ტროპარი: მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგვიფარენ განსაცდელთაგან.
სხვა ტროპარი: ცრემლთა მდინარითა უდაბნოი უქმი მოიმუშაკე, და სიყრმით სულისათ სულ თქმათა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო საბა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: სიყრმითგან მსხვერპლად ღმრთისა უბიწოდ შეწირულ იქმენ და კეთილითა მოქალაქობითა ნეტარებაჲ მოიგე, უწინარეს შობისაცა სარწმუნოდ ღმრთისად გამოსჩნდი ღირსთა ყოველთა განმაშუენებელ, ნეტარო საბა, რამეთუ უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ, ღირსო, რომლისათჳსცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადპატიოსანო.
ღირსი საბა განწმედილი V საუკუნეში დაიბადა კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების, იოანესა და სოფიას ოჯახში. წმიდანის მამა მხედართმთავარი იყო. ერთხელ იგი სამსახურის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნეს და მეუღლეც თან წაიყვანა. ხუთი წლის ძე ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად.
გავიდა ხანი. წმიდანის სანათესაოში მისი მამის ქონების გამო შფოთი და მტრობა ჩამოვარდა, სიყრმიდანვე უფლისგან შეყვარებულმა საბამ კი ყოველივე ამაოდ შერაცხა და მახლობლად მდებარე ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. ამ დროს იგი რვა წლისა იყო. ნათესავები ბევრს ეცადნენ, საერო ცხოვრებისკენ მოებრუნებინათ ყრმა, მაგრამ ამაოდ.
გულისხმიერმა ყრმამ სწრაფად შეისწავლა წმიდა წერილი „და ყოველი წესი მონაზონებისაჲ“, ჩვიდმეტი წლისა ბერად შედგა, „სული თჳსი დაიმდაბლა მარხვითა. ჴორცნი შრომითა დააჭნვნა“, ყველა მოწესეს გარდაემატა სიმდაბლით, მორჩილებითა და ღვთისმსახურებით. წმიდა ცხოვრებისთვის საბას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა.
ფლაბიანოსის მონასტერში გატარებული ათი წლის შემდეგ საბა იერუსალიმში გაემგზავრა, აქედან კი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) ლავრას მიაშურა. ღირსმა ექვთიმემ წმიდანს ამბა თეოქტისტეს სავანეში წასვლა ურჩია. უფლის რჩეულმა მდაბლად მიუგო: „ვითარცა მიბრძანო, ეგრეცა ვყო“.
წმიდა საბა ოცდაათი წლის ასაკამდე ამ მონასტერში იმყოფებოდა მორჩილად, წინამძღვრის – თეოქტისტეს გარდაცვალების შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე იგი არაფერს ჭამდა. გამუდმებით ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს. რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო ხუთი წელი.
ღირსი ექვთიმე ყურადღებით ადევნებდა თვალს ახალგაზრდა ბერის მოღვაწეობას. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ კი (+473), წმიდა საბა ნეტარი გერასიმეს (+475; ხს. 4 მარტს) სავანის სიახლოვეს დამკვიდრდა და „გამობრწყინდა, ვითარცა მთიები, იორდანისა უდაბნოსა“.
ერთხელ უფლის ბრწყინვალე ანგელოზი წარდგა ნეტარი საბას წინაშე და უბრძანა, სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრებულიყო. მოსაგრე დამორჩილდა ზეციურ კურთხევას. საბას ახალი სენაკი ძნელად მისასვლელი იყო: იგი საბლით ადიოდა და ჩამოდიოდა. თანდათან წმიდანის ირგვლივ მოწაფეები მომრავლდნენ. ჯერ მცირე ეკვდერი ააგეს, შემდეგ კი ცეცხლოვანი სვეტით უფლისგან სასწაულებრივ მინიშნებულ მღვიმეში მცირე ტაძარიც მოაწყვეს; აშენდა სენაკებიც. ასე წარმოიშვა დიდი ლავრა. საბამ ამ სავანისთვის შექმნა პირველი წეს-განგება, „იერუსალიმის“ სახელით ცნობილი, რომელიც შემდეგ პალესტინის ყველა სავანემ მიიღო.
წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, მაგრამ უფლის ნება სხვაგვარი იყო: მთავარეპისკოპოსმა თითქოს რაღაც სხვა გარეშე მიზეზით იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად დაასხა ხელი.
უფლის რჩეული ახოვნად იბრძოდა მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმიდის დასაცავად. ასე მაგალითად, მწვალებელმა სევერუსმა დიდი კადნიერება ჰპოვა უსჯულო მეფის, ანასტასის წინაშე და ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ეს რომ წმიდა საბამ გაიგო, იერუსალიმში ჩავიდა უდაბნოში მოღვაწე ბერების თანხლებით და საჯაროდ შეაჩვენა სევერუსი და მისი მწვალებლური მოძღვრება: „შე-მცა-ჩუენებულ არს სევერი და რომელნი მას ეზიარებიან!“
ანასტასიმ მხედართა რაზმი გაგზავნა იერუსალიმში, იქაური მართლმადიდებელი მღვდელმთავარი ელია გადააყენა და მის ნაცვლად მწვალებლობისკენ მიდრეკილი იოანე დაადგინა. საბა და სხვა მეუდაბნოე მამები კვლავ შეიკრიბნენ იერუსალიმში და ისევ საჯაროდ შეაჩვენეს ერეტიკოსები. ანასტასიმ გადაწყვიტა, ქალაქიდან გაესხა მართლმადიდებლობის მოსარჩლე მამები, მაგრამ „ყოველნი მონაზონნი უდაბნოჲსანი“ აღსდგნენ წინამძღვრების დასაცავად და უღმრთო ხელისუფალი აიძულეს, რისხვა დაეცხრო.
წმიდა საბამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება: დასნეულებულმა, ოთხი დღე „არარაჲსაჲ გემოჲ იხილა, არცა ვის თანა ზრახვიდა“, შაბათ საღამოს კი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და 532 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.