fbpx

ღირსი იოანე სინელი – კიბე ანუ კლემაქსი

ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

 

ყველამ, ვინც ამ სიტყვას წაიკითხავს, ან მის გადაწერას მოისურვებს, უნდსა იცოდეს, რომ ამ სულთგანმანათლებელი წიგნის მთქმელის – ნეტარი მამის სახელი როდია „კლემაქსი“. არა! მას სახელად იოანე ჰქვია, ხოლო კლემაქსი წიგნის სახელწოდებაა, „კლემაქსი“ ბერძნულად „კიბეს“ ნიშნავს.

„კიბე“ იმიტომ ეწოდა, რომ ეს წიგნი სათნოებითა კიბის დარად შეიქმნა. იგი უდაბლეს საქმეთაგან იწყებს და თანდათანობით მაღლა მიიწევს, ისე რომ, წიგნის ბოლოს სათნოებათა დასრულებულ კიბეს იხილავთ.

პირველად ვინც წიგნის გამოკრებილი თავები თარგმნა, მან წმიდა მამას კლემაქსი უწოდა. ახლა კი, ვისაც სურს წიგნის სახელი მოიხსენოს, მან კლემაქსი თქვას, რაც „კიბეს“ ნიშნავს, ხოლო თუ ავტორის დასახელება სურს – მას იოანე ჰქვია.

რადგანაც პირველ თარგმანში ბევრი რამ არა სწორად იყო დაწერილი და ბევრიც – გამოტოვებული, მე გლახაკმან ექვთიმემ, ჩვენი წმიდა მამის – იოანეს ბრძანებით, ვთარგმნე ეს წიგნი ისე, როგორც მან, წმიდა მამამ (წმ. იოანე სინელმა), ბერძნულად ბრძანა, რადგანაც ტომით ბერძენი იყო.

ახლა, ვინც ამ წიგნს წაიკითხავთ, ლოცვაში მოიხსენეთ წმიდანი მამანი ჩვენნი იოანე და იოანე სვინკელი, აგრეთვე მე – ცოდვილი ექვთიმე. ვინც გადაწერას მოინდომებს, ისე გადაწერეთ, როგორც აქ წერია. თავებიც ისე გამოყავით, როგორც აქ ხედავთ, რადგანაც მე, როგორც დედანში ვნახე, ისე გადმოვიტანე – ყველა მათგანი წითლით; ნურც ამ წინასიტყვაობას გამოტოვებთ, არამედ დაწერეთ ღვთის სადიდებლად და ჩემი, ცოდვილის მოსახსენებლად.

 

გამოსაცემად მოამზადა თინათინ გოგოჩაშვილმა