ქვათახევის წამებულნი

23 აპრილი. დედანი და მამანი ქვათახევში წამებულნი

წმიდა დედანი და მამანი, თემურ ლენგის მიერ ქვათახევის* მონასტერში წამებულნი (+1386)

 

 გიორგი ბრწყინვალის ძისწულის, ბაგრატ V-ის მეფობის დროს, ჩვენს ქვეყანას უფალმა სასჯელი გარდამოუვლინა ცოდვებისთვის: სამარყანდელი თემურ ლენგი 1386-1403 წლებში შვიდგზის შემოესია საქართველოს ურიცხვი ლაშქრით  „რომელსა ვერ იტევდნენ მთანი და ველნი და ყოველნივე არენი და სანახნი საქართველოისნი“. მტერმა იავარ-ჰყო და პირისაგან მიწისა აღგავა მრავალი ეკლესია-მონასტერი. შვიდგზის მიიღო ქართველმა „ვნებაი მისგან მახვილისა მიერ ტყვეობისა და ცეცხლისა და შენობითთა საფუძველთა აღმოყრისა“. მისი II ლაშქრობისას მოხდა ქვათახევის* მონასტრის დარბევა. (* ქვათახევი – XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი. მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდ. კავთურის სათავესთან. ქვათახევს ქვაბთახევსაც უწოდებენ. ამ სახელების წარმოშობის ვერსიები ასეთია – რადგან მონასტერი კლდოვან ქანებშია აგებული, ქვათახევი უწოდეს. ქვაბთახევი კი გამოქვაბულების არსებობას, უძველეს ბერმონაზვნურ ცხოვრებას უკავშირდება.  პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს. სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ. თამარს უკავშირებს.) მან უწყალოდ დაახოცია არა მხოლოდ მონასტრის მკვიდრნი, არამედ იქ თავშეფარებული საერო და სასულიერო პირები, დედანი და მამანი, რომლებიც საქართველოს ეკლესიამ წმინდათა დასში შერაცხა.

თემურ ლენგი (1336-1405), ბარლასთა გათურქებული მონღოლური ტომის წარმომადგენელი, მონღოლთა იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა და სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც ამ გზაზე წინ გადაეღობებოდა.* (თემურლენგი, ტამერლანი (დ. 1336 – გ. 1405) – შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი (1370-1405), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ჭაბუკმა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ვილაიეთის მმართველი გახდა (1362) და ცოლად შეირთო ბალხისა და სამარყანდის მფლობელის ჰუსეინის და. 1362 წელს ფეხში დაიჭრა და ამის გამო თემურლენგი~ (ტაჯიკურადკოჭლი თემური~) შეარქვეს. ორგანიზატორული და სამხედრი ნიჭის წყალობით იგი ჰუსეინთან ერთად სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ლაშქარს. 1370 წელს თემურლენგმა ემირის წოდ ება მიიღო და ჩინგიზ-ყაენის შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა მავერანაჰრს. თემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა კონგლომერატს. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული. თემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სამარყანდი. თემურლენგის პოლიტიკა მიმართული იყო, შუა აზიის გაერთიანებისაკენ, და დაპყრობითი ომებისაკენ.) იგი თავის მთავარ მეტოქედ თვლიდა ჩრდილოეთის ურდოს ყაენს თოხთამიშს, რომელთან ბრძოლასაც მან თითქმის 15 წელი შეალია. დაამთავრა თუ არა შუა აზიის გაერთიანება, დაიწყო მზადება ირანისა და მის დასავლეთით მდებარე ქვეყნების დასაპყრობად. ამ მიზნით, მან სამი დიდი ლაშქრობა მოაწყო. ეს იყო ე.წ. სამწლიანი (1386-1389), ხუთწლიანი (1392-1397) და შვიდწლიანი (1399-1405) ლაშქრობები. თემურ ლენგი უზომო სისასტიკეს იჩენდა დაპყრობილი ხალხების მიმართ და არაადამიანური თვისებების გამო უამრავ საშინელებას სჩადიოდა.

მაგალითად, ქ. ისპაჰანის აღების შემდეგ, 70000 კაცს თავი მოჰკვეთეს და თავებისგან კოშკები ააგეს. ინდოეთში ლაშქრობისას, ქ. დელის აღების შემდეგ 100 000 კაცს თავი მოჰკვეთეს თავიანთი ცოლ-შვილის თვალწინ და ქალაქი ისე გადაბუგეს, რომ ერთი საუკუნის მანძილზე მისი აღდგენა ვეღარ შეძლეს. ქ. ისფაზარის აღებისას მან 2000 ცოცხალი ადამიანი ჩაატანინებია კედელში და დუღაბი დაასხმევია. სივასის აღებისას კი ცოცხლად დამარხეს 4000 სომეხი.

თემურთან განცდილი რამდენიმე მარცხის შემდეგ, 1385 წელს თოხთამიში 90 000-იანი ლაშქრით გადმოვიდა კავკასიონის უღელტეხილების, დარუბანდისა და დარიალის გადმოსასვლელებით, და ჩრდილოეთ ირანს შეესია,  რომელსაც თემური თავის სამფლობელოდ თვლიდა, თოხთამიშმა ალყა შემოარტყა თავრიზს, სადაც მას თემურის ისტორიკოსის თქმით, „ურწმუნოებიც“ ახლდნენ, სავარაუდოდ ქართველები, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო და ოქროს ურდო მოკავშირეები იყვნენ. ამით უნდა აიხსნას ის, რომ 1386 წელს, თავრიზის აღების შემდეგ, თემურ ლენგი, პირდაპირ საქართველოსკენ გამოემართა.

ამ დროს საქართველოში ბაგრატ V * მეფობდა და მისი სამეფოს საზღვრებში აღარ შემოდიოდა ნახჭევანი, გარნისი და კარი.  (*ბაგრატ მეფე  – ტრაპიზონელი ისტორიკოსი მიქაელ პანარეტოსი, რომელიც პირადად იცნობდა ბაგრატ V-ს, მას გამოჩენილ სარდალს~ უწოდებს. სომხურ მწერლობაშიც ბაგრატ Vძლევამოსილისა და ძლიერის~ სახელითაა მოხსენიებული. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ საქართველო თუმცა ეკონომიურად დაქვეითებული იყო და სამეფოს დაშლის ტენდენცია თანდათანობით თავს იჩენდა, ბაგრატ V-ის ხელისუფლება მაინც მთელ საქართველოზე ვრცელდებოდა. მისი სამეფოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი (ტრაპიზონის იმპერიასთან) მაკრიალის ხეობას გასდევდა, მაკრიალი, გონია, აჭარა, შავშეთ-კლარჯეთი, მესხეთი საქართველოს ეკუთვნოდა. ქ. ანისი და მისი ოლქი წინანდებურად ბაგრატ V-ის სამეფოს შემადგენლობაში იყო. ბაგრატ V-ის ხელისუფლებას ცნობდნენ დვალეთი და ოსეთი. მეფე ბაგრატ V-ის მეფობის დასაწყისში საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა. 1366 წელს მისი მსხვერპლი გახდა დედოფალი ელენე, რომლისაგანაც მეფეს ორი ძე გიორგი და კონსტანტინე ჰყავდა. სავარუდოდ, ტრაპიზონის იმპერატორის, ბასილის ასული, ელენე დიდი კომნენოსი. ელენეს გარდაცვალების შემდეგ 1367 წლის ივნისში ბაგრატ V დაქორწინდა ტრაპიზონის იმპერატორის, იოანე-ალექსი III-ის ასულ ანა კომნენოსზე, რომლისაგანაც შეეძინა მესამე ვაჟი დავითი. იმ წელსვე მან ჩაახშო სვანთა აჯანყება.) თემურმა სწორედ ეს გამაგრებული პუნქტები აიღო და საქართველოში შემოსასვლელად საუკეთესო პლაცდარმები დაიჭირა. 1386 წლის გვიანი შემოდგომით, უჩვეულო ყინვების დროს, თემური სამცხეში შემოიჭრა. იქიდან კი თრიალეთსა და ალგეთზე გამოვლით თბილისს მოადგა და ალყა შემოარტყა. ბაგრატ მეფე ელოდა ამ შემოსევას, და თბილისი კარგად ჰქონდა გამაგრებული და დაცული, ამიტომ თემური საგულდაგულოდ მოემზადა მის ასაღებად _  ქალაქისაკენ მიმავალი გზები შეკრა, ირგვლივ საბრძოლო მანქანები, მათ შორის ცეცხლმსროლელი რანდანდაზები განალაგა და პირადად ჩაუდგა სათავეში შეტევას.

მეფე ბაგრატმა მიზანშეუწონლად მიიჩნია გენერალური ბრძოლის გამართვა მტრის უზარმაზარ ლაშქართან. მისი ბრძანებით მეციხოვნეები დღეში ორ-სამჯერ გამოიჭრებოდნენ გალავნის გარეთ, თავს ესხმოდნენ მოალყეებს და დიდ ზიანსაც აყენებდნენ. მაგრამ თემურს ჰქონდა იარაღი, რომელიც ჯერ ქართველებს არც კი ენახათ აქამდე. კედლების დასანგრევად მტერმა ზარბაზნები გამოიყენა, რომელმაც ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა. 1386 წლის 21 ნოემბერს თემურის რკინისჩელტებაფარებული მეომრები ქალაქის გალავანზე გადავიდნენ და თავად ლანგ თემურის მეთაურობით ქალაქში შეიჭრნენ. მეფე ერთხანს იგერიებდა მათ შიდა ციხეში, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დანებებოდა. მეფე-დედოფალი და მათი ვაჟი დავითი ტყვედ აიყვანეს. მოსახლეობა – ზოგი დახოცეს, ზოგი ტყვედ წაასხეს. ქალაქი პირწმინდად გაძარცვეს – მრავალ ძვირფასეულობასთან ერთად თემურ ლენგს თბილისიდან წაუღია სამეფო სასახლეში დაცული მდიდარი ბიბლიოთეკა, თბილისში კი გარნიზონი ჩააყენა და აღმოსავლეთისკენ გასწია. ამ გამარჯვების აღსანიშნად თემურ ლენგსა და მის სარდლობას ყარაიას ველზე დიდი ნადირობა გაუმართავს*. (* თემურ ლენგი 1394 წ. კვლავ წამოვიდა საქართველოზე, ოთხი სარდალი სამცხის ასაოხრებლად გაგზავნა, თვითონ კი დარიალის ხელში ჩასაგდებად არაგვის ხეობაში შეიჭრა, მაგრამ ქართველთა წინააღმდეგობის გამო ამ მიზანს ვერ მიაღწია. 1399 წ. ინდოეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულმა თემურმა, მეფე გიორგი VII-ზე შურისძიების მიზნით, რომელმაც წინა წელს ნახჭევანთან მისი რაზმები გაწყვიტა, სასტიკად დაარბია ჰერეთ-კახეთი. კიდევ უფრო მასშტაბური იყო თემურის მეხუთე შემოსევა 1400 წელს, როდესაც მან დაამარცხა ქართული ლაშქარი, ბრძოლით აიღო თბილისი და სასტიკად მოაოხრა მთელი ტერიტორია ტაომდე. ამ ლაშქრობის შედეგად საქართველოდან 60 ათ. ტყვე წაიყვანეს. 1402 წ. თემურლენგის ჯარებმა იერიშით აიღეს და დაანგრიეს თორთუმის ციხე ტაოში. თემურის ბოლო, მეშვიდე, შემოსევა საქრთველოში 1403 წ. შედგა, როდესაც მან რბევა-თარეშით გადაიარა ქართლი და შეიჭრა იმერეთში, სადაც 700-მდე დასახლებული პუნქტი გაანადგურა. ქართველები მას ყველგან მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ, მსხვერპლი ორივე მხარეს დიდი იყო, ომს ბოლო არ უჩანდა. თემური დარწმუნდა, რომ საქართველოს იგი ვერ დაიპყრობდა. ქართველებიც სისხლისაგან იყვნენ დაცლილი. ამიტომ მოწინააღმდეგეებს შორის დაიდო ზავი – გიორგი VII-მ ფორმალურად აღიარა თემურ ლენგის უზენაესობა.)

ამის შემდეგ თემური აგრძელებს სვლას კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და გზადაგზა მუსრს ავლებს მოსახლეობას. აქაური ქვეყნებიდან მხოლოდ შარვანი გადაურჩა მტრის რისხვას. მისი მმართველი შეიხ იბრაჰიმ დერბენდი წინ მიეგება თემურს ძვირფასი ძღვენით და ქვეყანა აოხრებას გადაარჩინა. ბაგრატ მეფე თავისი ცოლ-შვილით თემურს თან მიჰყავდა.

გამოსაზამთრებლად თემური ყარაბაღში დაბანაკდა. აქ მან ბაგრატ მეფე იხმო და გამაჰმადიანება მოსთხოვა. სამაგიეროდ კი მეფის ტიტულის შენარჩუნებასა და სხვა ტყვეებთან ერთად განთავისუფლებას ჰპირდებოდა. კარგა ხანი ვერ მოდრიკეს ბაგრატი, მაგრამ ბოლოს “უღონოქმნილი ყოვლისაგან კაცობრივისა შეწევნისა“, დათანხმდა, რომ ტყვეობიდან თავი დაეღწია და დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩასდგომოდა, მან მოტყუებით მოიმადლიერა თემურ ლენგი და ქართლში თავისი პატივის შენარჩუნებით დაბრუნების ნებართვაც მიიღო. ბაგრატ მეფის თხოვნით თემურ ლენგმა მეფეს თან გამოაყოლა თორმეტათასიანი სპა, რომელიც მას თითქოს თავისი სამეფოს გამაჰმადიანებაში უნდა დახმარებოდა. ხუნანს მიახლებულმა ბაგრატმა თავის ძეს, გიორგის მოუწოდა ლაშქრითურთ და ისინიც ვიწრო ხეობაში ჩაუსაფრდნენ მტერს და „აღსწყვიდა. მახვილთა ერთიცასა ბარბაროსთაგანიცა განურინებელად“.

ცნობამ ლაშქრის განადგურების შესახებ და ბაგრატის ღალატმა განარისხა თემურ ლენგი და 1387 წლის გაზაფხულზე წამოემართა მასზე შურის საძიებლად. საქართველოს სამეფო კარი ამას მოელოდა და მომზადებული დახვდა მტერს. მოსახლეობა მთებში იყო დახიზნული. ქართული ჯარი ბაგრატისა და გიორგის წინამძღოლობით მტერს მტკიცედ დაუხვდა, პირველი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ თემურ ლენგმა დამხმარე ლაშქარი მოიშველია, დაქანცულ ქართველებს ახალი ძალით შეუტია და უკან დაახევინა, რადგან რიცხოვნობამ თავისი გაიტანა – „სპითა სიმრავლისაგან თათართასა მძლე ექმნეს თათარნი“. თათრებმა მოაოხრეს თბილისი, ნისანი, კალისი, ქართლის ქალაქები და სოფლები დაწვეს, წმინდა ეკლესიები დაარღვიეს და „ესრეთ მარბიელობით“ ჩააღწიეს ქვათახევის მშვენიერ მონასტრამდე.

ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულთა მფარველობის ქვეშ იყო, ჩვენამდე მოღწეულია მეფე ლაშა-გიორგის შეწირულობის სიგელი ქვათახევისადმი… „ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მონასტრის მისის ქვათახევისდა, სალოცველად და წარსამართებლად მეფობისა ჩუენისად“.

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, ესენია: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო და საცხოვრებელი სენაკები.

თავისი გეგმით, ხუროთმოძღვრული ფორმებით და ფასადთა მორთულობით ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია  XII ს.-ის დასასრულის და XIII ს.-ის დასაწყისის ტიპური ძეგლია. გადმოცემით, მონასტრის საფუძველში ჩაუტანებიათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ნაწილიო, – ბრძანებს პლატონ იოსელიანი. ჩუქურთმათა სიმდიდრით, მრავალფეროვნებით და მათი შესრულების მაღალი დონით ის ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშია. იგი იმ ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული ჯვარგუმბათოვანი ტაძრის კანონიკური ფორმები. ქვათახევის მონასტერი არქიტექტურული თვალსაზრისით ახლოსაა ბეთანიის ეკლესიასთან. ფასადები მოპირკეთებულია თლილი თეთრი ქვის კვადრებით. შიგა სივრცეს ჯვრის მკლავები და გუმბათი ქმნის. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავებთან შედარებით უფრო გრძელია და კამარებითაა გადახურული. ტაძრის გუმბათის ყელში, თაღებქვეშ მოთავსებული 12 წვრილი და მაღალი სარკმელია. გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. ტაძარი მოხატული ყოფილა, მაგრამ ხანძარმა მოხატულობა სრულიად გაანადგურა და ამჟამად კედლები შელესილია. ფასადები უხვადაა დეკორირებული, გუმბათი მთლიანად მდიდრული ჩუქურთმებითაა შემკული. ეკლესიას მაშინ ერთი კარიბჭიანი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან, ხოლო დასავლეთისა XVII ს.-ის II ნახევარში მიუშენებიათ წინამძღვარ ნიკოლოზ ჩხეიძის თაოსნობით.

ქვათახევის მონასტრის გალავნის კედლები სხვადასხვა სიმაღლისაა, რადგან იგი რთულ რელიეფს მიუყვება. კარიბჭე სამხრეთითაა. დასავლეთითა და სამხრეთით სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებია განლაგებული. გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ნატეხი ქვით ნაგები სატრაპეზო დგას, რომელშიც ორი დიდი ბუხარია შემორჩენილი. დასავლეთით XIX საუკუნით დათარიღებული საცხოვრებელი სენაკებია მიშენებული, რომლებსაც წინ საერთო დერეფანი აქვთ. გალავანში ასევე ჩართულია ნატეხი ქვით ნაგები, ორსართულიანი კოშკი. ორივე სართული საცხოვრებლად იყო განკუთვნილი. კოშკი მრავალჯერ გადაუკეთებიათ. სამრეკლო 1872 წელსაა აგებული. იგი გეგმით ხუთწახნაგა ნაგებობაა, რომელიც ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. სამრეკლო ყველა მხარეს გახსნილია სვეტებზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღებით. აქვს ქვის კონუსური სახურავი.

 ***

თემურ ლენგის ლაშქრის შეჭრისას ქვაბთახევის მონასტერში დედები ცხოვრობდნენ, თუმცა მის ეზოში თავი შეუფარებიათ სხვა მონასტრის მონაზვნებს, მღვდლებს და მოსახლეობას „გარემო მახლობელთა მონასტერთაგანნი მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღვდელნი და დიაკონნი და თვით მონასტრისა მის ძმანი“. გარდა სასულიერო პირებისა, „ერისკაცთა მათ სიმრავლე სოფელთაგან მახლობელთა იყო არა მცირეი“. ბარბაროსებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, და მთელი სიმდიდრე გამოზიდეს „განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარი იყო მონასტერი იგი“, ღვთის სამკვიდრებელში შესულმა უღმრთოებმა შეაგინეს წმინდა ტაძარი – გააშიშვლეს მახვილები, ჰკაფდეს უწყალოდ ვენახსა მას სიტყვიერსა ანუ ხილნარსა მტილისა ღუთისასა~, უფლის ღირს მონათა ცხედრები ცის ფრინველთა საჭმელად და „მხეცთა ქუეყანისათა~ საჯიჯგნად დატოვეს. როცა ბარბაროსებმა კვლისა და ტყვეთა შეკვრისაგან მოიცალეს, წმინდა სამღვდელო კაცთა, მონაზონთა, ქალწულთა და მოწესეთა დაცინვა დაიწყეს - ეჟვნები შეაბეს მათ, თვითონ კი ეშმაკისგან გაგიჟებულებმაიწყეს ხლდომად და როკვად“. „ვაი ჩუენდა, მონაზონთა“ – ქვითინით და ვაებით გოდებდნენ მოწამეები. ამის შემდეგ ბარბაროსებმა ყველა იქ მყოფს მიმართეს: ან უარყავით ქრისტე, ან შეკრულებს შეგყრით ეკლესიაში, შეშას შემოგიწყობთ და დაგწვავთო. ტყვექმნილნი პასუხობდნენ: ჩვენ უკუე მიცემულთა ხელთა მიმართ თქუენთა ცოდვათათვის ჩვენთა, რომელნი ვქმნენით და განვარისხეთ შემოქმედი ჩვენი და ღმერთი და არა თუ სიმართლისათვის თქუენთა ვესავთ, ვითარმედ განგვწმიდნეს პატიჟთა ამით დროებითითა და განგვისვენნეს უწელიწდოებითსა შინა საუკუნოსა. ვერა რაიმემან განმაშორნეს სიყუარულსა მას ქრისტესსა, ჭირმან, ანუ იწროებამან, დევნამ, ანუ სიყმილმან, შიშლოებამან, ანუ ურვამან, ანუ მახვიილმან, არა რაიმეღა ჩუენდა ღვთისა მიმართ მისართუმელ დროსა მას~. მოწამენი ერთმანეთს ამხნევებდნენ და გალობდნენ ფსალმუნის სიტყვებს -შენთვის მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კულადნი~. როცა მარტვილნი ეკლესიის კარებთან მიიყვანეს, ასე მიმართეს უფალს: „შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა, უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა, მტერთა ჩემთათ?ს წარმართე შენ წინაშე გზაი ჩემი“.

ღვთის ტარიგნი ბარბაროსებს ეუბნებოდნენ – `აღანთენით ხორცნი, ბოროტმსახურნო, რათა ცეცხლითა საღმრთოითა მთებარენი სულნი უბრწყინვალეს მზისა განბრწყინდეს სასუფეველსა შინა ზეციურსა მამისასა, ნუ იცადებთ შეწირვასა ჩუენსა, რათა სახილველ ვიქმნეთ სოფლისა და ანგელოსთა და კაცთა, დაღაცათუ ჯერეთ სურვილსა ჩუენსა მხოლოდ უფალი ჰხედავს და სიმართლისათვის ჩუენისა ნუგეშინისა გვცემს~.

მაშინ მტარვალებმა ქრისტეს წმინდა ტარიგნი ტაძარში გამოკეტეს, უფრო მეტი შეშა მოზიდეს და დიდი ცეცხლი აღაგზნეს. თავწარკვეთილთა სისხლით გაჯერებული მიწა იწვოდა, ცეცხლის ალი ზეცამდე ადიოდა, ხშირი ნაკვერჩხლები ცვიოდა, „ქუხილსა სახმილისასა მთანიცა ხმას სცემდნენ“, ქრისტესთვის ყოვლადდასაწველთა ნეტარი სულები კი გალობდნენ: „აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მონანი უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მას უკუნისამდე“. ასე შეიწირნენ ღვთის მიმართ ტარიგნი უბიწონი. ტაძრის იატაკზე კი მათ დამწვარი სხეულების კვალი აღიბეჭდა: „და ვიდრე დღეინდელად დღემდე იხილვების შინაგან იატაკსა ზედა წმინდასა ეკლესიისასა დამწვარი სახენი მათნი დღესაცვე ზედან სხენან“,  ზოგი მათ სახესაც ხედავდა.

„…მაგრამ ყველაზე დიდი კვალი ის არის, რაც მათ დატოვეს საქართველოს ისტორიაში, ეკლესიის ისტორიაში, ყოველი მორწმუნე ადამიანის გულში, იმ ადამიანებისა, რომლებიც მოდიან და მათგან ითხოვენ შემწეობასა და მეოხებას ღვთისას. აი, ეს არის მათი წარუშლელი კვალი“ – იტყვის ექვსი საუკუნის შემდეგ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი ანდრია ქვათახევის წმინდა მოწამეთა ხსენების დღეს, 23 აპრილს.

ტაძრის იატაკი დღემდე ხელუხლებელი* დარჩა და იქ ახლაც შეიმჩნევა ცეცხლის კვალი, ამიტომ იგი იმდენად წმინდად მიიჩნეოდა (* გარდამოცემით აქ რამოდენიმეჯერ დაუსხიათ ცემენტი და ყოველი დასხმის შემდეგ იგივე ლაქები კვლავ ჩნდებოდა.). პლატონ იოსელიანი წერს, რომ იმ ტრაგიკული დღის შემდეგ ქალებს არათუ ტაძარში, არამედ მონასტრის ტერიტორიაზეც კი არ ჰქონდათ ფეხის დადგმის უფლება. მონასტრიდან ერთი ვერსის დაშორებით მაჩვენეს ნანგრევები ქვის კედლისა, რომელიც ქალებს მონასტრისკენ მიმავალ გზას უკეტავდა;

 დარბეული მონასტერი მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1443) `მრავლითა ჭირითა და რუდუნებითა~ აღუდგენია და რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ნიში აუგია, საიდანაც ქალები ევედრებოდნენ ღვთისმშობელს. ამ წესს 1796 წლამდე ასე მკაცრად და უცვლელად იცავდნენო – უთქვამს პლატონისთვის დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარს, იოანეს. 1821 წლიდან კი ტაძარში ფეხშიშველნი ან მხოლოდდამხოლოდ საგანგებოდ შეკერილი რბილი ფაჩუჩებით (საგანგებო ქოშებით) შესულიყვნენ, რომლებიც ტაძრის წინკარში ინახებოდა. ვერავინ ბედავდა ამ ადათის დარღვევას. ეს ტრადიცია მაჰმადიან დამპყრობლებსაც კი დაუცავთ. (ტაძარში ახლაც შეხვდებით ფეხშიშველა მომლოცველებს) პლატონ იოსელიანი ორ ასეთ ამბავს ჰყვება. ერთხელ თურქეთის ფაშა, რომელსაც რეზიდენცია გორში ჰქონდა, კავთისხევის მთებში წასულა სანადიროდ. გზად მისთვის ქვაბთახევის მონასტერში ქართველთა წამების ამბავი მოუყოლიათ. ფაშამ თურმე სავანის მონახულება მოინდომა და მცველებთან ერთად მონასტრის გალავანს მიადგა. წინამძღვარი იმ დროს იქ არ ყოფილა. შეშინებული ბერები იქვე მყოფ ქართველ თავადს გაუმხნევებია და კარის გაღება უთხოვია. ბერებმა ფაშას შეწყალება სთხოვეს. მე თქვენი ვარ და თქვენ – ჩემი, რისი გეშინიათო, – დაამშვიდა თურმე თურქმა, – მოდით, მთელ საქართველოში განთქმული თქვენი ტაძარი მაჩვენეთო. ერთმა ძმათაგანმა, რომელმაც თურქული იცოდა, ჰკადრა დამპყრობელს: ჩვენ, დიდი სულთნის ქვეშევრდომნი, მორჩილნი ვართ ჩვენი სჯულისა; ერთსა გთხოვთ მხოლოდ – იმ ღვთის გულისთვის, ვის სადიდებლადაც არის აგებული ეს ტაძარი, დაემორჩილოთ ჩვენს ტრადიციას და მუსულმანთა სჯულის მიხედვით ფეხშიშველი შებრძანდეთო. თანახმა ვარო, – ბრძანა ფაშამ, ფეხთ გაიხადა და ორ ფეხშიშველა მხლებელთან ერთად შევიდა ეკლესიაში. ტაძრის დათვალიერების შემდეგ ფაშამ უხვად დაასაჩუქრა მონასტრის ძმები.

მეორე ამბავი კი XVIII საუკუნეში მომხდარა. ნადირ შაჰის ჯარი ქართლში ხარკის აკრეფისას თურმე ქვაბთახევის მონასტერსაც მიადგა, თუმცა შაჰს ეს არ უბრძანებია. მტრის რაზმს პავლე წინამძღვარი გამოეგება და ძვირფასი საჩუქრებით სცადა მეთაურის გულის მოგება – ოქროს თასი და ძვირფასი იარაღი მიართვა. მან თავდაპირველად თურმე იუარა, მაგრამ მერე მოლბა, ფეხზე გაიხადა და ისე შევიდა ტაძარში (შემდგომში ეს ხანი კახეთში, ლეკებთან ბრძოლისას დაიღუპა და უნებურად გაცემული ძღვენი თეიმურაზ მეორემ უკანვე დაუბრუნა მონასტერს).

***

XV საუკუნეში სავანეს დახმარებიან გიორგი VIII, ავგაროზისძენი, ქვლივიძენი… მონასტერს არც მომდევნო საუკუნეებში მოჰკლებია მეფეთა თუ აზნაურთა მზრუნველობა.

სხვადასხვა დროს ქვათახევის მამათა მონასტერში წინამძღვრობდნენ გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწეები. XV ს-ის 60-იან წლებში ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო სამცხის ყველაზე დიდი და გავლენიანი ათაბაგის, ყვარყვარე ჯაყელის მეუღლის ნესტან-დარეჯანის (სქემაში ნინოს) მამა გერმანე (ერისკაცობაში გიორგი). 1517 წელს, ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვრად სილიბისტრო მაღალაძე იხსენიება. XVI ს-ის 50-იან წწ-ში კი ქვათახევის წინამძღვარი ფილიპე (ბარათაშვილი) ყოფილა, რომელსაც 1559 წლის 1/XII ქართლის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი დაუწერია, რომელიც წინამძღვარმა დავითმა, ის კი წინამძღვარმა თომამ შეცვალა.

1601 წელს ქვათახევის მონასტერს ოქროთი და ვერცხლის 70000 ლევი შეუწირავს სვიმონ მეფის თურქთა ტყვეობიდან გამოსახსნელად. ამ პერიოდში მონასტერს წინამძღვრობდა იოანე (ავალიშვილი), რომელიც ერისკაცობიდან ცნობილი მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი იყო. ჯერ კიდევ ერისკაცობაში გადაუწერია და მხატვრულად გაუფორმებია `ვეფხისტყაოსანი~, ხოლო წმ. მოწამე ქეთევან დედოფლის დაკვეთით გადაუწერია და შეუმკია ლოცვან-დაუჯდომელი. ჩვენთვის უცნობია, თუ როდის აღიკვეცა ბერად, თუმცა ვიცით, რომ ის ჯერ საფარის მამათა მონასტრის წინამძღვარი, შემდეგ ქვათახევის წინამძღვარი გამხდარა, 1614 წელს შაჰ აბას I-ის შემოსევის გამო წმ. ლუარსაბ მეორესა და თეიმურაზ პირველთან ერთად პატრიარქი იოანე IX იმერეთს შეეხიზნა, სადაც 1616 წელს ღვთივ განისვენა. წინამძღვარ იოანეს (ავალიშვილის) მთავარეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ წინამძღვრად იოსებ ნასიძე იქნა დადგენილი, რომლის დროსაც ქართლის მეფემ, წმ. მოწამე ლუარსაბ მეორემ ქვათახევის ტაძარში ჯვარი დაიწერა დიდი ქართველი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის დაზე.

შემდეგი წინამძღვარი, იმერეთის ერთერთი სათავადო სახლის წარმომადგენელი ტრიფილე დაახლოებით 1617 წელს, შაჰ-აბას I მიერ იქნა მოკლული და შეუერთდა ზეციურ საქართველოს საიდანაც ავედრებს ყოვლადწმინდა დედას, სავანესა და თავის ერს. უღვთოთა მიერ აღსრულებული წინამძღვრის შემდეგ წინამძღვრად დავით სააკაძე ჩანს, მისი მომდევნო „ქუათახევის წინამძღ(უ)არი პატრონი ზაქარია“ და უკვე 1620 წლის 15 ივლისით დათარიღებულ დიდი მოურავის გადაწყვეტილების წიგნში იხსენიება ქაიხოსრო ჯავახიშვილის საქმეზე, როგორც საპატიო კაცი. ის 1624 წელს წინამძღვარმა აღაპიტიმ (ერისკაცობაში ბეჟან სააკაძე) შეცვალა, რომელიც მამამისის, დიდ მოურავ გიორგი სააკაძის ნებით იქნა დადგენილი. XVII სის 50-60-იან წლებში ქვათახევის წინამძღვარი იყო ნიკოლოზი (ჩხეიძე), რომელსაც ტაძრისათვის დასავლეთი კარიბჭე მიუშენებია. შეწევნითა ამის მონასტრისათა ჩვენ წინამძღვარმან ჩხეიძემ ნიკოლოზ აღვაშენე კარიბჭე ესე მეფობისა ვახტანგისა და დედოფლობასა დადიანის ასულისა მარიამისსა~. წინამძღვარი ნიკოლოზი 1660 წლის ახლო ხანებში ქართლის ანუ სამთავროსა და გორის მთავარეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად კი XVII ს-ის 70-80-იან წლებში ქრისტეფორე დადგინდა (სავარაუდოდ, ნაცვლიშვილი; 1688 წლიდან მთავარეპისკოპოსი), რომელიც 1683 წელსხელმწიფის მეფეს გიორგისთან შელაპარაკდეს ქვათახევის წინამძღვარი ქრისტეფორე და მაღლაძენი – ნიკოლოზ სახლთუხუცესი, რევაზ და ადამ, სეხნია და მათნი ნათესავნი ქვათახევს სასაფლაოსა, სენაკსა და ბაღჩა საბოსტნეს ცილობდეს~ – სარჩელი გაარჩია და გადაწყვიტა ეპისკოპოსმა იოსებ თბილელმა, თუმც მაღლაძეებთან დაპირისპირება ამით არ ამოწურულა. მომდევნო წინამძღვარი ექვთიმე, 1691 წელს ერეკლე I ნაზარალიხანის განჩინებაში თარხნიშვილებისა და მაღლაძეების საქმეზე კვლავ როგორც მაღლაძეთა მომჩივანი იხსენიება. XVII ს-ის 90-იანი წლების II ნახევარში ქვათახევის წინამძღვარია მეფე გიორგი XI მეუღლესთან, დედოფალ ხორეშანთან დაახლოებული პირი დიმიტრი. 1700 წლისთვის კი წინამძღვარად არქიმანდრიტი ექვთიმე (თარხნიშვილი) ჩანს, რომელიც მეფე ვახტანგ VI დროსაც იხსენიება. 1716 წლის 2 აპრილს მის ნაცვლად უკვე ნიკოლოზია (ავალიშვილი) აღნიშნული, რომელიც მალევე შეცვალა წინამძღვარმა ქრისტეფორემ.

XVIII ს-ის 30-იან წწ-ში ქართლ-კახეთში ლეკთა თავდასხმების გამო აუტანელი მდგომარეობა იყო შექმნილი. ლეკიანობამ კატასტროფის პირას მიიყვანა სავანე. წინამძღვრის რეზიდენცია კავთისხევში გადაიტანეს – მონასტერში ყოფნა უკვე საშიში იყო, 1735-1740 წწ-ში იგი ბერმონაზვნებმაც დატოვეს და დაიკეტა, ხოლო აქ დაცული სიწმინდეები მონასტრის ახლოს ერთ გამოქვაბულში გადამალეს. XVIII ს-ის 40-იან წწ-ში ქვათახევში ბერ-მონაზვნები დაბრუნდნენ და მალევე წინამძღვრად არქიმანდრიტი იოანე გამოირჩიეს, რომელიც 1748 წლის თბილისის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას მღვდელმთავრების შემდეგ პირველი აწერს ხელს: „იოანე, უღირსმან არქიმანდრიტმან უპირველესისა მონასტრისა ქვაბ-ხევისა ვლაქერნისა ღვთისმშობელისამან, წარვსწერენ“. იოანე ბეჭდით ამოწმებს ასევე, „ამილახორთა მორიგების წიგნს“ საბა ნინოწმინდელი მიტროპოლიტისადმი 1746 წლის 11 მაისს, და ამავე წელს იხსენიება კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I * გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილ სასამართლოს სიგელში, ბოლოს კი მეფე ერეკლე II მიერ 1764 წლის 12 მარტს გაცემულ სიგელში. (* ანტონ I-ის მიერ 1768-1769წ.წ. დაწერილი მარტიროლოგიური თხზულებაში შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა დიდთა მოწამეთა, რომელნიცა ბრძანებითა უღმრთოYსა დემურლანგისათა ლაშქართა მისთაგან დაიწუნეს ეკლესიასა შინა მონასტერსა დედისა ღმრთისასა ქუაბთაQევს...~ აღწერილია მონღოლთა მიერ ქვათახევის მონასტრის ბერთა ეკლესიაში დამწყვდევისა და დაწვის ამბავი საქარველოში მათი 1393 წ. ლაშქრობის დროს. თხზულება წარმოადგენსმარტირიკის~ მეჩვიდმეტე თავს. ანტონ კათალიკოსს უსარგებლია ქართლის ცხოვრებაში~ დაცული ისტორიული ფაქტებით. მასალა დაუმუშავებია, ჰაგიოგრაფიული თხზულების ფორმა მიუცია და მისთვის ჩვეული რიტორიკულიშესხმა~ განყენებული სენტენციებით გაუმდიდრებია.)

არქიმანდრიტ იოანეს შემდეგ, წინამძღვრად არქიმანდრიტი ანტონი (თარხნიშვილი) გამოირჩიეს, რომელიც მონასტერში 1794 წლამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი ქვათახევი დატოვა და 1802 წელს აღესრულა. XVIII ს-ის ბოლოს, 90-იან წწ-ში არქიმანდრიტია პავლე, რომელიც 1799 წელს ლეკების მიერ იქნა მოკლული, ქვათახევის მონასტერი კი იმდენად იქნა დარბეული, რომ ახლადარჩეული წინამძღვარი არქიმანდრიტი ათანასე (თარხნიშვილი) დამკვიდრდა არა ქვათახევში, არამედ იდლეთის წმ. იოანე ნათლისმცემლის VI ს-ის ტაძარში და იქიდან განაგებდა მონასტერს. პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს: 1799 წელს პატრიარქი ანტონ II სწვევია მონასტერს, თან 500 შეიარაღებული ქართველი ხლებია. გარშემო, ბუჩქებში, ლეკნი მიმალულიყვნენ, მაგრამ ამდენ ქართველზე თავდახმას როგორ გაბედავდნენო, – ბრძანებს მემატიანე. უწმინდესს ფეხთ გაუხდია, შესულა ტაძარში, მუხლი მოუდრეკია. ასევე მოქცეულა მისი ამალაც. ცრემლი სდიოდა თურმე პატრიარქს და ისე ავედრებდა უფალს სამშობლოს, სავანეში ბერების დასახლება კი მომავლისთვის გადაუდვია და ბერები უკურთხებია, რომ დროებით იდლეთში ყოფილიყვნენ.

ამავე დროს ქვათახევი ქართლ-კახეთში კვლავ უპირველესი მონასტრის ღირსებით იყო შემოსილი და ერეკლე II (1798 წელს) და გიორგი XII დაკრძალვის ცერემონიალზე (1801 წელს) პროტოკოლით `მღვდელმთავრების შემდეგ კუბოსთან პირველები მარჯვნივ ქვათახევის, მარცხენა მხარეს კი შუამთის არქიმანდრიტები მიდიოდნენ, რომლებსაც მოძღვართ-მოძღვარნი და პროტოპაპნი მიყვებოდნენ~.

არქიმანდრიტი ათანასე 1711 წელს დაბადებულა, უკვე ღრმად მოხუცებული 88 წლისა ქვათახევის წინამძღვრად გამოირჩიეს. „ესე ათანასე… თუმცა არა იყო დია სწავლულ, გარნა სიმხნითა იყო სრული. ამან დიდად იღვაწა ქვაბთახევის მონასტრისათვის, ლანგ-თემურის მიერ შემუსვრილისა, აღაშენა საოხარი სოფელი კავთისხევი…აქვნდა პატივი მეფისა ირაკლისა და მეფისა გიორგისაგან, და დღე და ღამე იყო მზრუნველ ერისათვის თვისთა და კეთილად განვლო ცხოვრება თვისი“ – წერს მის შესახებ იოანე ბაგრატიონი. გარდაიცვალა 1807 წელს, 96 წლის ასაკში და დაკრძალეს მის მიერ განახლებულ იდლეთის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში.

მომდევნო წინამძღვარი დოსითეოსი (ერისკაცობაში დიმიტრი ფიცხელაური) კი, როგორც იოანე ბაგრატიონი წერს: „არს წერილთა შინა გამოცდილი და უბნობასა შინა რიტორი. ამან იღვაწა მსგავსად პირველისა და განაახლა ხელახლა მონასტერი და დაადგინა ბერები. ამანვე აღაშენა კარგი წისქვილი გორსა შინა და განუმრავლა შემოსავალი მონასტერსა“. 1809 წელს არქიმანდრიტ დოსითეოსის მიერ დიდი ძებნის შედეგად აღმოჩენილ იქნა ქვათახევის მონასტრის სიწმინდეები, რომლებიც ნახევარი საუკუნის წინ ბერებმა ლეკთა შემოსევის გამო გადამალეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნა.

1811 წელს ქვათახევის შიომღვიმის სავანეც მიეწერა და არქიმანდრიტი დოსითეოზი შეთავსებით შიომღვიმის წინამძღვრადაც დაინიშნა. 1810 წლის ნოემბერში კათოლიკოს პატრიარქ ანტონ მეორესთან ერთად ის სანკტ-პეტერბურგში ჩადის. 1811 წლის 20 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I ბრძანებულებით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებულად ცხადდება და დოსითეოსს იქვე ასხამენ ხელს მღვდელმთავრად და რუსეთის სინოდის მიერ გორის ეპისკოპოსად და ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად ინიშნება. 1814 წელს უკვე მთავარეპისკოპოს დოსითეოსს ახლად შექმნილი ოსეთის ეპარქიის მართვა დაევალა, მასვე დაუმორჩილეს სამწყსოდ თელავის მაზრის ქრისტიანები და კავკასიის მთის ქორეპისკოპოსის წოდება მიანიჭეს – „მონათლა რაოდენიმე სულნი ოსთაგანი და განუწესა მღვდელნი და კეთილად მწყსიდა ეკლესიასა ღვთისათა. გარნა შურითა ქსნის ერისთავთა და მუნებურისა მთავარმართებელისა ტიშევისაგან, კაცისა მექრთამისა და განუძღომელისაგან, სიცრუით შესმენილ იქნა“ და გაწვეულ იქნა მოსკოვში, სადაც 1825 წლამდე მოღვაწეობდა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1830 წელს და დაკრძალეს თბილისის ფერისცვალების მონასტერში. 1811 წელს ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვრობა არქიმანდრიტ ათანასეს (ალექსიშვილი) მიენდო, რომელიც 1822 წლის შემდეგ მოსკოვში, ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრად იქნა გადაყვანილი, ხოლო მრავალ განსაცდელს გამოვლილი ქვათახევის მონასტერი იმჟამად არსებული ე.წ. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წარდგინებით რუსეთის უწმინდესმა სინოდმა თბილისში გადაიტანა, ავლაბრის გორაზე და 1822 წლის 29 ოქტომბერს მას ფერისცვალების მონასტერი უწოდა. მასვე დაუმორჩილა შიომღვიმის მონასტერიც, სადაც გადაიტანეს ქვათახევში დაცული სიწმინდეებიც: ქვათახევის ერთ-ერთი წამებულის თავის ქალა (ზოგიერთი ცნობით წმ. თომას თავის ქალა); წმ. მოწამე ევგენის თავის ქალა, წმინდა გიორგის წვივის ძვლის ნაწილი, წმინდა თეოდორე სტრატილატის თითის ნაწილი და ქამარი, წმინდა დიდმოწამე ევსტათის წვივის ძვლის ნაწილი, წმინდა ნაწილი დიდმოწამე დიმიტრისა. აქვე მდგარა ვერცხლის პატარა კიდობანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებით, სადაც წმინდანთა ნაწილები ინახებოდა.

ქვათახევში დაცულ სიწმიდეთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო მოოქროვილი ვერცხლის თხელი ფენით დაფარული ხის სინი, რომელზედაც, გადმოცემის მიხედვით, საიდუმლო სერობისას ტრაპეზი დამზადებულა. სინი XIX ს-მდე საქართველოს ეკლესიაში ინახებოდა და მის შესწავლას სპეციალური კვლევა მიუძღვნა ი.მ ურავიოვმა. აი, რას წერს მის შესახებ პლ. იოსელიანი: „ჯერ კიდევ ჩანს ანგელოზის ფრთა და მოციქულთა სახეები (არშიაზე), მაგრამ დღეისათვის დარჩენილია მხოლოდ პეტრე მოციქულის სახე; წარწერა ქართულია, მაშასადამე სამკაული საქართველოშია გაკეთებული, დაფარულია თხელი ოქროვერცხლიანი ჩარჩოთი, მოციქულების ამოზნექილი სახეებით. ფიცარი იმდენად ძველია, რომ ხელის შეხებით იფხვნება. ჩარჩო კი მოვარდნილია. ეს სინი მთელი არ არის, ნახევარია. ეტყობა, ოვალური ფორმისა იყო. გადმოცემით, იგი საბერძნეთიდან, ბერძენთა მეფის ასულის, ელენეს მიერ არის მოტანილი. ელენე მეფე ბაგრატ კურაპალატის მეუღლე იყო“. მართალია, ქვათახევის სიწმინდეების უმეტესი ნაწილი დღეს იქ აღარ ინახება, მაგრამ მის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი.

ქვათახევის მონასტერი 1854 წ. კაპიტალურად შეაკეთებინა გიორგი XII-ის შვილიშვილმა იოანე თარხან-მოურავმა. მაშინ არქიმანდრიტი იყო ტარასი ალექსი-მესხიშვილი.

ტაძრის კანკელზე უძველესი დროიდან ხეზე შესრულებული ოქროთი შეფერილი ღვთისმშობლის მიძინების, იოანე ნათლისმცემლის, წმ. ნინოს, თორმეტი მოციქულის და სხვათა ხატები ყოფილა, რომლებზეც ხუცური წარწერები არსებულა. აქვე ყოფილა ხატი ღვთისმშობლისა ჩვილედი, რომელიც გიორგი XI-ის თანამეცხედრეს, ხორეშანს გაუმშვენებია. ტაძრის მთავარი ხატი „მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა“, კანკელზე, სამეუფო კარის მარცხნივ სამრეკლოს კართან ყოფილა დასვენებული, რომელიც ხშირად ვლაქერნისად იხსენიება და ქართველთა ლაშქარში ქართველთა საბრძოლო ხატს წარმოადგენდა. ამიტომ თვით ტაძარსაც ზოგიერთ წყაროში ვლაქერნისად მოიხსენიებდნენ. ამ ხატის წინაშე ღვთისმშობლისადმი აკათისტოს კითხვა ყოფილა დაწესებული. ღვთისმშობლის ეს სასწაულმოქმედი ხატი, რომლის წინაშეც ყოვლადწმინდა დედას შეწევნისათვის განსაკუთრებით უშვილო წყვილები ევედრებოდნენ, პლ. იოსელიანის აღწერით კაკლის ხის ფიცარზე იყო შესრულებული და სიგრძით 14 სმ. სიგანით კი 9 სმ. იყო. მასზე ღვთისმშობელი ყრმით იყო გამოსახული ხატი XVII ს-ში მეფე არჩილს მოსკოვს თან წაუბრძანებია, იქ გაუმშვენებიათ და 1751 წელს კვლავ ქვაბთახევში დაუბრუნებიათ, და მონასტერში იმყოფებოდა 1827 წლამდე, სანამ მას თბილისში ფერისცვალების ტაძარში გადაიტანდნენ. დღეს ამ ხატის ადგილსამყოფელი უცნობია. წლების წინ დაწერილი ღვთისმშობლის მიძინების ხატი კი, რომელიც ადრე ტაძრის კანკელზე დაბრძანებული ხატის ასლია, დღესაც სასწაულმომქმედად ითვლება და მას განსაკუთრებით უშვილონი ევედრებიან.

ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი კერაც იყო, დღემდე მოღწეულია მონასტრის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი. ქვათახევის მონასტერთან არსებულა სამედავითნო სკოლაც, სადაც თავის დროზე განათლება მიუღია წილკნელ ეპისკოპოს ტარასის. მისი ნათლული გახლავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

ათეისტური ხელისუფლების დროს ქვათახევში შეწყვეტილა სამონასტრო ცხოვრება, მაგრამ 90-იან წლებში მონასტერი კვლავ აღდგა სტავროპიგიალური მონასტრის სტატუსით.

2002 წელს მონასტერი სამთავისისა და გორის მღვდელმთავარს, მეუფე ანდრიას (გვაზავა) გადაეცა. მის მიერ კეთილმოწესედ დადგენილი იყო მღვდელმონაზონი დამიანე (ხუფენია) რომელიც 2013 წლის 3/X-დან სამთავისისა და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარია. დაიწყო მონასტრის რესტავრაცია, ხელახლა აშენდა სატრაპეზო, განახლდა ბერების საცხოვრებელი სენაკები, და ტაძრამდე მისასვლელი გზა. 2006 წლის მარიამობის დღესასწაულზე რამდენიმე მორჩილი აკურთხეს აქ სამოღვაწეოდ. მონასტერი მოქმედია და მასში რამდენიმე ბერი მოღვაწეობს.

 

* ქვათახევი – XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი. მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდ. კავთურის სათავესთან. ქვათახევს ქვაბთახევსაც უწოდებენ. ამ სახელების წარმოშობის ვერსიები ასეთია – რადგან მონასტერი კლდოვან ქანებშია აგებული, ქვათახევი უწოდეს. ქვაბთახევი კი გამოქვაბულების არსებობას, უძველეს ბერმონაზვნურ ცხოვრებას უკავშირდება.  პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს. სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ. თამარს უკავშირებს.

ტექსტი გადაამუშავა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა