოროტება მიაგო მოწამეს. მან გახურებული ლურსმნებით შეჭედილი რკინის სანდლები ჩააცვა გიორგის და უბრძანა ერბინა, მაგრამ, რადგან სიარული ვერ შეიძლო, ძალით ათრევინა. ის კი საკუთარ თავს მხნედ შეუძახებდა: „ისწრაფე, გიორგი, ისწრაფე იმ ხვედრისაკენ, რომელიც შენთვის არის განმზადებული“. და სთხოვდა უფალს: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესო ქრისტე, შენ ხარ მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი და შენ აძლევ მოთმინების უნარს ყველას, ვინც შენი სახელისათვის იგვემება. ნუ გამწირავ, არამედ მომმადლე სიკვდილამდე მოთმინება, რათა არა სთქვას მტერმა: „სადა არს ღმერთი იგი მისი“. როდესაც ლოცვა დაასრულა, ხმა მოესმა ზეციდან: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ“. და მყის გამოუჩნდა შეწევნა უფლისაგან და სრულიად განიკურნა. უგუნურმა მეფემ კვლავ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩასმა, ხოლო მეორე დღეს სამსჯავროზე მოიხმო და უთხრა: „როდემდე გაუძლებ გრძნეულებით ამ სატანჯველებს და შეინარჩუნებ მხნეობას? დამემორჩილე და შესწირე მსხვერპლი ღმერთებს“. მაგრამ წმინდა გიორგიმ ასე მიუგო: „მე ჩემი ღმერთის შეწევნით მოვითმენ ყოველგვარ სატანჯველს, და აი თქვენს წინაშე ვდგავარ ცოცხალი და უვნებელი, ხოლო თქვენ მოწამე ხართ ჩემი ღმერთის ძალისა“. მეფე განრისხდა და ბრძანა, რათა შეუბრალებლად ეცემათ საქონლის ძარღვებისაგან დამზადებული მათრახით, ხოლო როდესაც უმოწყალოდ გვემეს, კვლავ შესთავაზეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა, მაგრამ გიორგიმ მიუგო: „მე ცოცხალ ღმერთს ყოველდღე ვწირავ ქება-დიდების მსხვერპლს და ნეტავი თქვენც დამიჯერებდეთ და ჩემთან ერთად თაყვანს სცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს“. მაგნეტიოსმა უთხრა: „თუ გინდა, რომ შენი ღმერთი ვიწამოთ, გვიჩვენე სასწაული და გააცოცხლე ერთი მკვდართაგანი, რომლებიც ჩვენ წინ სამარხებში არიან“. წმინდა გიორგიმ უპასუხა: „ღმერთს, რომელმაც არა არსისაგან შექმნა ცა და ქვეყანა, შეუძლია ამ მკვდრის გაცოცხლებაც, მაგრამ თქვენ ცთუნებული ხართ ეშმაკისაგან და კიდეც რომ აღდგეს მკვდარი, თქვენ მაინც არ იწამებთ, ამიტომაც, მხოლოდ აქ მყოფი ერისათვის შევთხოვ კაცთმოყვარე უფალს, რომ მომმადლოს ეს სასწაული“. წმინდა გიორგიმ მუხლი მოიდრიკა, ილოცა, ხელები აღაპყრო ზეცისკენ და უფალს შეევედრა მკვდრის აღდგინება. ხოლო, როდესაც ლოცვა დაასრულა, ქვეყანა შეიძრა, საფლავის კარი გაიღო და გამოვიდა გაცოცხლებული მკვდარი. იგი მივიდა წმინდა გიორგისთან, დავარდა მის ფეხებთან და შეევედრა მას: „შემიწყალე მე, მონაო ღმრთისა მაღლისაო და მომანიჭე მე ნათელი ცხოვრებისა, ბეჭედი ქრისტესი“. წმინდანმა უთხრა მას: „უკეთუ გწამს ქრისტე, რომელიც აღადგენს მიცვალებულებს, შენც ცხონდები“. ხოლო მან უპასუხა: „მე მწამს ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, რომელმაც მკვდრეთით აღმადგინა“.

მეფეს გაუკვირდა, ბოროტი სარწმუნოებით აღივსო და ჰკითხა, თუ ვინ იყო იგი სიკვდილამდე და როდის მოკვდა. მან უპასუხა: „მე ვიყავი კერპთა მღვდელი და ქრისტეს გამოცხადებაზე ადრე მოვკვდი, ხოლო სიკვდილის შემდეგ კი სხვა კერპთმსახურებთან ერთად უშრეტ ცეცხლში ვიტანჯებოდი“. მაშინ მეფემ წარმოსთქვა: გიორგი გრძნეულია და რაღაც სული ამოგვიყვანა, რომ გვაცდუნოსო. ქრისტეს მოწამემ მიუგო: „როდემდე უარყოფ, მეფეო, და არ ირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთს, იცოდე რომ ეშმაკს არ შეუძლია ქრისტეს სახელის მოსმენა და როგორ გააკეთებს იმას, რაც შენ იხილე და გესმა“? განმძვინვარებულმა მეფემ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩაგდება, მაგრამ ახლადმოქცეული ქრისტიანები ქრთამს აძლევდნენ საპყრობილის მცველს და ღამ-ღამობით მასთან შედიოდნენ, ხოლო მოწამე მათ სარწმუნოებას ასწავლიდა, სნეულებს კურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.

იყო ერთი მიწის მუშა, სახელად ღლუკერი, რომელსაც მოუკვდა მარჩენალი ხარი. იგი მივიდა საპყრობილეში, დაემხო წმინდა გიორგის წინ და სთხოვა ხარის აღდგინება.

მოწამემ უთხრა: „თუ გწამს ჩემი ღმერთი, შენი ხარი გაცოცხლდება“, საწყალმა კაცმა უპასუხა, რომ სწამდა. მაშინ გიორგიმ უთხრა: „წადი და იხილე, შენი ხარი ცოცხალია“. კაცი სახლში დაბრუნდა და თავისი ხარი გაცოცხლებული დახვდა. ღლუკერი არ მიემსგავსა ცხრა უმადლო კეთროვანს, არამედ მიემსგავსა მეათე სამარიტელს, მკურნალთან დაბრუნდა მადლობის სათქმელად და ხმამაღლა აღიარებდა ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად. როგორც კი მეფის ახლობლებმა ეს გაიგეს, შეიპყრეს იგი და მეფეს მიჰგვარეს. მან კი არც გამოიძია, არამედ ბრძანა ნაჭერ-ნაჭერ დაეკუწათ, ხოლო, როდესაც ჭრიდნენ, იგი ხმამაღლა ლოცულობდა: „ღმერთო ჭეშმარიტო, ნუ უარმყოფ მე შეურაცხს, რადგან მწამხარ შენ – მამა, ძე და სული წმინდა, მაგრამ მეშინია, რადგანაც არ მოვნათლულვარ და გევედრები შენ, ქრისტე, ეს სისხლის დათხევა შემირაცხე ნათლისღებად“. უეცრად ზეციდან ხმა მოესმა: მოდი ჩემთან სიხარულით, რადგანაც სრული ხარ და დასრულდა შენი წამება. და დაიმკვიდრა ნეტარმა სასუფეველი. მეფის ყურამდეც მიაღწია, რომ ბევრი მიდიოდა საპყრობილეში გიორგისთან და ბრძანა სასწრაფოდ მისი მოყვანა. მაშინ მაგნეტიოსმა მეფეს ურჩია, რომ არ განრისხებულიყო, არამედ სიმშვიდითა და დაპირებებით ეცთუნებინა გიორგი, რომელიც საპყრობილიდან მომავალი, ფსალმუნებს გალობდა და უფალს შეწევნასა სთხოვდა. როდესაც გიორგი მეფის წინაშე წარსდგა, დიოკლეტიანემ ვედრება დაუწყო, რომ კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა და ჯილდოდ დიდძალ სიმდიდრესა და პატივს აღუთქვამდა. ხოლო მიყენებული ტანჯვისათვის პატიებას ითხოვდა. წმინდა გიორგიმ მიუგო მას: „რადგან ჩემს წინაშე შეინანე და შენთვის სიხარულის მომნიჭებელია, რომ კერპებს შევწირო მსხვერპლი, მოდი და წავიდეთ შენი ღმერთების სამყოფელში“. მეფემ გაიხარა და თავის სახლობასა და მთელ თავის მხედრობას უბრძანა, წასულიყვნენ ტაძარში და ყველასათვის ეხარებინათ, რომ აპოლონმა სძლია ქრისტიანთა ღმერთს. როგორც კი ნეტარი ტაძარში შებრძანდა, სამარისებური სიჩუმე გამეფდა, ხოლო ქრისტეს მოწამე წარსდგა აპოლონის კერპის წინაშე და მიმართა მას: „შენ ხარ ღმერთი და გშვენის რომ კაცნი გემსახურებოდნენ?“ ეშმაკმა, რომელიც კერპში იყო ჩაბუდებული, ხმა ამოიღო და თქვა: „არც მე ვარ ღმერთი და არც ესენი, რომლებიც ჩემთან არიან, არამედ, მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც დაბადა ცა და ქვეყანა, ხოლო ჩვენ, მისი ანგელოზები ვიყავით და როცა უარვყავით, ეშმაკნი გვეწოდა და მას შემდეგ ვაცდუნებთ კაცთა მოდგმას“. წმინდა გიორგიმ უთხრა მათ: „თუ ღმერთები არა ხართ, როგორ გაბედეთ აქ მოსვლა, როცა მე, ქრისტეს – ჭეშმარიტი ღმერთის – მონა აქ ვიმყოფები“ და ამ სიტყვასთან ერთად გადასახა ჯვარი. უეცრად შეიქმნა დიდი შფოთი, გოდება, და გლოვა ეშმაკთა, და ყველა კერპი, რომელიც ტაძარში იმყოფებოდა, ერთბაშად გადმოვარდა და დაიმსხვრა. როგორც კი საკერპოს ბილწმა ქურუმებმა ეს დაინახეს, შეიპყრეს წმინდა გიორგი და უთხრეს მეფეს: „მოჰკალი ეს გრძნეული, მეფეო, რადგან თავისი მისნობით ხალხი მოატყუა და ღმერთებიც შეჰმუსრა“. განრისხებულმა მეფემ უთხრა მას: „ბოროტო და ყოველგვარი გრძნეულებით აღსავსევ, შენ არ შემპირდი, რომ ღმერთებს შესწირავდი მსხვერპლს?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „შე ბრმავ და უკეთურო, ვერა ნახე, როგორც კი ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს მიმართ ლოცვა დავასრულე, მაშინვე დაემხო ყველა თქვენი ცრუ ღმერთი, რადგან უსულო კერპები არიან და უგულისხმოებს აცდუნებენ, ხოლო ქრისტეს მონები ჭეშმარიტი ღმერთის სახელით შემუსრავენ მათ“. როდესაც დედოფალმა ალექსანდრამ კერპების შემუსრვა შეიტყო, მსწრაფლ მივიდა მეფესთან და შესძახა: „უძლეველი მხედრის გიორგის ღმერთო, ნუ გამიხსენებ უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს, უფალო, ღმერთო, გაიხსენე ჩემი უკანასკნელი მოქცევა შენდამი და ადგილი მიმიჩინე ქრისტიანებთან და შენს ერთგულ მონა გიორგისთან“. გამძვინვარებულმა მეფემ უკანასკნელად მიმართა წმინდა გიორგის: „უკეთურო გიორგი, შენ შეაცდინე დედოფალი და მიზეზი გახდი მისი დაღუპვისა, ამიტომ ვბრძანებ, რომ მახვილით თავი წარგეკვეთოთ შენც, გალილეველთა მღვდელსა და დედოფალსაც“. მხედრებმა მაშინვე წაიყვანეს ისინი ქალაქგარეთ. სიხარულით აღვსილი დედოფალი გულში გამუდმებით ლოცულობდა, ხოლო თვალები ზეცისაკენ ჰქონდა აღპყრობილი. მან გზად ჩამოისვენა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს, ხოლო წმინდა გიორგიმ, როგორც კი ადგილზე მიიყვანეს, სთხოვა მათ, რომ ლოცვის დრო მიეცათ. მიაპყრო თვალები ზეცას, აღაპყრო ხელები, ამოიოხრა და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩემო, რომელიც არსებობ საუკუნეებზე უწინარეს, რომლისკენაც მოვილტვოდი ჩემი სიყრმიდან, რომელი ხარ ქრისტიანთა სასოება, და რომლის არსებობასაც არა აქვს დასასრული, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და სრული მოწამეობა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და განარიდე ეშმაკთა სულებისაგან და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. აპატიე ამ წარმართებს ის ბოროტება, რაც უყვეს შენს მონებს და გაუნათლე მათ გულები ჭეშმარიტების შესამეცნებელად. უფალო, მოუვლინე შეწევნა ყველას, ვინც კი უხმობს შენს სახელს და დაამკვიდრე მათ შორის შენი შიში, სიყვარული და შენი წმინდანების სურვილი, რათა აღასრულებდნენ მათ დღესასწაულებსა და ბაძავდნენ მათ სარწმუნოებას, რომ მათთან ერთად ღირსნი გახდნენ ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებისა. მოხედე, უფალო, ჩემს სიმდაბლეს და მიეცი მადლი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა. ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და გამიხსენოს მე, იხსენი ყოველგვარი განსაცდელისაგან. უფალო ღმერთო, ვინც მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიეცი მადლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი და განკურნენ მათი სნეულებანი, რადგან მხოლოდ შენ იცი, მათი მაცთური მტრის სივერაგე, რომელიც ფეხქვეშ შემუსრე და რომლებიც წაიკითხავენ ან მოისმენენ ჩემს წამებას, განწმიდე ბიწიერებისაგან“. და როგორც კი ლოცვა დაასრულა, უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მოდი ჩემო სარწმუნო მონაო და შედი მამაჩემის ზეციურ სამკვიდრებელში. ხოლო რაც მთხოვე, აღგისრულებ და ვინც შენს სახელს მოიხსენებს, ვიხსნი ყოველგვარი განსაცდელისაგან“. და როდესაც სიტყვა დაასრულა, ამაღლდა ზეცად. მაშინ წმინდა გიორგიმ მოიდრიკა მუხლი და მიუშვირა ქედი. ჯალათმა დაჰკრა მახვილი და დასრულდა დიდმოწამის წამება 303 წელს, 23 აპრილს, პარასკევ დღეს, დილის 7 საათზე.

ანდერძის თანახმად წმინდა გიორგის ცხედარი დაკრძალეს პალესტინაში, ქალაქ რამალაში და იგი შეიქმნა კურნებებისა და სასწაულების წყაროდ. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდში (დიოსპოლისი) წმინდა გიორგის სახელზე ააშენეს დიდი ტაძარი და მისი წმინდა ნაწილები საზეიმოდ იქ გადაასვენეს.

წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებითა და წყალობით. წმინდა გიორგის მიერ უღმრთოთა შემუსვრაზე მოგვითხრობს შემდეგი სასწაული: პალესტინაში, წმინდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმინდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს და იწყეს ლხინი და განცხრომა. უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშსა და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და სროლა დაუწყეს იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმინდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე ამხილებს თავის მოწინააღმდეგეებს და ულმობლად მუსრავს მათ“. უსჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ ვინ არის ასეთი?“ ხოლო იგი უჩვენებდა წმინდა გიორგის ხატს. ბრწყინვალედ გამოსახულსა და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილ დიდმოწამეს წელზე ოქროს ქამარი ერტყა, ხოლო ხელში საბრძოლო შუბი ეჭირა და თავზარდამცემი სანახავი იყო თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და წმიდანის ხატს სტყორცნა, მაგრამ ისარი უეცრად უკუიქცა, მტყორცნელს გული განუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია, ხოლო დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცემული მეომრები გაიქცნენ, ხოლო ვინც გადაურჩა მახვილით მოსვრას, მიუთხრობდნენ წმინდა გიორგის უძლეველ ძალაზე.

ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმინდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, ქალაქ ლასიაში მეფობდა უკეთური, უსჯულო და კერპთმსახური სელინოსი, რომელიც ქრისტიანების მიმართ შეუბრალებელი და ულმობელი იყო. ამიტომაც, თავისი ბოროტი საქმეების შესაფერად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა დაადანაშაულეს მეფე, რომ იგი არ ეძიებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად და როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული გახდა გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისაგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისთვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. სელინოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმრთის განგებულებით, სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმინდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და როდესაც იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმინდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო, მაშინ ქალმა მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. წმინდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდნენ მამამისი და მისი ქვეშავრდომები. „აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას“ – უპასუხა ქალმა. როდესაც წმინდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მხეცისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან „შესმენილ იქნა შენი ვედრებაი, გიორგი, ჰყავ რაიცა გნებავს, მე შენთანა ვარ“. უეცრად შეიძრა ლერწმოვანი. შიშით შეძრული ქალი მაინც ჭაბუკის გადარჩენას ცდილობდა და სთხოვდა იქიდან წასვლას, მაგრამ წმინდა გიორგი ვეშაპის მოსაკლავად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: „უფალო, ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად“ და როგორც კი ეს წარმოსთქვა, სულიწმიდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა. წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი, და მე მოვკლავ ამ ვეშაპს“. მაშინ შეჰყვირეს მეფემ და მისმა ქვეშავრდომებმა: „გვწამს მამა, ძე და სული წმიდა“. წმინდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ქალაქის მცხოვრებლები დაემხნენ წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს, ხოლო მაშინ წმინდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთი ათასი კაცი მოინათლა. მეფემ კი ჭეშმარიტი ღმრთის სადიდებლად ძვირფასი ტაძარი ააშენა. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.

სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახვრავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.

წმ. გიორგის განსაკუთრებულ თაყვანისცემას საქართველოში ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი. ძველთაგანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის ცნობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. სავარაუდოა, რომ პირველი ტაძარი წმინდანის სახელზე ბოდბეში, წმინდა ნინოს თაოსნობით აიგო (ბოდბის მონასტრის მთავარი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა). მისი სახელობის ტაძრები აგებულია არა მარტო ქალაქებსა და სოფლებში, არამედ კლდეებზე, მთის მწვერვალებზე და მიუვალ ადგილებში, რომელთა კედლებს ამშვენებენ მისი ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები. წმინდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, უსჯულო მტრის შემოსევისას ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი, დაბანაკებული იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული, გულმხურვალედ ევედრებოდა წმინდა მოწამეს მოსალოდნელ ბრძოლაში შეწევნას. ხოლო გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახავი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა ადვილად დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას.

ასევე, მოწამის ხილულ შეწევნაზე დიდგორის ბრძოლაში, მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის მემატიანე: „რამეთუ ხელი მაღლისაი შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ჰფარვიდა მას და წმიდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა-ზედა მოწევნილთა უშჯულოთა წარმართთა, რომელ თვით იგი უშჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისასა“. ხოლო ქართველი ერისათვის ეს დღე ბოროტზე უფლის ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. წმინდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან გამოხსნას. წმინდა გიორგი ყველაზე უფრო პატივცემული წმინდანია საქართველოში. იგი ქართველთა მფარველი და სასო, მათი ფარი და მახვილია. ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმინდა გიორგის, ამიტომაც წმინდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო“.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი

Categories
დღესასწაულები წმინდანთა ცხოვრება

21 ნოემბერი. კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა – გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა,ვარახიელისა და იერომიელისა

ტროპარი:

ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით ჩუენ უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა თქუენითა შემზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთაჲთა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

კონდაკი:

მთავარანგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოჲსა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცთომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით და დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერისმთავარნო.

 

 

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.

დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს – ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე „დღესამერვესა“, როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. წმიდა მამები სამყაროს არსებობის ხანას სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირებენ, შვიდი ათასწლეულის შემდეგ („რამეთუ ათასი წელიწინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე“; ფს. 89, 4) კი უნდა დადგეს „დღე მერვე“, „რაჟამს მოვიდეს ძეკაცისაჲ დიდებითა თჳსთა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა“ (მთ. 25, 31).

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი.ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.

სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას.

ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი (კოლ. 1, 16), რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.

უფლებანი (კოლ. 1, 16) ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულმართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში.

ძალნი (1 პეტ. 3, 22) ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტისმადლს გარდამოავლენენ.

ხელმწიფებანი (1 პეტ. 3, 22; კოლ. 1, 16) ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს.

უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

საწყისნი (კოლ. 1, 16) მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთსამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ;

მთავარანგელოზნი (1 თეს. 4, 16) უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.

ანგელოზნი (1 პეტრ. 3, 22) ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“) – ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე.

მთავარანგელოზ მიქაელს – მძლეველს ყველა მტრული ძალისა – ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ – ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული.ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს. საღვთო წერილიდან და წმიდა გადმოცემიდან ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: 

გაბრიელი – სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) – ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე,უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

რაფაელი – ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათიკი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს. მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულუცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

ურიელი – ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით,  იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე   მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.

სელაფიელი – მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არისმკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვითმდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელშიანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

ეგუდიელი – ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ისითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელსმარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი – შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტიიმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათთავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.

ვარახიელი – კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაშიმთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდისნიჭთა სიმბოლოა.

წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36). იგი საღვთოსიყვარულის აღმძვრელია და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა.

მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.

 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

Exit mobile version